ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, თავდაცვითი ხარჯების გაზრდა გააგრძელონ. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა უზრუნველყვეს ის, რომ ჯანდაცვის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისად არ იქცა, თუმცა ჩვენი დემოკრატია, ჩვენი ღირებულებები და წესებზე დაფუძნებული წესრიგი გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომაც, მზად უნდა ვიყოთ მომავალი პრობლემების წინაშე“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრებს მოუწოდა, თავდაცვითი ხარჯების გაზრდა გააგრძელონ, ინვესტიციები ჩადონ თანამედროვე შესაძლებლობებში და გააძლიერონ შეიარაღებული ძალების მზადყოფნა გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით, როგორიცაა რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმი და ჩინეთის აღზევება.
იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან თანამშრომლობას მოუთმენლად ელოდება, რადგან აშშ და ევროპა უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, როდესაც ერთად დგანან.