ჰომოფობიის ფობია

ჰომოფობიის ფობია

„გულწრფელად მეცოდება ელტონ ჯონის ორივე სუროგატი შვილი... ნამდვილად არ მშურს ელტონ ჯონის სუროგატი შვილის, რომ გაიზრდება და ორი მამა ეყოლება, არ იქნება სახარბიელო მდგომარეობა...“ - სწორედ ეს კომენტარები გახდა ტელეკომპანია „იმედიდან“ დილის წამყვანების დათო ქაცარავასა და სალომე გოგიაშვილის წასვლის მიზეზი.

უფრო კონკრეტულად კი, მათი ტელევიზიაში დარჩენის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 18 იანვარს „ტელეიმედის” გადაცემა „იმედის დილაში” გავიდა სიუჟეტი, საიდანაც ირკვეოდა, რომ სუროგატმა დედამ მომღერალ ელტონ ჯონსა და მის მეუღლეს მეორე შვილი გაუჩინა. აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლას კი ტელეიმედის დილის გადაცემის წამყვანები ზემოთაღნიშნული კომენტარით გამოეხმაურნენ.

რჩებიან თუ არა ტელეწამყვანები ტელეკომპანია „იმედში“ და მათ მიმართ ტელევიზიის ადმინისტრაცია შემოიფარგლა თუ არა მხოლოდ გაფრთხილებით, ამის გასარკვევად For.ge დავით ქაცარავას დაუკავშირდა. თუმცა დათო ქაცარავამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე იგი და სალომე გოგიაშვილი კომენტარისგან თავს იკავებენ და სულ რამდენიმე დღეში, ალბათ, პარასკევამდე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ და პრესკონფერენციასაც მოიწვევენ.

„ძალიან ბევრი ჟურნალისტი მირეკავს, მაგრამ პრესკონფერენციამდე ვერაფერს ვიტყვი. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ ჩემი და სალომეს სახელით დაბეჭდოთ, არის ის, რომ არც მე და არც სალომე სამსახურში აღარ ვრჩებით და ამაზეც უახლოეს დღეებში ვიტყვით. ჩემი და სალომეს პოზიცია იდენტურია. ამ საკითხში ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ“, - გვითხრა დათო ქაცარავამ და არც ის დაგვიკონკრეტა, თავისით გადაწყვიტეს ტელევიზიიდან წასვლა თუ ვინმემ გაუშვა.

ჩვენ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორთან, რეზო საყევარიშვილთან დალაპარაკებაც ვცადეთ, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

თუმცა, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ადმინისტრაციის ინიციატივით, 21 იანვარს „იმედის“ ეთიკის საბჭო „იმედის დილის“ სარედაქციო ჯგუფს შეხვდა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში იყვნენ ჟურნალისტები შორენა შავერდაშვილი, ზვიად ქორიძე, იურისტი ლია მუხაშავრია, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და არხის მფლობელი კომპანიის დირექტორი, ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილი ლიკა პატარკაციშვილი.

როგორც შორენა შავერდაშვილი აცხადებდა, გასაუბრების მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რამ განაპირობა წამყვანების კომენტარები პირდაპირ ეთერში, რომელმაც საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მწვავე რეაქცია გამოიწვია. მანვე დაადასტურა, რომ საბჭოს აზრით, წამყვანებმა მართლაც გააკეთეს პირდაპირ ეთერში ჰომოფობიური განცხადებები, რითაც დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი. მისივე თქმით, ეთიკის საბჭომ შეიმუშავა რეკომენდაცია, რომ „იმედის“ ყველა ჟურნალისტს ჩაუტარდეს ტრენინგი იმისათვის, რომ მათ გააცნობიერონ მაუწყებლობის შესახებ კანონი და ის ეთიკის ნორმები, რომელსაც ხელს აწერს „იმედი“.

უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ქაცარავა და სალომე გოგიაშვილი სულაც არ ფიქრობდნენ, რომ ჰომოფობიური განცხადებები გააკეთეს. კერძოდ, „იმედის დილის“ წამყვანმა, ამავდროულად, კანოეს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მათი ნათქვამი არანაირად არ უკავშირდებოდა ერთსქესიანთა თანაცხოვრებას და ეს უბრალოდ წუხილი იყო იმ ბავშვებზე, რომლებიც ერთსქესიან წყვილებს შვილად აჰყავდათ.

ამის მიუხედავად, აღნიშნულის გამო შეშფოთება ორგანიზაცია „იდენტობამ“ გამოხატა და ტელეკომპანიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, „იმედმა“ განმარტა, რომ წამყვანების პოზიცია არ ემთხვეოდა ტელეკომპანიის პოზიციას.

For.ge დაინტერესდა, პერიოდულად რატომ ხდება აქტუალური ასეთი თემები და რატომ უწევთ ცალკეულ ადამიანებს თავის მართლება ჰომოფობიის იარლიყისგან დასაცავად, მაშინ, როცა ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი თავისუფლად გამოხატავს ამავე პოზიციას ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანის მიმართ. ხომ არ იქცა ეს თემა ერთგვარ მოდად და ფულის შოვნის წყაროდ გარკვეული არასამთავრობოების მხრიდან, რომლებისთვისაც სინამდვილეში სულერთია როგორც ერთსქესიანთა უფლებების დაცვა, ისე ქართული საზოგადოების უმეტესობის აგრესიული დამოკიდებულება ამ წყვილების მიმართ.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას თუ გავითვალისწინებთ, ისიც საინტერესოა, ხომ არ შეიზღუდა ამ წამყვანების აზრის გამოხატვის თავისუფლება იმ მხრივ, რომ მათ უმალვე მიაკერეს ჰომოფობის იარლიყი მაშინ, როცა ამ ადამიანებმა თქვეს ის, რაც მიაჩნდათ სიმართლედ და შელამაზებულად არ გამოხატეს სათქმელი?! ასევე, საინტერესოა, სად გადის ზღვარი აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და ჰომოფობიურობის იარლიყის მიწებებას შორის?!

ადვოკატი ლია მუხაშავრია, როგორც ეთიკის საბჭოს წევრი, For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეთიკის საბჭომ აღნიშნული გამონათქვამები არაეთიკურად მიიჩნია, რადგან ისინი აშკარად ეთნიკური მრავალფეროვნების წინააღმდეგ იყო მიმართული და დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა. ამიტომაც უარყოფითი შეფასება მისცეს მათ გამონათქვამს.

„ჩვენ ვართ მრჩეველთა საბჭო და ვურჩევთ, თუ რა მიგვაჩნია ეთიკურად და რა - არაეთიკურად. ჩვენ უბრალოდ ვაფასებთ ფაქტებს ეთიკის სტანდარტის მიხედვით და მერე უკვე ტელეკომპანიის ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას ამის კვალობაზე. ადმინისტრაციის ფუნქციაა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ“, - აცხადებს ადვოკატი.

მისი თქმით, ამ ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოზიცია გამოხატონ. მეტიც, მათი გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ შეზღუდავს, მაგრამ იმ მომენტში ისინი ეთერში ისხდნენ და ამ შემთხვევაში, გამოხატავდნენ არა საკუთარ აზრს, არამედ მათი პირით მაყურებელი ისმენდა ტელეკომპანიის შეფასებას, რაც არაეთიკურია. ამდენად, ლია მუხაშავრია განმარტავს, რომ არაეთიკური ქმედების გამოხატვისთვის ტელეკომპანია „იმედი“ შეიძლება ძალიან სერიოზულად დაისაჯოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან, რადგან ეს ეწინააღმდეგება მაუწყებელთა ეთიკის კოდექსს.

„რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს მისი კერძო საქმე და მას უნდა მიეწერებოდეს. როდესაც ისინი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში სხედან, მათი გამონათქვამი უკვე აღარ არის მათი კერძო გამონათქვამი, მით უფრო, რომ მათ არ გაუკეთებიათ არავითარი მინიშნება, რომ ეს არის მათი პოზიცია, რომელიც განსხვავდება მაუწყებლის კონკრეტული ტელეკომპანიის პოზიციისგან. იმის გამო, რომ ტელეიმედმა გადაწყვიტა, ჰქონდეს მაღალი ეთიკური სტანდარტი, როგორც მაუწყებელს, რა მეთოდებით მიაღწევენ ამას, ეს მათი გადასაწყვეტია“, - აცხადებს ლია მუხაშავრია, რომელიც იზიარებს აზრს, რომ მაყურებელი არაეთიკური გამონათქვამით და არაეთიკური ქმედებით შეურაცხყოფილი არ უნდა იყოს.

მისივე თქმით, გასაგებია, რომ ამ ჟურნალისტების ნათქვამი საზოგადოების უმრავლესობის პოზიციას გამოხატავდა, მაგრამ არსებობენ ის ტელემაყურებლებიც, რომლებისთვისაც ეს არ არის სულერთი.  

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ეთანხმება აზრს, რომ ხშირად არ ავლებენ ზღვარს აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და ჰომოფობიურობას შორის. ანალოგიურია სიტყვის თავისუფლების შესახებ მსჯელობაც, როცა არსებობს რაღაც ნორმა, კატეგორია, რომელიც უნდა დაიცვას სახელმწიფომ, თუმცა, მეორე მხრივ, თუ ვინმე ხელისუფლების ძალით გადატრიალებას აპირებს და საამისოდ რაზმს აგროვებს, მაშინ სახელმწიფოს უფლება აქვს, ხელი აღმართოს ამ ადამიანზე. ანუ სიტყვის თავისუფლება თუ გადავიდა მოქმედებაში და სხვა ადამიანს ან ქვეყანას ავნო, ეს უკვე სულ სხვა კატეგორიაა.

„ანალოგიურად, ისეთი მოთხოვნა მაინც რომ გაეჟღერებინათ ამ ჟურნალისტებს, რომ, აი, ჩვენ მოვითხოვთ, ელტონ ჯონის თემა საერთოდ ამოღებულ იქნას, რათა საზოგადოება ამით დავიცვათ, ან მოვითხოვთ, რომ ბავშვები არ იზრდებოდნენ ასეთ ადამიანებთან, მაშინ მათზე გავრცელდებოდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ როდესაც ამ ადამიანებმა მხოლოდ თავისი პოზიცია გამოხატეს, რატომ არის სავალდებულო, რომ ყველას მოსწონდეს ჰომოსექსუალობა?! განა სავალდებულოა, ყველას მოსწონდეს „ნაციონალური მოძრაობა“, ან „ქართული ოცნება“?! ქრისტიანობაც კი ყველას რომ მოსწონდეს არ არის ვალდებული. ბოლოს და ბოლოს, მუსლიმანი ქართველებიც არსებობენ, მაგრამ ჰომოსექსუალობაზე როცა მიდგება საქმე, რატომ უნდა მოსწონდეს ეს ყველას? ეს ხომ გაუგებარი დამოკიდებულებაა?!“ - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისი აზრით, ამ ადამიანების ტელევიზიიდან გაშვება გამართლებული არ არის, რადგან მათ თავიანთი პოზიცია გამოხატეს. ამდენად, თუკი ჰომოფობია აწუხებთ ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ჰომოფობიის ფობია უკეთესი არ არის.

„საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს ჰომოფობიის ფობია და მივიღოთ ნაძალადევი ღირებულებები, როდესაც მარტო იმიტომ, რომ რამე არ დაგვწამონ, ადამიანები იწყებენ პირფერობას. მე მგონი, ამისკენ ხელისკვრა არ უნდა იყოს ამ ჯგუფების ინტერესში“, - მიიჩნევს ექსპერტი.