ლევან ჩიტიძე:

ლევან ჩიტიძე:"პოლიციას გიგი უგულავა უნდა დაეპატიმრებინა“

„ყოფილი ხელისუფლება გაგიჟებულია. ეს ხალხი მილიონების დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას და კიდევ არაერთხელ შეეცდება საზოგადოების პროვოცირებას“, - აცხადებს უფლებადამცვლი, მოძრაობა „არას“ თავმჯდომარე ლევან ჩიტაძე, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ ათი ადამიანიდან, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართული აქციის მონაწილეთა საერთო გადაწყვეტილებით პრეზიდენტის გამოსვლას უნდა დასწრებოდა:

- ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის ორგანიზატორები ვიყავით მე, ნანა კაკაბაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და არაერთი პოლიტპატიმარი. ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ 9 წლიანი მმართველობის შემდეგ სააკაშვილისათვის ერთხელ მაინც დაესვა ვინმეს კითხვები და მოესმინა მისგან პასუხები. ყველაზე მწვავე საკითხი რისი დასმაც გვინდოდა, იყო წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებული ვითარება, მაშინ ჩადენილი მკვლელობები, გაუპატიურებები, უკანონო და პოლიტიკური დაპატიმრებები, ასევე სააკაშვილის მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის არაერთგზის დარღვევა პოლიტპატიმრების მისამართით. ჩვენ ვაპირებდით სააკაშვილისთვის კითხვები დაგვესვა 26 მაისზე, 7 ნოემბერზე, უდანაშაულო ადამიანების ქუჩაში ჩახოცვაზე და თუნდაც, 2008 წლის აგვისტოში მის ქმედებებზე.

ინციდენტი რას მოჰყვა?

- საჯარო ბიბლიოთეკის შესასვლელში იდგა ორი ადამიანი, რომელთაც ჰქონდათ სიები იმ პირებისა, რომლებიც პრეზიდენტის გამოსვლაზე უნდა შეეშვათ. ასეთ ვითარებაში წარმოუდგენელი იყო ვინმეს  სააკაშვილისთვის იმ მტკივნეულ თემებზე დაესვა კითხვები, რაზეც ის არასოდეს ლაპარაკობს. ამიტომაც პრეზიდენტის პრესსამსახურს მოვთხოვეთ 10 ადამიანი დაეშვა ამ ღონისძებაზე. თავდაპირველად დაგვთანხმდნენ, მაგრამ საბოლოოდ იგნორირება გაუკეთეს ჩვენს თხოვნას.

ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიიდან სატელევიზიო ჩართვები კეთდებოდა და ხალხის რაოდენობამ თანდათან მოიმატა. იმისათვის, რომ ეს შეხვედრა ჩაშლილიყო გიგი უგულავამ და ყოფილი ხელისუფლების დამნაშავე მაღალჩინოსნებმა: ბოკერიამ, დარჩიაშვილმა და სხვებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიეყენებინათ ხალხისათვის. იმ ხალხთან, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ძალიან გაამწარა, გიგი უგულავა ყვირილით, გინებითა და ხელების ქნევით მოვიდა. უგულავა კიდევ კარგად გადარჩა იმით, რომ ადამიანის უფლებათა დამცველებმა უზრუნველყვეს მისი უსაფრთხოება და დაატოვებინეს ტერიტორია. ნაციონალებმა ეს გააკეთეს შეგნებულად, იმისათვის, რომ დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ქართული საზოგადოება არის რამდენიმე ველური ტომის ნაერთი და აქ დემოკრატიის დამყარება შეუძლებელია.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოსული იყო ასობით ადამიანი, რომელთაც საკუთარ თავზე იწვნიეს რეპრესიები, უკანონო პატიმრობა, წამება, ოჯახის წვრების დაწიოკება და წარმოიდგინეთ მათი ემოცია, როდესაც დაინახეს ამ ყველაფრის შემოქმედნი გინებითა და ყვირილით უახლოვდებოდნენ. ასეთ დროს ძალიან ძნელია თავის შეკავება. მინდა ყველა იმ მოქალაქეს გამოვუცხადი თანადგომა, რომელთაც ვერ შეიკავეს ემოცია, დაპირისპირებაში ჩაერთნენ, მაგრამ თავიათი ღირსება დაიცვეს. ჩვენ უთუოდ დავიცავთ ამ ადამიანების ინტერესს. აქციაზე მყოფი უფლებადამცველები ვცდილობდით, რომ ხელისუფლების ყოფილი წევრები უსაფრთხოდ გაგვეყვანა ადგილიდან, მაგრამ ისინი ჯიქურ წინააღმდეგობას გვიწევდნენ და ცდილობდნენ პროვოკაციაში ჩავერთეთ.

ოპოზიცია მომხდარში პოლიციის ბრალეულობასაც ხედავს, რომელმაც ეფექტურად ვერ იმოქმედა ინციდენტის დროს.

- ერთი მხრივ, პოლიციის თანამშროლებმა ორგანიზებულად მოახერხეს კორიდორის გაკეთება ქაშუეთის მხრიდან საჯარო ბიბლიოთეკის შესასვლელამდე, რომლითაც არცერთ პროვოკატორ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანს არ უსარგებლია, მაგრამ მეორე მხრივ, იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც პოლიციის თანამშრომლები არ მოიქცნენ ადეკვატურად. მაგალითად, როდესაც არ დააკავეს გიგი უგულავა და გიგი უგულავას დაცვის თანამშრომლები, როდესაც არ დააკავეს დავით დარჩიაშვილი და გიგა ბოკერია, რომელიც ხალხს აგინებდა. დიახ, პოლიციამ არ დააკავა ადამიანები, რომელთაც საქციელმა და გინებამ გამოიწვია ინცინდენტი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს არ უნდა აინტერესებდეს წესრიგის დამრღვევი გიგი უგულავაა თუ რიგითი მოქალაქე. გიგი უგულავა უნდა დაეკავებინათ, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამის გამო საერთაშორისო სკანდალს ატეხავდა. მელორ ვაჩნაძე თავის დროზე ხელის გარტყმის გამო იმიტომ დააკავეს, რომ უგულავამ მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ალიყურის გამო მელორ ვაჩნაძეს 7 წელი მიუსაჯა სასამართლომ და 4 წელი ციხეში იჯდა. უფლებამდცველები მოვითხოვთ გიგი უგულავას და მისი დაცვის წევრების დაკავებას, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს. ასევე დასაკავებელია დავით დარჩიაშვილი, რომელმაც რამდენიმეჯერ ხელი ჩაარყტყა აქციის მონაწილეს.

იმით, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდა, „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა საერთაშორისო დონეზე ჩაეწერა ქულები, მიეღო დამატებითი გრანტები და ქართველი საზოგადოება ისეთ ველურად წარმოეჩინა, რომელიც, თითქოს, დემოკრატიას ვერასოდეს ააშენებს, თუ კვლავ ნაცმოძრაობა არ დაბრუნდება ხელისუფლებაში.

საპატრულო პოლიციას და სამართალდამცავ სტრუქტურებს, ალბათ, კიდევ დასჭირდებათ 2-3 თვე, რომ ბოლომდე შეძლონ თავისი ამოცანის შესრულება. როგორც ჩანს, სამართალდამცავებს  პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდიარე მოერიდათ გიგი უგულავას დაპატიმრება, რამაც უფლებამცველებშიც პროტესტი გამოიწვია.