კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით, 26 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციასთან, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, რაც პასუხი იყო იმ ულტიმატუმისა, რომელიც მომიტინგეებმა წამოაყენეს - აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 48-საათიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქებულიყო. აქციას შეუერთდნენ მოქალაქეები, ბიზნესისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
საპროტესტო აქცია გაიმართა 24 იანვარსაც. 48-საათიანი ვადა უკვე ამოიწურა. შედეგად, ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის თქმით, ახლა მოსალოდნელია, რომ დაიწყოს საპროტესტო გამოსვლები, რომელმაც შესაძლოა, უწყვეტი ხასიათი მიიღოს. ამასთან, აქციის მონაწილეები სახელისუფლო შენობების პიკეტირებაც გეგმავენ. თუმცა, მეორე ნაწილი თვლის, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოსვლები პერმანენტულ სახეს არ მიიღებს.
აქციის მონაწილებიის განცხადებით, აუცილებელია მათ მიეცეთ ეკონომიკური საქმიანობის უფლება და ასევე ამუშავდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ადამიანებმა შეძლონ სამსახურში წასვლა, გახსნილ ობიექტებზე კი ხალხიც მივიდეს.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მზადდება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომელსაც ათასობით ადამიანი ხელს აწერს და უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება.
„საშველად და რამის სათხოვნელად კი არ ვართ აქ მოსულები, ჩვენ ვეუბნებით, რომ თქვენ არ უნდა გადაწყვიტოთ ასე - უნდა გადაწყვიტოს ხალხმა. ჩვენ რომ დაგიქირავეთ 4 წლით და შენ რომ დიქტატორი გახდი, უნდა წახვიდე ან გააკეთო საქმე - უნდა აირჩიონ“, - თქვა აქციის ერთ-ერთი მონაწილემ, ლექსო პაიკიძემ.
რამდენად არის შესაძლებელი, რომ საპროტესტო აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღოს და რა პოლიტიკურ პროცესს მივიღებთ შედეგად? - ამასთან დაკავშირებით, For.ge ანალიტიკოსებს ესაუბრა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ხასიათის გამოსვლები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია, რასაც ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს. როგორც For.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, საპროტესტო აქციები უწყვეტ სახეს არ მიიღებს, რადგან უახლოეს ისტორიაში გვახსოვს შემთხვევები, როდესაც საზოგადოებრივი პროტესტი პოლიტიკურ პროცესებში გადაიზარდა.
„არ მგონია, პოლიტიკურ პროცესებში რაიმე ცვლილება მოხდეს. ანალოგიური აქციები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია, მაგრამ ამისგან ქვეყანის ცხოვრების წესი და პოლიტიკა არ იცვლება. ეტყობა, ბუნებრივი პროცესია ამგვარი აქციები, როდესაც მონაწილეები არ ფიქრობენ იმაზე, რა მოყვება ამას და არც იმას, თუ რა უნდათ.
თუმცა, თუკი ავყვებით იმას, რა უნდათ, ჩვენ ერთხელ უკვე მივიღეთ ეს გაკვეთილი აჭარაში. ხიფათს ყოველთვის შეიცავს რეგულაციების მოხსნა. ამიტომაა, რომ რეგულაციებს ტოვებენ ყველა ქვეყანაში. ალბათ, გვახსოვს ზაზა სარალიძის ტრაგედიაზე პოლიტიკოსებმა როგორ სცადეს შედეგების მიღება.
მიხარია, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არის. საბჭოთა პერიოდში დიდი რიგები იყო ხოლმე, ამა თუ იმ საქონელზე. ახლა რომ ეს რეჟიმი გვქონდეს და მაღაზიაში დიდი რიგი გაჩნდეს, ეჭვი მაქვს, რომ პოლიტიკოსები იქვე აღმოცენდებოდნენ და ჩამოუდგებოდნენ ამ რიგის მოწესრიგებას სათავეში. პოლიტიკოსები ყველგან, სადაც ბევრი ხალხია, მიდიან. როგორ შეიძლება ასეთ სტრატეგიაზე სერიოზული ლაპარაკი?!“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ საპროტესტო აქციებმა პერმანენტული სახე მიიღოს და ეს იყოს, როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალურ-ეკონიმიკური ხასიათის.
„შესაძლებელია აქციები გაგრძელდეს, რაც იქნება პოლიტიკური და სოციალური ხასიათის. საპროტესტო აქციები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქვეყანაში, ატარებდნენ პოლიტიკურ ხასიათს, მიუხედავად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, რაც საქართველოში არსებობს.
დღეს მოთხოვნები არის, როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური ხასიათის. შესაძლებელია აქციები გაგრძელდეს და ნაკლებად შესაძლებელია, რომ ამ ეტაპზე გაიზარდოს იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აქციებში.
ხალხი უკმაყოფილოა იმ პოლიტიკით, რასაც ხელისუფლება ატარებს და შესაძლოა, სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნები გადაიზარდოს მოგვიანებით პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნებში. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ ადამიანების რაოდენობაზე, ვინც მონაწილეობას მიიღებს აქციებში“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 26 იანვარს გააკეთა განცხადება, რომ ჯერ არ იგეგმება საქართველოს ყველა რეგიონში შეზღუდვების შემსუბუქება. მისივე განმარტებით, „თუ ტესტების დადებითობა 4%-ზე მეტია, ჭორაობაა ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 8 დიდ ქალაქში შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ამ დროიდან შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, დაიხურა მოლები და ღია ბაზრობები. გარდა ამისა, ტურისტებისთვის დაიკეტა ზამთრის კურორტები. 1-ელი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში კვლავ არ იხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.