ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან საუბარში უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან საუბარში უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

თეთრი სახლი ჯო ბაიდენსა და ვლადიმდერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

„პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა განიხილეს ორივე ქვეყნის მზადყოფნა ხუთი წლით გაახანგრძლივონ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. ჯო ბაიდენმა ასევე ისაუბრა SolarWinds-ზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე, გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთი ავღანეთში გარკვეულ ჯგუფებს გასამჯელოს სთავაზობდა ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციისთვის, აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევასა და ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომელიც ზიანს ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს აყენებს“, - აღნიშნეს თეთრ სახლში.