საზოგადოებაში რომ საპროტესტო ტალღის მოლოდინი არსებობს, ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, ობიექტურია. მისი თქმით, ბევრი მცდარი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ რევოლუციაზე ისტერიული საუბრის ნაცვლად, საგნობრივი მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს ქვეყნის განვითარებაზე. ანალიტიკოსის შეფასებით, უმძიმეს დღეში ვართ. რევოლუციის შედეგად კი, ქვეყანა საერთოდ დაიშლება.
for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.
ოპოზიციური პარტიები მიმართავენ „ქართულ ოცნებას“, დროულად დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიერონ, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა. ხელისუფლების პოზიცია ცნობილია, არ აპირებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. ოპოზიციამ ღიად დაიწყო ვაჭრობა, პლუს ულტიმატუმის ენით საუბრობენ, ყველა მეთოდს იყენებენ იმისათვის, რომ შევიდნენ პარლამენტში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
სოსო მანჯავიძე: საკითხის ასე დაყენებაც კი, ნათელს ხდის ამ ხალხის ანტისახელმწიფოებრივ განწყობას. ჯერ ერთი, არანაირი კონსტიტუციური მექანიზმი არ არსებობს იმისათვის, რომ განმეორებითი არჩევნები დაინიშნოს. მეორე, არჩევნების გაყალბების ფაქტს, რომელზეც ესენი საუბრობენ, მსოფლიო არ აღიარებს და რაც მთავარია, ეს არ აღიარა თვითონ ქართველმა ამომრჩეველმა. იმგვარ სიყალბესთან, ტყუილთან და რეალობის გაყალბებასთან გვაქვს საქმე, რომ შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი.
დონალდ ტრამპი ამაოდ ცდილობდა მიეღწია იმისათვის, რომ გადამოწმებულიყო ბიულეტენები, შემოწმებულიყო საარჩევნო მანქანები და ა.შ. აქ პირველივე დღიდან ეუბნებიან, რომ გადაითვალონ, ხალხმა ნახოს რა სურათი იყო, სიმართლე სად არის. ესენი კატეგორიულად უარს ამბობენ ბიულეტენების გადათვლაზე, თან იძახიან, რომ გაყალბდაო. კობახიძემ თქვა 1%–იც რომ იყოს ცდომილება, გადავდგები და ხელახალი არჩევნები დაინიშნებაო - ესენი გადათვლაზე არ თანხმდებიან, იძახიან, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოსო. ეს არის აბსურდის თეატრი, სისულელე, სიბრიყვე, სპეციალურად კრიზისის გამომწვევი მცდელობები. ამათი ქცევა გასულია ყოველგვარი ზრდილობის, პოლიტიკური კულტურის და სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან და ამას რომ უყურებს საზოგადოება, ბუნებრივია, მათ მიმართ არ უჩნდებათ დადებითი გრძნობები. ოპოზიცია ხვდება, რომ მათ მიერ დაგებულ ხაფანგში არიან გაბმული და ცდილობენ წარმოსახვითი რეალობა ნამდვილად გაასაღონ. ეს არის პროცესის მთელი არსი.
ფაქტია ისიც, რომ ქვეყანაში არის უკმაყოფილება და ეს ყოველდღიურად იზრდება...
– რა თქმა უნდა, ობიექტურია ეს უკმაყოფილება. ამ უკმაყოფილებაში მათაც აქვთ წვლილი შეტანილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ეს გასაგებია, მაგრამ ვერ ითვალისწინებენ, რომ ამ უკმაყოფილების ბენეფიციარები თავად ვერასოდეს ვერ გახდებიან. ყველაზე მეტად საპროტესტო ტალღის ბლოკირებას ახდენენ სწორედ ე.წ. ეს ოპოზიციონერები.
რას ფიქრობთ, ოპოზიცია რის საფუძველზე აანონსებს გაზაფხულზე საპროტესტო აქციებს?
– აანონსებენ, მაგრამ მასობრივ სახალხო მღელვარებას ვერ გამოიწვევენ. პირიქით, იმის გამო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ტოქსიკურები არიან, პირიქით ხელს უშლიან პროტესტის გამოხატვას. ვითომ უნდათ პროტესტის ქუჩაში გადატანა და ხალხს მოუწოდებენ ქუჩაში გამოსვლისკენ, მაგრამ მათ დაძახილზე რომ ხალხი ქუჩაში არ გამოდის, ამას ვერ ხვდებიან. ხალხი იმიტომ არ გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მოექცეს სახალხო მღელვარების სათავეში. ასეთი პარადოქსალური სიტუაცია გვაქვს.
