რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ ფერმერები აგრარული სესხის ასაღებად? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იქნება სპეციალური პროექტი, რომლის მეშვეობითაც გლეხებს კრედიტს დაუტკიცებენ. მეორე კი ესაა ბანკში ჩასადები საგარანტიო ქონება. ადგილობრივი ბანკების მადას თუ გავითვალისწინებთ, ფერმერებს ასეთი ქონება, შესაძლოა, სულაც არ აღმოაჩნდეთ, ან თუ ექნებათ, ბანკი მას მიზეურლ ფასად შეუფასებს. აქედან გამომდინარე, „გლეხური სესხის“ მოცულობა ერთობ მოკრძალებული იქნება.
საინტერესოა რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ ფერმერებს სამომხმარებლო სესხის ასაღებად და შექმნის თუ არა ბანკებში არსებული სესხის გაცემის პროცედურა ამ კუთხით პრობლემებს?
სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე განმარტებით, იმისათვის, რომ ფერმერებს სამომხმარებლო სესხი დაუმტკიცდეთ, მინიმუმ უნდა წარადგინონ გეგმა, რა მიზნით იღებენ სესხს და რამდენად ადეკვატურად აპირებენ თანხის დახარჯვას.
კირვალიძის განცხადებითვე, თუ მსესხებელი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ბანკების მხრიდან პრობლემის შექმნა გამორიცხულია.
უკვე ცნობილია, რომ ახალი მთავრობა გლეხებს 5 ათასიდან 100 ათას ლარამდე სამომხმარებლო სესხებს 7-8%-ად ჰპირდება. თანხის გაცემას კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოახდენენ. რეალურად საფინანსო სტრუქტურები სესხებს ჩვეულებრივი განაკვეთით გასცემენ, ოღონდ გლეხები მცირე ნაწილს დაფარავენ. დარჩენილ პროცენტს სოფლის მეურნეობის ფონდი მოემსახურება.
აქედან გამომდინარე, გლეხებისთვის მისაღები უნდა იყოს თუ არა 7-8%-იანი სამომხმარებლო კრედიტები. აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ საფინანსო ორგანიზაციების სასოფლო-სამეურნეო სესხების განაკვეთი 24-32%-მდეა მაშინ, როდესაც ფონდი მაქსიმუმ 8%-იან სამომხმარებლო სესხს გასცემს.
გიგლა აგულაშვილის თქმით, სესხების გაცემა სხვადასხვა პარამეტრით განისაზღვრება, თუმცა ფერმერებმა და გლეხებმა 8%-იანი სესხიც რომ აიღონ, მათთვის მაინც ხელსაყრელი იქნება.
სამომხმარებლო სესხზე 7-8%-იანი განაკვეთი მისაღებად მიაჩნია სოფლის მეურნეობის ექსპერტებსაც. მათი აზრთი, თუკი სახელმწიფო ფერმერებსა და გლეხებს პროდუქციის რეალიზაციის გარანტიას მისცემს, ეს დიდი დახმარება იქნება.
მეორე პრობლემაა საბანკო პროცედურები. რამდენად იმყოფინებს გლეხების ქონებას ბანკს საგარანტიოდ? მარნეულის სასურსათო ქარხნისა და კომპანია „ნაბეღლავის“ დამფუძნებელი ავთანდილ სვიმონიშვილი აცხადებს, რომ ბანკები სამომხმარებლო კრედიტებს უზრუნველყოფის გარეშე არ გასცემენ.
მისი თქმით, სესხის გაცემის პროცედურები გარკვეულწილად პრობლემებს შექმნის, რადგან ბანკები გარანტად მსესხებლის მიწას, ნაგებობას ან აქტივებს მოითხოვენ. ბანკი ყოველთვის სამჯერ მეტად აფასებს თავის უზრუნველყოფას, ვიდრე მსესხებლის აქტივებია. ამიტომ „გლეხური სესხის“ მოცულობა, შესაძლოა, ძალიან მცირე იყოს და სამეურნეო საქმიანობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდეს.