„ხუდონჰესის“ პროექტის განხილვაზე მომუშავე ჯგუფს ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შენიშვნები აქვს. სამუშაო ჯგუფი, რომელშიც 8 არასამთავრობო ორგანიზაცია, დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შედიან, პირველად შეიკრიბა.
შეხვედრას, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროში გაიმართა, მინისტრი კახი კალაძეც ესწრებოდა. ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ასევე კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ წარმომადგენელმაც. სწორედ ამ კომპანიამ უნდა ააშენოს „ხუდონჰესი“.
როგორც ცნობილია, მშენებლობის დაწყება სამი თვით შეჩერებულია. ასეთი გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. სანამ ყველა მხრივ პრობლემების განხილვა არ მოხდება კონკრეტული ნაბიჯები ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არ გადაიდგმება. ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების დეტალების გაცნობამდე, მინისტრის განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრებიან.
„წინა ხელისუფლება არ ასაჯაროებდა მოლაპარაკებებს ინვესტორთან, ჩაკეტილობა იგრძნობოდა. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი გაკეთდეს გამჭვირვალედ, რადგან საზოგადოებაშიც ბევრი კითხვა ჩნდებოდა ამ პროექტის მიმართულებით. კითხვები ახლაც არსებობს, მაგალითად მათ შორის ყველაზე აქტუალურია გარემოს დაცვის მიმართულება. თავისი მოსაზრებები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სპეციალისტებს, გარემოს დაცვის სამინისტროს. ამიტომ ყველაფერი დეტალურად უნდა შევისწავლოთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება“, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ექსპერტებმა საკმაოდ ბევრი შენიშვნა გამოთქვეს - ეს ეხებოდა გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეებს, კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ცალკეულ პუნქტებს. სხვადასხვა დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფს „ხუდონჰესის“ პროექტზე შენიშვნების ფორმირებისთვის დრო მარტის ბოლომდე ექნება.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ აღნიშნა, ამ პერიოდის განმავლობაში ჯგუფი საჯარო შეხვედრებს კიდევ რამდენჯერმე გამართავს, მათ შორის შეხვედრა დაგეგმილია სვანეთშიც, სადაც მხარეები განხილვას უშუალოდ „ხუდონჰესის“ მშენებლობის ტერიტორიაზე მოაწყობენ.
კალაძის განცხადებით, გათვალისწინებული იქნება ექსპერტების შენიშვნა და ყველა იმ ადამიანის ბედი, რომელიც დაუკავშირდება მომავალში „ხუდონჰესის“ მშენებლობას. იგულისხმება სვანეთში მცხოვრები მოსახლეობა. ამასთან, კალაძემ ჯგუფის წევრებს, რომლებიც ჩართული არიან „ხუდონჰესის“ პროექტის განხილვაში, შესთავაზა, რომ მომავალშიც, როდესაც ხელშეკრულებები დაიდება ინვესტორებთან და საუბარი იქნება მსხვილი, საშუალო თუ მცირე ჰესების მშენებლობაზე, აქტიურად ჩაერთონ პროცესში, რათა საწყის ეტაპზევე გამოირიცხოს გარკვეული პრობლემები.
სწორედ დროთა განმავლობაში წარმოშობილი პრობლემების გამოა, რომ „ხუდონჰესის“ პროექტი შუა გზაზეა გაჩხერილი. მისი არც დაწყება ხერხდება და არც მასზე საბოლოოდ უარის თქმა.
საპროექტო გათვლებით, ხუდონჰესის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 6 წელიწადში უნდა დასრულდეს. პროექტში, დაახლოებით, 1 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია იგეგმება. აქედან, 600 მილიონი დოლარი კაშხლის მშენებლობისთვისაა განკუთვნილი, 400 მილიონი კი მოსახლეობის განსახლებასა და სოციალურ მოთხოვნილებებს მოხმარდება.
კახშლის მშენებლობის შედეგად, წყლის ქვეშ აღმოჩნდება, დაახლოებით, 530 ჰა ფართობის მქონე ტერიტორია, მათ შორის, ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი გზა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საძოვრები, ტყის მასივები, სასაფლაოები, ეკლესია, მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები, მათ შორის, შუასაკუნოვანი ხაიშის ციხე და ხაიშში აღმოჩენილი, ჯერ კიდევ შეუსწავლელი, საუკუნით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლი.
სოფელ ხაიშის გარდა, დატბორვის საფრთხე სხვა სოფლებსაც ემუქრებათ. გარემოსდამცველები ვარაუდობენ, რომ ამ პროექტის შედეგად, დაახლოებით, 3 ათასამდე ადამიანის გადასახლება გახდება საჭირო.
ენერგეტიკის ექსპერტის გენო მესხიას განცხადებით, ხუდონის მშენებლობის შედეგად შეიძლება უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მივიღოთ, ვიდრე დადებითი. ხუდონის წყალსაცავის მშენებლობა გამოიწვევს ღრუბლიანობისა და ნალექების კლებას, კლიმატის უარყოფითი გავლენა გავრცელდება არა მარტო 5 კმ-ს რადიუსში, არამედ ზეგავლენა ექნება მთლიანად სვანეთზე.