მთლიანად ამ სპექტრს რომ გადავხედოთ, ვინც იბრალებს, რომ თითქოს დიდი პოლიტიკოსები არიან, მათ შესახებ ტომები არსებობს. ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. მათ მიმართ მყარი ალერგია არის ჩამოყალიბებული, მაგრამ მაინც არ ეშვებიან ამ სცენარს და ცდილობენ, რომ რევოლუციური სცენარი გამოიწვიონ და მოერგონ სათავეში, ეს არის ამათი პოლიტიკური გათვლა.
გასაგებია, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ოპოზიციას არ აქვს, მაგრამ ამ სოციალური ფონით გამოწვეულ პროტესტს თუ გამოიყენებს ოპოზიცია და რამდენად რთული შეიძლება აღმოჩნდეს სოციალური ფონი თვითონ ხელისუფლებისთვის?
– საერთოდ, ჩვენ როგორც ქვეყანა, უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოვებული წრიდან, როდესაც იმაზე კი არ ვსაუბრობთ, როგორ დავძლიოთ ეკონომიკური პრობლემები, როგორ შევიმუშაოთ ალტერნატიული მიდგომები და როგორ გავხადოთ სახელმწიფოს პოლიტიკა მისაღები ხალხისთვის, ამის ნაცვლად ვლაპარაკობთ იმაზე, შეძლებს თუ არა ამ უკმაყოფილების გამოყენებას „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ანასახლეტები იმისათვის, რომ მოახდინონ რევოლუცია.
ცხადია, ამას ხელი შეუწყო კოჰაბიტაციის ცნობილმა პოლიტიკამ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღქმული იქნა, როგორც მოხერხებული ოპოზიცია, რომელსაც მუდმივად დაამარცხებ. ეს პოლიტიკა ხელს არ უწყობდა ქვეყნის განვითარებას. ეს იყო აბსოლუტურად მცდარი მავნებლური პოლიტიკა. ჩვენ ახლა რას ვხედავთ - 8 წელია ვლაპარაკობთ, მოახდენენ თუ არა ნაცები რევოლუციას. იმის მაგივრად, რომ პოზიტიურ დღის წესრიგში გადავსულიყავით, სულ მუდმივად ამ მანკიერ წრეში ვართ ჩაბმული.
ამ დისკუსიამ თავისი თავი ამოწურა, მოიტანა ძალიან მძიმე შედეგები და თუ ხელისუფლება არ გააცნობიერებს იმას, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, საჭიროა სხვაგვარი მიდგომები ყველა სფეროში, როგორც ეკომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ, საკადრო, სოციალურ სფეროში, მივიღებთ არასასურველ შედეგებს.
ნაციონალები მოექცევიან თუ არა საპროტესტო ტალღის სათავეში, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ თვითონ საპროტესტო ტალღის მოლოდინი რომ არსებობს, ობიექტურია. ბევრი მცდარი ნაბიჯი გადაიდგა, ამაზე უნდა ვმსჯელობდეთ საგნობრივად. რევოლუციაზე ისტერიული ჩხავილის ნაცვლად, ლაპარაკი უნდა იყოს ქვეყნის განვითარებაზე. ისედაც უმძიმეს დღეში ვართ. რევოლუციის შედეგად ეს ქვეყანა საერთოდ დაიშლება.
შეძლებს ხელისუფლება, რომ სოციალურო ფონი არ გახდეს ოპოზიციის ხელში მანიპულაციის იარაღი? ვხედავთ, რომ ხელისუფლებას უჭირს გადაწყვეტილების მიღება და განსაკუთრებით სამართლებრივ სფეროში. ბათუმის ინციდენტი არის ამის მაგალითი. თავს არიდებენ სამართლებრივ დავაში შევიდნენ ოპოზიციასთან, უთმობენ და ასეთი ბევრი დათმობა ვნახეთ...
– დაუსჯელობის სინდრომია და ესენიც ყოველ წელს, უფრო და უფრო თავხედდებიან, ასე ჩამოყალიბდნენ – ინერციულ დესტრუქციულ ძალად. მათთან მოლაპარაკება სრულიად შეუძლებელია. მათთან იმთავითვე არ შეიძლებოდა დათმობის პოლიტიკა, რადგან შემდეგ უარესს აკეთებენ. ნაგვის დაყრა დაიწყეს, უკრაინიდან გააკეთეს კოპირება, უნიჭოდ აკეთებენ ამ ყველაფერს, მაგრამ გულში და სულში ეს აქვთ.
რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, მათ უინიციატივობას, მუდმივად რეაგირების რეჟიმში ყოფნას და პრევენციის არქონას, როდესაც დღის წესრიგს მუდმივად ეს დესტრუქციული ოპოზიცია კარნახობს, ერთხელაც კოკა წყალს არ მოიტანს და ამ ვითარების შედეგად გადავიჩეხებით, როგორც ხშირად დაგვმართია. გასაგებია ისიც, რომ არსებობს საერთაშორისო გავლენები, ერიდებიან გამწვავებას, მაგრამ თუ პოლიტიკური ნება არ იქნა გამომუშავებული და განხორციელებული, შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს ყველაფერი.
პოლიტიკური ნება, რომ ვერ მჟღავნდება, ეს გამომდინარეობს სახელმწიფო მოწყობის იმ მოდელიდან, რომელიც დაინერგა „ქართული ოცნების“ მიერ. ვგულისხმობ საპარლამენტო რესპუბლიკას, რომელიც სრულიად შეუფერებელია ჩვენი სიტუაციისთვის, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობისთვის, მენტალობისთვის, ისტორიისთვის, ეკონომიკისთვის და პოლიტიკური ინსტიტუციებისთვის. ეს არის აბსოლუტურად შეუსაბამო, არამდგრადი სისტემა. ეს სისტემა გულისხმობდა იმას, რომ ვიღაცა უნდა ყოფილიყო არაფორმალური მმართველობის საყრდენი, ახლა ეს საყრდენი აღარ არის და სისტემა შეიძლება საერთოდ პიკში შევიდეს.
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ თქვა, რომ საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგევართო. რატომ იყო საჭირო ეს გამოწვევები? რატომ არ იქნა გათვლი, რომ ეს სიტემა არ იქნებოდა მდგრადი, მით უმეტეს საქართველოს პირობებში, როცა გეოპოლიტიკური ფრონტის ხაზზე ვართ?
რაც შეეხება უშუალოდ ალეკო ელისაშვილს და მის ულტიმატუმს, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებს ხელისუფლებასთან და ეს არის ქართული მედიისთვის მთავარი ნიუსი. პარტია, რომელსაც ამომრჩევლის 1%-მა დაუჭირა მხარი, ამბობს არ შევალ პარლამენტში თუკი პოლიტიკური პატიმრები – გიორგი რურუა და დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულები არ იქნებიან განთავისუფლებული. რა უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის 1%–იანი ელისაშვილი შევიდეს პარლამენტში და მე, როგორც გადამხდელმა მას გადავუხადო ხელფასი, თუ ადამიანები, რომლებმაც საფრთხე შეუქმნეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, კანონის შესაბამისად აგონ პასუხი და საერთოდ, რას ნიშნავს ასეთი ულტიმატუმები?
– საერთოდ, ვის უნდა აინტერესებდეს ალეკო ელისაშვილი, ჯერ იმათ ტვინში ჩამახედა, ვინც ელისაშვილი აირჩია. ელისაშვილის ულტიმატუმი იმდენად კომიკურად ჟღერს, ხოლო თქვენი კოლეგები მართლაც უმძიმესი საყურებლები არიან, როდესაც ეს ადამიანი გახადეს მედიის მთავარი ყურადღების საგანი. ალეკო ელისაშვილმა ულტიმატუმი წაუყენა ხელისუფლებას – ეს უკვე სასაცილოც აღარ არის, შეურაცხმყოფელია. რა ულტიმატუმი დაუყენა? ვის დაუყენა? რომ დაუყენა მერე რა? იმის იქით რა არის? ჯერ ადამიანი იმას რომ იტყვის, რომ პოლიტპატიმრები არიან რურუა და გარეჯის გაყიდვის საქმეზე დაკავებულები, უკვე იქ უნდა ამთავრებდეს თავის საზოგადოებრივ მოღვაწეობას.
ამ ულტიმატუმს რომ აყენებს – შევალ პარლამენტში და გამოუშვით დაკავებულებიო, თვითონაც ხომ ვერ ხვდება რას ამბობს, პოლიტიკური პატიმრის დეფინიცია არ ესმის, არ იცის და თან ითხოვს, ხელისუფლებამ აღიაროს, რომ პროკურატურას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვისო. ანუ, ხელისუფლებას პოლიტიკური თვითმკვლელობისკენ მოუწოდებს. ასეთ ადამიანთან რომ ისევ მართავ მოლაპარაკებას და ვაჭრობ, შენც იმნაირი ხარ.
