ოპოზიციის დეპუტატებიდან, რომელთაც საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდებათ, უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ამ პარტიაში შემავალი ბლოკის წევრები არიან.
სწორედ ოპოზიციის ეს ნაწილი საჯაროდ არ მალავს, რომ პარლამენტის ტრიბუნა ქუჩის აქციებში გაცვალეს. თუმცა, აქციებს ემიჯნება ოპოზიციის ნაწილი და როგორც for.ge-სთან ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, სწორედ ოპოზიციის ეს ნაწილი მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება აწარმოოს.
ექსპერტი NDI-ს კვლებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც ამ კვლევების ყოველთვის სჯეროდა, ახლა 5% აქვს. რამაზ საყვარელიძის თქმით, პარალამენტზე უარის თქმამ და ქუჩის აქციებზე აქცენტის გადატანამ, მათ რეიტინგი დაუგდო.
როგორ განვითარდება ოპოზიციაში ვითარება, 51 დეპუტატიდან ვის ვიხილავთ პარლამენტში და ვის ქუჩის აქციებზე, for.ge-ს ამ კითხვებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პასუხობს.
ცნობილია იმ 51 დეპუტატის ვინაობა, ვისაც 2 თებერვალს უფლებამოსილება შეუწყდება. შესაძლებელია თუ არა, რომ 2 თებერვლამდე ამ დეპუტატებიდან ვინმემ გადაიფიქროს და პარლამენტში შესვლა ისურვოს?
- ოპოზიციაშიც შიდა პროცესები საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ პარლამენტში აქტიური პროცესებია, ეს შიდა პროცესებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ოპოზიციას ერთიანობა ასე უკავია - „დაგინებული“ აქვს, ვინც პარლამენტში შევიდეს, მოღალატე იქნება. ასეთი ბულინგის ელემენტები ან შესუსტდა, ან ზოგიერთებმა ვერ გაუწიეს ანგარიში, როგორც ელისაშვილმა. ასე რომ, შეიძლება ოპოზიციაში მიმდინარე დუღილის გამო, პროცესი სხვანაირად წავიდეს.
ოპოზიციაში რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ხაზარაძე-ელისაშვილის დაპირისპირება. ახლა მელიასა და ხვიჩიას შორის გაიმართა „ომი“. იაგო ხვიჩიამ ჩვენთან კომენტარისას განაცხადა, რომ ისინი ქუჩის აქციებს ემიჯნებიან. ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ „გირჩი“ უკან იხევს და პარლამენტში შესვლისკენ იხრება?
- პარლამენტში შესვლა პოლიტიკური გზის ბოლო ნაბიჯია, მაგრამ ეს ნაბიჯი ემიჯნება რევოლუციასა და აქციებს, ამას ღიად აპროტესტებენ და ესეც ნაბიჯია. ასეთი ნაბიჯები კი, იმ ბოლო ნაბიჯთან მიახლოვებას გულისხმობს და ზრდის იმის შანს, რომ ეს ფიგურები, რომლებიც რევოლუციურ ხაზს ემიჯნებიან, პარლამენტში აღმოჩნდნენ. ოპოზიცია ორ ნაწილად გაიყო - რევოლუციურ და ევოლუციურ პოლიტიკოსებად.
ნაბიჯებს ახსენებთ და დრო იწურება, რადგან 27-28 იანვარს უფლებამოსილების შეწყვეტის საკომიტეტო მოსმენები იწყება და ამ დღეებში რა მოხდება?
- სიმართლე გითხრათ, ამ ორ-სამ დღეში კარდინალურ ცვლილებებს არ ველოდები, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ 2-3 დღეში მიღებული გადაწყვეტილება, რასაც პარლამენტი მიიღებს, არ იყოს ტრაფარეტული, შევუწყვიტოთ და დამთავრდა. ვფიქრობ, ხელისუფლება ეცდება მოძებნოს ისეთი გზა, რომელიც კარს მათთვის ღიას დატოვებს, ვინც აზრს შეიცვლის. მაგალითად, როგორც ჩვენ ნატოს ველოდებით და კარი ღიაა. მიმართავენ ამ მეთოდს, რომ არ ამოწურონ, არ გადაუკეტონ შესაძლებლობები ადამიანებს, რომლებიც რაღაც ცვლილებას ელოდებიან. პოლიტიკაში ასეთი რამ არც თუ ისე იშვიათია და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ეს გამოსაყენებელია. ადრე ირაკლი კობახიძემ მსგავსი რამ თქვა კიდეც, რაც შეიძლება დიდ ხანს შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას, რომ მათ თუ პოზიცია შეიცვალეს, პარლამენტში შემოსვლა შეეძლოთო. მგონი, ეს მისწრაფება რაღაცნაირად გადაწყვეტილებებზე აისახება. არა მგონია, რომ 2-3 დღეში ეს თემა დასრულდეს, რასაც პარლამენტში შესვლა ჰქვია.
ამ 51 დეპუტატიდან უმრავლესობა არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასში შემავალი ბლოკის წევრები, რომლებიც ქუჩის აქციების მომხრეები არიან და არეულობა აჭარიდან დაიწყეს კიდეც. მათგან რას უნდა ველოდოთ?
