წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია სენატს გადასცა

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია სენატს გადასცა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია სენატს გადასცა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი 8 თებერვალს დაიწყება. პროცესის ფარგლებში წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლები, ე.წ. იმპიჩმენტის მენეჯერები ბრალდების მხარის როლს შეასრულებენ, ხოლო სენატორებს ნაფიც მსაჯულთა როლი დაეკისრებათ. იმპიჩმენტის პროცესს „დემოკრატი“ სენატორი, პატრიკ ლიხი უხელმძღვანელებს.

იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპის გასამართლებას აშშ-ის სენატის წევრთა 2/3-ის ხმა სჭირდება (100 სენატორიდან 67 სენატორის ხმა). სენატის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სენატში „დემოკრატების“ ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ იმპიჩმენტის შემთხვევაში, სენატი კენჭს უყრის საკითხს, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აეკრძალოს.

14 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. იმპიჩმენტის რეზოლუციას მხარი 232-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 197 - წინააღმდეგ წავიდა.

11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 18 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი პირველად გამოუცხადა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა. 2019 წელს კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დასდეს.