ხელისუფლება შეიძლება წავიდეს დათმობაზე, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიცია ჰყავდეს პარლამენტში? უმრავლესობა ძალიან ცდილობს, რომ ელისაშვილი შევიდეს პარლამენტში...
– ამაზე რომ მოლაპარაკება მიდის, ეს არის დაუშვებელი. თუ ხელისუფლება ამაზე წავა, კიდევ ერთ გასროლას განახორციელებს, საკუთარ ფეხში გაირტყამს ტყვიას და ეს იქნება მისი სასიკვდილო განაჩენი. თუ უნდა წავიდეს ამაზე და ბევრჯერ გაუკეთებია ასეთი რამ, თუ უნდა, რომ საბოლოოდ დაკარგოს ის ნარჩენი ნდობა და პატივისცემა, წავიდეს და აღიაროს. მაგრამ არ მგონია, ეს გააკეთოს ხელისუფლებამ, რადგან ყოველგვარ საღ აზრს სცილდება ეს ქცევა, რაც პირდაპირი გაგებით იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა.
ბოლო პერიოდში ვაკვირდებით შავ პიარს შსს და თავდაცვის სამინისტროს პირველი პირების წინააღმდეგ. ამ უწყებებს მართავენ ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირები. ძალოვანი უწყებების შესუსტებით, ძალიან მარტივი ხდება პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. რეალურად პროცესები ამ მიმართულებით ხომ არ ვითარდება?
– რა თქმა უნდა, ამაზე მუშაობენ და ამაზე ძალიან სერიოზული ფული აქვთ მიღებული. ამათი პრობლემა ის არის, რომ ხალხი ვერ აიყოლიეს. დამფინანსებლის პრობლემა ის არის, რომ სხვებს ვერ პოულობენ, ვინც ამას ხელს მოაწერს და ა.შ. ძალოვანი სტრუქტურები ხელისუფლების საყრდენია. ირაკლი ღარიბაშვილი მათი სამიზნეა, პირდაპირ ვთქვათ – ღარიბაშვილი მათი მტერია. შესაბამისად, ეს გასაკვირი არ არის და თავისი მართული მედიის საშუალებით უტევენ. რეალურად, ასე არ უნდა იდგეს საკითხი. პრობლემა ის არის, რომ ასე დგას საკითხი და ჩვენ ინტერვიუში ვსაუბრობთ ამ საკითხზე.
ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ქვეყნის განვითარებაზე, როგორ ავწიოთ ხალხის ცხოვრების დონე, როგორ დავასაქმოთ ადამიანები, შევიმუშაოთ ისეთი პროექტები, რომელიც შემოსავალს გაუზრდის მოსახლეობას, ამაზე უნდა მიდიოდეს მსჯელობა და ამ დროს ვსაუბრობთ იმაზე, შევა თუ არა ელისაშვილი, ან შალვას ფანჩატური პარლამენტში. შევა თორემ დახუნძლურები არიან თავიანთი ხედვებით და პროექტებით, მათი მოღვაწეობა მთლიანად დაცლილია შინაარსისგან, გარდა დესტრუქციისა მათ სხვა ინტერესი არ აქვთ. გასაოცარი ის არის, რომ ასეთი შინაარსისგან დაცლილ ხალხს ხმას აძლევენ. ტრაგედიაში ვცხოვრობთ. თუ ვიღაცა ნორმალური გამოჩნდა, ამ ვითრებაში, სამწუხაროდ, მას არავითარი შანსი არ აქნება.
თვითონ არის ამისი სამწუხარო მაგალითი: აბსოლუტურად უმაქნისი, ჩიტირეკია (უკეთეს შემთხვევაში) ან საკუთარ ბიზნესს გადაფარებული (უარეს შემთხვევაში) ხალხით გაავსეს პარლამენტი და სოსო მანჯავიძის მსგავსი - მოაზროვნე, პრინციპული, ქვეყნის სადარდებლით გულატკივებული ხალხი არ დასჭირდათ არაფერში!..
ანუ გვრჩება ერთადერთი გზა, სამხედრო გადატრიალებით ქვეყანაში მშვიდობის დამყარება...
მერე რას იტყვიან ჩვენი დასავლელი ძმები და პარტნიორები?!...