„საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია“ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ ბრძანებას აპროტესტებს და შემოსავლების სამსახურს „საქართველოს ფოსტის“ ლობირებაში სდებს ბრალს. ამის შესახებ განცხადება დღეს „საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ზაზა ჯიაძემ for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. მისი თქმით, „საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია“ თვითონ გადამზიდველების მიერ დაარსებული, დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც სწორედ გადამზიდველების ინტერესებს იცავს. ასოციაციის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან ფინანსთა სამინისტრომ გადამზიდველებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
ზაზა ჯიაძის განცხადებით, გასული წლის ოქტომბრამდე ქართული ბიზნესი მონოპოლიზებული იყო და ასეთივე მონოპოლიური სქემა გადაზიდვების სფეროშიც მოქმედებდა „საქართველოს ფოსტის“ სახით. „საქართველოს ფოსტამ“ ფუნქციონირება 2012 წელს დაიწყო და ჯიაძის განცხადებით, ვინაიდან ამ კომპანიის მოქმედება იმთავითვე მონოპოლიური იყო, მის ფუნქციონირებას უამრავი ბიზნესმენი შეეწირა. მათ შორის არის გადამზიდავი კომპანია „კარა“-ს დამფუძნებელი, თურქი ბიზნესმენი ადნარ აქიარი, რომლის ისტორია ქართული საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია (და რომელიც დღევანდე პრეს-კონფერენციას ესწრებოდა). ზაზა ჯიაძე ამბობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ბიზნესს სრულიად ახალი, თავისუფალი მოქმედების სქემა შესთავაზა. გასული წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გადამზიდავებთან შეხვედრაც მოეწყო, რამაც ბიზნესმენები ძალიან გაახარა. სამინისტრომ გადამზიდავებს შესთავაზა, თავიანთი საქმიანობა განევითარებინათ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოეყვანათ. ამის შემდეგ გავიდა ერთი თვე და ახალი შეხვედრის ორგანიზება ვეღარ მოხერხდა.
„ჩვენ გვესმის, რომ ახალ ხელისუფლებას ძალიან ბევრი საქმე აქვს და სერიოზული ტვირთი დააწვა და ამიტომ ვერ მოხერხდა ჩვენთან შეხვედრა. თუმცა ამის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა - 25 იანვარს გამოიცა ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც ჩვენს ბიზნესში მოქმედების წესს განსაზღვრავდა. ამ ბრძანების გაცნობის შემდეგ საკმაოდ გაურკვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რადგან მასში რამდენიმე გაურკვეველი და ბუნდოვანი პუნქტია. ჩვენი აზრით, ეს პუნქტები ამ სეგმენტში მოღვაწე საშუალო ბიზნესის გაზრდას, დაცვას და საერთოდაც მათ მოღვაწეობას ზღუდავს“, - აცხადებს ზაზა ჯიაძე.
მისი თქმით, ეს ბრძანება ეფუძნება წინა ხელისუფლების ფინანსთა მინისტრის მიერ გასული წლის 26 ივლისს მიღებულ N290 ბრძანებას. ზაზა ჯიაძე ამბობს, რომ ამ ბრძანებით წინა ხელისუფლებამ საგადასახადო და საბაჟო კოდექსის უგულებელყოფით არათანაბარ პირობებში ჩააყენა გადამზიდავები და მონოპოლიური პირობები შეუქმნა „საქართველოს ფოსტას“. ახალმა ხელისუფლებამ კი მიმდინარე წლის 25 იანვრის ბრძანებით მიიღო დამატებითი ნორმები, რომლებიც ჯიაძის განცხადებით, გადამზიდავების მუშაობას კიდევ უფრო ართულებს და „საქართველოს ფოსტის“ გარდა ყველა კომპანიის გაჩერებას გამოიწვევს.
მისი თქმით, პირველი ასეთი ნორმა არის გადამზიდავების დავალდებულება, რომ მათ სპეციალურ სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმაში იმუშავონ. მეორეც, ეს არის დავალდებულება, რომ დოკუმენტაცია სულ ელექტრონულ ფორმატში იყოს წარმოებული, რასაც გადამზიდავები მიესალმებიან, მაგრამ აცხადებენ, რომ შემოსავლების სამსახური ხელოვნურად ბლოკავს ამ პროგრამის ამოქმედებას. ზაზა ჯიაძე ამბობს, რომ „საქართველოს ექსპერდიტორთა ასოციაცია“ უკვე დიდი ხანია მუშაობს პროგრამაზე, რომელიც მის წევრებს საშუალებას მისცემს, უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახადონ მათი ბიზნესი.
