აშშ-ის ეროვნული გვარდიის 5 ათასამდე სამხედრო ვაშინგტონში მარტის მეორე ნახევრამდე დარჩება. ამის შესახებ აშშ-ის სახმელეთო ჯარების მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯონ უიტლიმ განაცხადა.
„უახლოესი კვირების განმავლობაში ეროვნული გვარდიის დაახლოებით 7 ათასი სამხედრო განაგრძობს ფედერალური სამართალდამცველების მხარდაჭერას. აღნიშნული რიცხვი მარტის მეორე ნახევრამდე 5 ათასამდე შემცირდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახმელეთო ჯარების მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა.
ჯონ უიტლის თქმით, აშშ-ის სპეცსამსახურები ეროვნულ გვარდიას შესაძლო უკანონო საპროტესტო აქციებზე საჭირო ინფორმაციას აწვდიან.
ჯო ბაიდენის ინაუგურაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 25 ათასი სამხედროს მობილიზება მოხდა.
ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.