მოსკოვი მორიგი არეულობების მოლოდინშია. დაპირისპირებები ეროვნულ ნიადაგაზე რუსეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც კავკასიური წარმოშობის პირმა საფეხბურთო კლუბ მოსკოვის „სპარტაკის“ გულშემატკივარი მოკლა. შაბათს დამნაშავის დასჯის მოთხოვნით მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მანიფესტაციები დაიწყო, რაც სპეცრაზმთან შეტაკებებში გადაიზარდა.
მოსკოველი სამართალდამცავები ამ წუთებშიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. როგორც რუსული მედია იუწყება, აქციების გამართვას ახლაგაზრდები სავაჭრო ცენტრ „ევროპეისკისთან“ და რამდენიმე მეტროსადგურთან აპირებენ.
ვრცელდება ხმები იმის შესახებაც, რომ შესაძლოა, მოსკოვში კავკასიიდან აგრესიულად განწყობილი ახლაგაზრდები ჩავიდნენ, რომლებიც ნაციონალისტებისთვის სამაგიეროს გადახდას აპირებენ. ამასთან, როგორც სამართალდამცავები ამბობენ, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ნაციონალისტები და რადიკალები მორიგი დარბევებისთვის ემზადებიან.
„ძალოვან სტრუქტურებში ამის შესახებ კარგად იციან და მოსალოდნელი არეულობისთვის მზად არიან“, - განაცხადეს სამართალდამცავ სტრუქტურებში.
„მილიციამ მოსკოვში, კიევის ვაგზლის მოედანს ალყა შემოარტა“, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. ვაგზალთან ახლოს მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმი განთავსდა. მილიციელები მორიგეობენ ვაგზლის ტურნიკეტებთანაც, რომლებითაც მგზავრები ქალაქში შემოდიან. საეჭვი პირებს სამართალდამცველები დოკუმენტებს უმოწმებენ.
მოედანზე სასურსათო კარვები და სავაჭრო ცენტრები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. სავაჭრო ცენტრ „ევროპულში“ კი, დაცვა გაძლიერებულია. მოსკოვში, კიევის ვაგზლის მოედანზე შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად დაცვის ზომები დღეს დილიდან გააძლიერეს.
პატრიარქი კირილი რუსეთში არსებულ არეულობებს მომავალ არჩევნებს უკავშირებს. მისი წერილი „რასისკაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა. რუსეთის პატრიარქი აღნიშნავს, რომ მანეჟის მოედანზე მომხდარმა არეულობამ სამი პრობლემა წამოწია წინა პლანზე. ერთ-ერთ პრობლემად კირილი პოლიტიკურ პროვოკაციას მიიჩნევს.
„ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც დაინტერსებული არიან ვითარების დესტაბილიზაციით. ამ ძალების მოქმედება შესაძლოა, 2012 წლის მოახლოებულ არჩევნებთან ერთად გაფართოვდეს. მათთვის ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი პროვოკაციები გემრიელი ლუკმაა“,- ამბობს პატრიარქმა კირილმა.
მისივე თქმით, რაც მანეჟის მოედანზე მოხდა, პოლიტიკური ელფერი აქვს, ამიტომ სამართალდამცავ ორგანოებს და ხელისუფლებას გააზრებული მოქმედება მართებს.
„არ უნდა დავუშვათ, ქვეყანა 90-იან წლებში დაბრუნდეს. რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას დიდი წვლილი მიუძღვის საერთო ნაციონალური მშვიდობის შენარჩუნებაში“,- წერს პატრიარქი.
პატრიარქმა მკაცრად გააკრიტიკა აქციის მონაწილეები, რომლებიც სხვა ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ გამოვიდნენ. „მრცხვენია იმის, რაც დედაქალაქში ხდება“, - აცხადებს კირილი. კიდევ ერთ პრობლემად მან ხულიგნობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მილიციამ ხულიგნების წინააღმდეგ ზომები უნდა მიიღოს.
