აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესს მხარი დაუჭირა, თუმცა ეჭვი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცედურის მომხრეები ყოფილი პრეზიდენტის გასამართლებისთვის საჭირო ხმების მოპოვებას შეძლებენ.
„ვფიქრობ, რომ იმპიჩმენტის პროცედურა უნდა შედგეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა, რომ სენატში იმპიჩმენტის პროცესის შედეგად დონალდ ტრამპს გაასამართლებენ.
„სენატი შეიცვალა მას შემდეგ, რაც იქ ვმუშაობდი, თუმცა იმდენად არ შეცვლილა“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურა მისი ადმინისტრაციის დღის წესრიგის განხორციელებას შეაყოვნებს, თუმცა „უფრო უარესი შედეგები დადგება, თუ იმპიჩმენტი არ შედგება“.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი 8 თებერვალს დაიწყება. პროცესის ფარგლებში წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლები, ე.წ. იმპიჩმენტის მენეჯერები ბრალდების მხარის როლს შეასრულებენ, ხოლო სენატორებს ნაფიც მსაჯულთა როლი დაეკისრებათ. იმპიჩმენტის პროცესს „დემოკრატი“ სენატორი, პატრიკ ლიხი უხელმძღვანელებს.
იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპის გასამართლებას აშშ-ის სენატის წევრთა 2/3-ის ხმა სჭირდება (100 სენატორიდან 67 სენატორის ხმა). სენატის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სენატში „დემოკრატების“ ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ იმპიჩმენტის შემთხვევაში, სენატი კენჭს უყრის საკითხს, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აეკრძალოს.
11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.