ზაზა ჯიაძე ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში მოქმედმა გადამზიდავებმა იმუშაონ ერთ პროგრამაში, რომელიც საქართველოშია შექმნილი და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.
„დღეს ყველა გადამზიდავი მუშაობს პრორგამა „ასიკუდა“-ში, რომელიც შემუშავებულია გაეროს მიერ და ადაპტირებულია საერთაშორისო სტანდარტებთან. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფომ ამ პროგრამის ამუშავებაში ძალიან დიდი ფულადი რესურსი დახარჯა და ეს პროგრამა ბრწყინვალედ ართმევს თავს მიმდინარე პრობლემებს. მიუხედავად ამისა, რატომღაც გვაიძულებენ ვიმუშავოთ სხვა ფორმატში, რომელიც საქართველოს საბაჟო და საგადასახადო სივრცესთან ადაპტირებული არ არის“, - ამბობს ზაზა ჯიაძე.
მისი თქმით, ამ პროგრამაში მუშაობს „საქართველოს ფოსტა“ და სწორედ ამიტომ გადამზიდავებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ შემოსავლების სამსახურში ვიღაც სპეციალურად მუშაობს იმაზე, რომ დანარჩენი გადამზიდავებიც ამ პროგრამაზე გადაიყვანოს. ზაზა ჯიაძე ამბობს, რომ პროგრამა, რომლითაც „საქართველოს ფოსტა“ სარგებლობს პროდუქციის ოთხციფრიან კოდირებას გულისხმობს, მაშინ, როდესაც „ასიკუდა“-ს 11-ციფრიანი კოდირება აქვს (საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისი), რაც უფრო ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ჯიაძის თქმით, ამ პროგრამით მოქმედ იმპორტიორებს საგადასახადო სამსახურებთანაც ექმნებათ პრობლემები, რადგან საკუთარი პროდუქციის იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ. ამასთანავე, გადამზიდავები აღნიშნავენ, რომ წინა ხელისუფლებამ ეს პროგრამა სპეციალურად შექმნა, რადგან ფიქრობდა, რომ ოქტომბრის არჩევნებს მოიგებდა და შემდეგ იმპორტიორებს ამ პროგრამის მეშვეობით პრობლემებს შეუქმნიდა.
„მაგალითად ნაჭრის კოსტუმს თავისი კოდი აქვს, ტყავის კოსტუმს კი - თავისი, მაგრამ მათ ერთი კოდის ქვეშ აერთიანებდნენ. შემდეგ როდესაც საგადასახადო ამ პროდუქციას შეამოწმებდა, იდენტიფიკაცია არ მოხდებოდა, იმპორტიორს ძალიან ადვილად მიედავებოდნენ და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდნენ“, - ამბობს შპს „სტარგრუპის“ დამფუძნებელი, თეა მაჭავარიანი.
გადამზიდავები ასევე აღშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს გამოსცა ბრძანება, რომელიც მათ ამ სპეციალური პროგრამის შექმნას ავალდებულებს. ამისთვის კი გადამზიდავებს სულ 7 დღე მიეცათ, რადგან ახალი პროგრამა 13 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს და თუ დოკუმენტაციას ამ პროგრამით არ აწარმოებ, საბაჟო სამსახური ტვირთის განბაჟებას აღარ მოახდენს. ექსპედიტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ შვიდ დღეში ამ პროგრამის შექმნა და შესაბამისად, მისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მაგრამ მათ ეს მაინც მოახერხეს, რისთვისაც სერიოზული ხარჯი გაიღეს, მაგრამ როდესაც შემოსავლების სამსახურს მიმართეს თხოვნით, რომ ამ პროგრამის ტესტირება მოეხდინა, იქ ამაზე უარი უთხრეს. ზაზა ჯიაძე ამბობს, რომ ეს უარი მხოლოდ კერძო საუბრებში იყო ნათქვამი და იმით ახსნეს, რომ სატესტო პროგრამა ჯერ შექმნილი არ აქვთ, წერილობით კი შემოსავლების სამსახური გადამზიდავებს არანაირ პასუხს არ აძლევს. შესაბამისად, ჯიაძე ამბობს, რომ ხვალიდან ყველა გადამზიდავი (გარდა „საქართველოს ფოსტისა“) შეწყვეტს მუშაობას, რადგან მათ ტვირთებს ამ პროგრამის არარსებობის გამო საბაჟო არ განაბაჟებს.