„თუ ადამიანებს არ ესმით მოწოდებების, მაშინ ძალაუფლება უნდა გამოიყენო“, - განაცხდა პატრიარქმა კირილმა.
ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ჩეჩენი ახალგაზრდების აქციებში მონაწილეობას გამორიცხავს. როგორც კადიროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთი ჩეჩენი ახალგაზრდა მოსკოვში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
„მე ოფიციალურად ვაცხადებ – თუ რომელიმე ჩეჩენი ახალგაზრდა თავს უფლებას მისცემს, მონაწილეობა მიიღოს მოსკოვის აქციებში, ის და მისი ნათესავები ჩეჩნური ტრადიციების მიხედვით დაისჯებიან. ჩეჩნური ტრადიციები კი, დაუშვებლად მიიჩნევს უმცროსის უფროსისადმი დაუმორჩილებლობას“, - აღნიშნა კადიროვმა.
მისივე თქმით, უკვე გასცა ბრძანება, რათა ეს მოსაზრება მოსკოვში მცხოვრებ ჩეჩენ მოქალაქეებს გააცნონ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, „რადიკალური ნაციონალიზმის გამოვლინების იმ საშინელ სახეს, რასაც მოსკოვში აქვს ადგილი, „ვლადიმერ პუტინი“ და „დიმიტრი მედვედევი“ ჰქვია“.
„რუსეთის დედაქალაქში ნაციონალურ ეთნიკურ ნიაგადაგზე მასობრივი შეჯახებები მიმდინარეობს. ეს არის რადიკალური ნაციონალიზმის გამოვლინების ყველაზე საშინელი სახე. პრაქტიკულად ნადირობა მიმდინარეობს არარუს მოქალაქეებზე, განურჩევლად იმისა, ისინი კავკასიელები არიან, შუა აზიის წამრომადგენლები თუ უბრალოდ, სახით არ ჰგვანან რუსებს“, - ასე გამოეხმაურა წიკლაური პარლამენტის დღევანდელ სესიაზე მოსკოვის ეპიცენტრში მიმდინარე არეულობას და აქვე დასძინა, რომ „მილიცია არაფერს აკეთებს ამ უკანონობის აღსაკვეთად“.
მისივე შეფასებით, „სხვა კანის ფერის და ეთნოსის ადამიანებზე თავდასხმები და გამოხტომები რუსეთის ხელისუფლების აგრესიული, ნაციონალისტური და მეტიც, ნაცისტური ქმედებების ნაწილია“.
„ამ ვითარებაში დიდ დატვირთვას იძენს საქართველოს პრეზიდენტის გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლა, სადაც მან განაცხადა, რომ კულტურული არეალის თვალსაზრისით არსებობს მხოლოდ ერთი კავკასია. ყველა უნდა შევიკრათ, რათა წინ აღვუდგეთ ამ ყოვლის წამლეკავ ტალღას, რომლის სახელიცაა „პუტინი“ და „მედვედევი“, - განმარტა დეპუტატმა.
ვის მიერ შეიძლება, იყოს მართული რუსეთში დაწყებული მორიგი ანტიკავკასიური ისტერია და რა შეიძლება, მოუტანოს მრავალეთნიკურ ქვეყანას შოვინისტურ გრძნობებზე თამაშმა? - ამ და სხვა საკითხებზე „პირWელი“ ქართველ, რუს და ჩეჩენ ექსპერტებს ესაუბრა.
ბელგიაში მოღვაწე პოლიტიკური ემიგრანტი იბრაგიმ ლიანოვი მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში განვითარებულ მოვლენებს უშუალოდ პუტინს უკავშირებს და აცხადებს, რომ „მსგავსი თამაშებით მას ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება სურს“.
„მდგომარეობა ძალიან რთულია და ამ ყველაფრის უკან ფაშისტური რუსეთის მთავარი „сортирщик“-ი ვლადიმერ პუტინი დგას. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ეს იმპერიის დასრულების დასაწყისია. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რას უნდა ველოდოთ მოსკოვიდან. პუტინმა და მისმა დამქაშებმა ნამდვილი - ბარბაროსული სახე გამოაჩინეს.
თუ დააკვირდებით, რუსეთის ყველა დიდ ქალაქში ეს აქციები წინასწარ იყო დაგეგმილი. როგორ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი, არადამიანური აქციები ფეხბურთის ფანების მიერ იყო ორგანიზებული, როდესაც უბრალო ადამიანებს კლავდნენ და ყველაფერს არბევდნენ?! ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე მსგავსი აქციების მოწყობა უბრალოდ შეუძლებელია!
დააკვირდით ამ ფაშისტურად განწყობილი ახალგაზრდების ჩაცმულობას, მათ ნიღბებს... ნიღბის ქვეშ ტიპიური „ეფ-ეს-ბეშნიკები“ იმალებიან. წინათ ისინი პუტინის ხელდასმით სხვა მეთოდებით მოქმედებდნენ: სახლებსა და მეტროს სადგურებს აფეთქებდნენ, შემდეგ კი „კავკასიელების კვალს პოულობდნენ“ და მომხდარს მათ აბრალებდნენ. ამ ყველაფრის მიზანი ეთნიკურ და რასისტულ ნიადაგზე დაპირისპირებაა.
კავკასიის ყველა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ფაშისტებისთვის არაფერს წარმოვადგენთ და ამ პირობებში ჩვენი გადარჩენა მხოლოდ ჩვენს ერთობაშია. პუტინი ფორტეპიანოზე უკრავს და ინგლისურად მღერის იმაზე, თუ საიდან იწყება სამშობლო, მაშინ, როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. ჩვენი პასუხია: პუტინო, ჩვენ ასეთი სამშობლო არ გვინდა!“, - განუცხადა „პირWელს“ ლიანოვმა.
ჩეჩნეთის დაღუპული პრეზიდენტის - ასლან მასხადოვის ვაჟი ანზორ მასხადოვი რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით 1994 წელს იხსენებს, როდესაც ჩეჩნურ მიწაზე ომი დაიწყო.
„მაშინაც ანალოგიური მდგომარეობა იყო. მშვიდობიან კავკასიელებს აკავებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ. შემდეგ ოკუპანტების ჯარი ჩვენს მიწაზე შემოიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ნაციონალიზმით, რასიზმითა და ფაშიზმითაა გაჟღენთილი. მოსკოვში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მიერ არის მართული.
არიან ძალები, რომლებსაც ეს ყველაფერი ძალიან აწყობთ. საზოგადოებაში იქმნება აზრი, რომ კავკასიელი ერები ძალიან ცუდია, ხოლო რუსი ყველა ერზე მაღლა დგას. ასე მუშაობდა ოდესღაც „კა-გე-ბე“, „ეფ-ეს-კა“, ახლა კი „ეფ-ეს-ბე“, ერთი სიტყვით - კრემლი. კავკასიაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როდესაც ათასობით კავკასიელი რუს ან სხვა ერის წარმომადგენელს ცემდა. კავკასიაში ტოლერანტობა ყველაზე მაღლა დგას. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ოკუპანტების წინააღმდეგ. ყველანაირ ცივილიზებულ ბრძოლას მანამ გავაგრძლებეთ, სანამ მათი მხრიდან აგრესია გაგრძელდება.
ჩვენ გვაჩვენებენ, რომ კავკასიელები არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი ერთობით საპირისპირო უნდა დავანახოთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ყველამ, რომ რუსეთთან კავკასიური რესპუბლიკების მეგობრობა კარგის არაფრის მომტანია, ხოლო ჩვენი გადარჩენა მხოლოდ ჩვენს ერთობაშია“, - განუცხადა „პირWელს“ მასხადოვმა.
ექსპერტის კავკასიის საკითხებში გიორგი მამულიას შეფასებით, „მოსკოვში ანტიკავკასიურ ნიადაგზე დაწყებული არეულობა პირდაპირი შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჯერ კიდევ სსრკ-ის დაშლის დროიდან კრემლი ატარებდა“.