- თქვენი კითხვა სწორედ NDI-ის კვლევებს გულისხმობს, რომელზეც აქამდე არსად მისაუბრია. NDI-ის კვლევების მიხედვით „ნაციონალურ მოძრაობის“ რეიტინგი 27%-დან 5% გახდა. 5%-მდე დასული რეიტინგი მათ არასდროს ჰქონიათ. აქედან გამომდინარე, პარალამენტზე უარის თქმამ და ქუჩის აქციებზე აქცენტის გადატანამ, მათ რეიტინგი დაუგდო.
ანუ, გამოდის, რომ მათ ხალხი აღარ აჰყვება და ქუჩაში აღარ გამოვა?
- რა თქმა უნდა და არც ადრე გამოდიოდა, ოღონდ არჩევნების დროს ხმას მაინც აძლევდნენ, რადგან საპარლამენტო ასპარეზზე ამ ხელისუფლების ოპოზიცია უნდოდა ყოფილიყო ვინმე, რათა ხელისუფლებასთან ებრძოლა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურ ბრძოლაზე უარი თქვა, ხოლო ქუჩის ბრძოლები არ არის ის მეთოდი, რომელიც მათ მომხრეებს დიდად ხიბლავს, იმიტომ რომ ხედავენ და იციან, რომ ქუჩა არსებით ცვლილებებს არ იწვევს.
თუმცა, მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი სწორედ ქუჩის აქციებისკენ მოუწოდებს...
- გავითვალისწინოთ, რომ მათი ლიდერი, რომელიც უკრაინაში წყნარად, მშვიდად ზის და იქიდან განკარგულებებს იძლევა, ამ რეალობაში ჩახედული არაა. ასევე, ის როგორც ლიდერი საკუთარ თავზე ზრუნავს და არა პარტიაზე. მას სჭირდება რევოლუციური სცენარი, 4 წელიწადი მოცდა არ უნდა, არ იცის უკრაინაში რა დღე დაადგება, ეს მისთვის ბოლომდე ცნობილი არაა. ამდენად, სჭირდება ის ბაზა, სადაც მას შეეძლება გადანაცვლება, თორემ თუ წამგებიანი იქნა მისი სტრატეგია რევოლუციის, ერთადერთი წააგებს მისი პარტია, თავად ხომ არაფერს წააგებს?! სწორედ მაგას ვიძახი, რომ ეს პარტია უკვე აგებს. NDI ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს იყო და სწორედ, NDI-ის კვლევებით, სააკაშვილის პარტია უკვე აგებს. ის ამ მოწოდებებს ისვრის და პარტია ნელ-ნელა ქრება. თავისი პარტია გაწირული ჰყავს.
„ნაციონალური მოძრაობა“ გაითვალისწინებს NDI-ის კვლევებს და გეგმებს შეცვლიან?
-ამისთვის NDI საჭირო არ იყო, რომ გეგმები შეეცვალათ. ექსპერტები, მიტინგების რაოდენობა, არჩევნების დინამიკა - ყველაფერი ეს მიუთითებდა, რომ მათ მიერ აღებული გზა არის არასწორი. NDI-იმ კი ციფრი დადო, რომელიც უჩვენებს, რომ მოსახლეობისთვის მათი სტრატეგია მიუღებელია. არა მგონია, რომ NDI-ის კვლევებს ახლა მიაქციონ ყურადღება. ახლა იტყვიან, რომ NDI „ქართულმა ოცნებამ“ მოისყიდა და ამით დაამთავრებენ. მათ სხვა არაფერი აქვთ, პრობლემა ამაშია. ყველა ადამიანი ცდილობს გააკეთოს ის, რაც ნაკლებად იცის. მათ იციან დემონსტრაცია, დესტაბილიზაცია, იციან თავზე ნაგვის დამხობა, ხოლო საპარლამენტო ცხოვრებაში რაც არის საჭირო - კანონშემოქმედება, პოლიტიკური კულტურის ფარგლებში კამათი და ა.შ. არ იციან. ხომ იყვნენ პარლამენტში, იყო პროდუქტიული მათი იქ ყოფნა? - არა, იმიტომ რომ არ იციან. იციან მხოლოდ ის, რომ პარლამენტში საწამლავი როგორ დაღვარონ, როგორ დადონ კანონპროექტები არ იციან. ანუ, ეს ხალხი საპარლამენტო ცხოვრებისთვის მზად არაა. ამიტომ ყველა მხრივ ეცდებიან პარლამენტს თავი აარიდონ.
ამის ფონზე მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი შედგება?
- ვფიქრობ, რაღაც ნაწილთან შედგება. არარევოლუციური ოპოზიციის ნაწილი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებები საჭიროა. მათ სურთ იპოვონ ხელსაყრელი მიზეზი, რომ პარლამენტში შევიდნენ და ასეთი მიზეზი შეიძლება მოლაპარაკების რაუნდზე შესთავაზონ. ოპოზიციის დანარჩენ ნაწილთან მოლაპარაკება შედგება თუ არა, ამას მნიშვნელობაც არ აქვს.