გადამზიდავები ამბობენ, რომ ცდილობდნენ, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვედროდნენ, მაგრამ შემოსავლების სამსახური მათთვის ჩაიკეტა. ამიტომ მათ სასამართლოს მიმართეს სარჩელით და ითხოვენ შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაჩერებას. ამასთანავე, გარდა ამ სპეციალური პროგრამის ამოქმედებისა, გადამზიდავების თქმით, ამ ბრძანებაში კიდევ რამდენიმე ისეთი მუხლია, რომელთა მოთხოვნების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, ამ ბრძანების ერთ-ერთი პუნქტი გადამზიდავებს ავალდებულებს, რომ უზრუნველჰყონ იმ კომპანიების მიერ გადასახადების გადახდა, რომელთაგანაც ისინი პროდუქციას ყიდულობენ.
„გადამზიდავებმა უნდა განვახორციელოთ საქონლის წინასწარი დეკლარირება და საბაჟო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენა სპეციალური ელექტრონული სისტემების გამოყენებით. ამასთანავე, ჩვენ გვავალებენ, იმპორტიორის მიერ იმპორტის გადასახადელების და მომსახურების საფასურის დროულად გადახდის ორგანიზებას. ამდენად, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ იმ ხალხმა (რომელმაც ჩვენ დაგვიქირავა) დროულად გადაიხადონ გადასახადები, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, - ამბობს ზაზა ჯიაძე.
მისი თქმით, გადამზიდავებს სურვილი ჰქონდათ, ამ ბრძანების თაობაზე ფინანსთა სამინისტროსთან ეწარმოებინათ მოლაპარაკება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ამასთანავე, გადამზიდავები ამბობენ, რომ კერძო საუბრებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მათ ეუბნებიან, ტყუილად ნუ წვალობთ, მიდით „საქართველოს ფოსტასთან“ და მასთან იმუშავეთ, თორემ მაინც ვერ იმუშავებთო, რაც გადამზიდავებს მიუღებლად მიაჩნიათ, რადგან მათ უნდა იმუშაონ, მოგება კი „საქართველოს ფოსტამ“ უნდა მიიღოს. ამიტომ გადამზიდავები ითხოვენ, რომ ამ სფეროში მომუშავე კომპანიები ხელისუფლებამ თანაბარ პირობებში ჩააყენოს და მის ბრძანებებში არ იყოს ჩადებული ისეთი მოთხოვნები, რომლებიც პირდაპირ უწყობს ხელს მონოპოლიის განვითარებას.
„საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი წევრები „ა“ კატეგორიის დაზღვევით მუშაობენ, რაც ტვირთის ყველანაირი შემთხვევებისგან დაზღვევას გულისხმობს, მაგრამ მათი უცხოლი პარტნიორები შეშფოთებულები არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით და ახალი ხელისუფლების მიერ დაწესებული წესებით, რის გამოც შეიძლება მათთან პარტნიორობა შეუძლებელიც გახდეს.
„საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია“ იწყებს თანამშრომლობას „ფიატას“ საქართველოს წარმომადგენლობასთან. „ფიატა“ უდიდესი საერთაშორისო გადამზიდავი ასოციაციაა, რომელსაც თავისი წარმომადგენლები ჰყავს გაეროში, ევროკავშირში, ტრასეკაში და ა.შ. მათთან ერთად ვმუშაობდით, რომ ეს ბიზნესი საქართველოში ყოფილიყო მაქსიმალურად გამჭვირვალე და საერთაშორისო სტადარტებთან მაქსიმალურად მიახლოეული. ამასთანავე, არის „კიოტოს“ კონვენცია, რომელიც ამ საკითხებს არეგულირებს და რომელსაც ფინანსთა სამინისტროს ეს ახალი ბრძანება სრულად ეწინააღმდეგება“, - ამბობს ზაზა ჯიაძე.
გადამზიდავები მიიჩნევენ, რომ ფინანსთა მინისტრი შეცდომაშია შეყვანილი და „საქართველოს ფოსტას“ შემოსავლების სამსახურის გარკვეული პიროვნებები ლობირებენ. ხოლო ვინაიდან „საქართველოს ფოსტა“ „ასიკუდას“ პროგრამაზე ვერ გადადის, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ზემოთხსენებული ბრძანება, რომ სხვა დანარჩენი გადამზიდავებიც იმ პროგრამაზე გადაიყვანონ, რომლითაც „საქართველოს ფოსტა“ სარგებლობს.