„რუსეთს უნდა ახსოვდეს მისივე ისტორიის ის ფურცლები, რომლებიც ნათელჰყოფს, რა შედეგი შეიძლება, მოუტანოს ასეთ მრავალეთნიკურ ქვეყანას შოვინისტურ გრძნობებზე თამაშმა. თავის დროზე ნიკოლოზ მეორეც შეეცადა, რუსეთის იმპერიის შინაგანი განუვითარებლობისა და ჩამორჩენილობის კომპენსაცია ველიკორუსულ-შოვინისტური განწყობილებების გაღვივების ხარჯზე მოეხდინა.
ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, იმ დროის ამბებსა და ჩვენი დროის მოვლენებს შორის პირდაპირი პარალელი იკვეთება. მართლაც, განა დიდი განსხვავებაა, გასული საუკუნის დასაწყისში არსებულ შავრაზმულ „რუსი ხალხის კავშირსა“ და მის ლიდერ პურიშკევიჩსა და პუტინის „ნაში“-სტებსა და ჟირინოვსკის შორის?! წმინდა დროის ფაქტორის გარდა, აქ აბსოლუტურად ანალოგიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე.
რით დამთავრდა რუსეთის ბოლო მეფის მიერ შავრაზმელთა წაქეზება, ყველამ კარგად ვიცით: რევოლუციით, მმართველი ფენის განადგურებითა და იმპერიის სრული კრახით. სხვანაირად არც შეიძლებოდა, ყოფილიყო, რადგან ნაციონალიზმი, მითუმეტეს - ასეთ ველურ, ბიოლოგიურ ფორმებში ის უკურნებელი სენია, რომელიც გარდაუვლად კლავს მრავალეროვან იმპერიებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პუტინმა რუსეთში შოვინისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის დანერგვაში თავისი „ორიგინალური წვლილიც“ შეიტანა.
კერძოდ, მოსახლეობის ფართო მასებში სამართლის ცნება, რომლის ჩანასახებიც ელცინის დროს, ავად თუ კარგად, მაინც იკვეთებოდა, ძირფესვიანად ამოიძირკვა და ის შიშველი ძალის, ანუ ძალმომრეობის უფლებით შეიცვალა. ფაქტობრივად, პუტინისეული პროპაგანდა არც მალავს, რომ მართალი ის არის, ვინც ძლიერია. ამან კი რუსულ ახალგაზრდობაში, რომელიც ისედაც მოწამლული იყო ბოლო ოცი წლის შოვინისტური პროპაგანდით, აგრესიულობის გრძნობა უკიდურესად გაზარდა.
სწორედ ამან მოგვიტანა დღევანდელი პროცესები, რომლებიც, რუსეთის სპეციფიკის გათვალისწინებით (ფეოდალური ყაიდის სახელმწიფო, მოსახლეობის პოლიტიკური აპათია, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობა და ა. შ.), ადვილად შესაძლებელია, სრულ პოლიტიკურ დესტაბილიზაციაში და შედეგად სახელმწიფოს კოლაფსშიც გადაიზარდოს. შეიძლება, ითქვას, რომ პუტინმა თავის დროზე ქარი დათესა, რომელსაც ქარიშხლის სახით უკვე იმკის“, - განუცხადა „პირWელს“ მამულიამ.
ამასთან, ექსპერტის აზრით, ამ შემთხვევაში საქმე უფრო უმართავ პროცესებს ჰგავს, თუმცა ისინი პირდაპირი შედეგია რუსეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში პუტინიზმის იდეოლოგიის ბატონობის.
„არა მგონია, ჩრდილოეთ კავკასიაში პუტინმა იმაზე მეტი შეძლოს, რაც უკვე მოიმოქმება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩრდილოეთ კავკასიელ პარტიზანთა ტაქტიკა არა ფართომასშტაბიან საბრძოლო ოპერაციებს, არამედ წმინდა პარტიზანულ მოქმედებებს ემყარება.
