იტალიის პრემიერმინისტრი, ჯუზეპე კონტე გადადგომისთვის ემზადება, - ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
იტალიური გამოცემა La Repubblica წერს, რომ შესაძლოა, კონტემ ქვეყნის პრეზიდენტს, სერჯიო მატარელას, გადადგომის შესახებ განცხადებით სამშაბათს, 26 იანვარს მიმართოს.
არსებული ინფორმაციით, ჯუზეპე კონტე გეგმავს, გადადგომის შემდეგ, კოალიცია შექმნას, რომელშიც იტალიის პარლამენტის ცენტრისტ წევრებს გააერთიანებს.
იტალიაში პოლიტიკური კრიზისია. ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა, ყოფილი პრემიერმინისტრი, მატეო რენცი ეკონომიკური აღდგენის გეგმას არ ეთანხმება, რის გამოც მისი პარტია „იტალია ვივა" მმართველობიდან გადადგა. ცენტრისტულ პარტიას იტალიის მთავრობაში ორი მინისტრი ჰყავდა. მატეო რენცის გასვლის შემდეგ, სამთავრობო კოალიციას პარლამენტში უმრავლესობა აღარ აქვს. მატეო რენცი და იტალიის პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე ვერ შეთანხმდნენ, როგორ უნდა დაიხარჯოს ევროკავშირის ფონდები ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.