ამავე დროს, მოსკოვში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რაოდენ სწრაფად და კატასტროფიულად იზრდება სრული განხეთქილება და გაუცხოება რუსებსა და კავკასიელებს შორის, ეს კი პირდაპირი გარდამავალი სტადიაა იმ მიმართულებით, რომ მოსკოვში აფეთქებული ბნელი ბრბოს აგრესია შემდგომ ტრანსფორმაციას განიცდის და, საბოლოო ჯამში, მოწოდებაში „არ გვინდა კავკასია“ გარდაიქმნება.
ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება მოვლენათა განვითარების დინამიკას არ უნდა ჩამორჩეს. რაც უფრო მეტად იზრდება უფსკრული რუსეთში რუსულ-სლავურ და კავკასიურ მოსახლეობას შორის, მით უფრო მეტად აქტიურ კურსს უნდა ატარდებდეს თბილისი ჩვენი კავკასიელი მეზობლების მიმართ“, - განმარტა ექსპერტმა.
ექპერტ სოსო ცინცაძის აზრით, მოსკოვში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები რუსული საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის საშიშ ხასიათს იღებს.
„ანტიკავკასიური მოვლენები რუსეთისთვის თავის ერთ-ერთი ტკივილია. ბოლო დღეების ვითარება რუსეთის ხელისუფლების იმიჯს სრიოზულ დარტყმას აყენებს და ეს იმ ფონზე, როცა დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკაა დეკლარირებული. აქედან გამომდინარე, გამოვრიცხავ იმის ალბათობას, რომ ამ კამპანიის უკან ხელისუფლება იდგეს.
გარდა ამისა, ვფიქრობ, აღნიშნულმა პროცესებმა შესაძლოა, ქვეყანაში ინვესტიციების შედინება შეაჩეროს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხელისუფლება იძულებული გახდება, მკაცრი ზომები მიიღოს, რადგან როცა საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს იმიჯს, ხელისუფლება მკაცრი ნაბიჯების გადადგმას არ ერიდება“, - განუცხადა „პირWელს“ ცინცაძემ.
ექსპერტის კავკასიის საკიხთებში მამუკა არეშიძის აზრით კი, „თუ საწყის ეტაპებზე რუსეთის ხელისუფლება ანტიკავკასიურ ისტერიას ხელს უწყობდა და სათავისად იყენებდა, ახლა მას ამ პროცესების კონტროლი უჭირს“.
„ანტიკავკასიური განწყობები რუსეთისთვის სენია და დიდი ხანია, არსებობს, უბრალოდ დღეს ეს ყველაფერი უფრო მკაცრად იჩენს თავს. რუსეთის ხელისუფლება რამდენიმე წლის წინ ამ ისტერიას და კამპანიას თავად უწყობდა ხელს და შემდეგ სათავისოდ იყენებდა, თუმცა დღეს ამ პროცესების გაკონტროლება საკმაოდ უჭირს.
რაც დღეს ხდება, მისი ანდრინდელი შეცდომების შედეგია. ამიტომაც არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი პროცესების უკან ხელისუფლება იდგეს, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ არსებული სიტუაცია მმართველმა ძალამ სათავისოდ გამოიყენოს, მითუმეტეს, როცა საპრეზიდენტო არჩევნები არცთუ ისე შორსაა“, - განუცხადა „პირWელს“ არეშიძემ.
რუსეთში მოღვაწე სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენგაუერის შეფასებით, მოსკოვში სადღეისოდ არსებული სიტუაცია ხელისუფლებისთვის საკმაოდ სახიფათოა.
„მოგეხსენებათ, რუსეთში არასლავური, კავკასიური და აზიური გარეგნობის უამრავი ადამიანი ცხოვრობს. თუ ეს პროცესები შემდგომშიც გაგრძელდება, სიტუაცია შეიძლება, უმართავი გახდეს. არადემოკრატიული ხელისუფლება არც ისე მყარია. 11 დეკემბერს მანეჟის მოედანზე შეტაკებების დროს ვნახეთ, რომ შინაგანი ჯარი არც ისე მომზადებულია. მილიციის ნაწილებში ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც ანტიკავკასიური განწყობით არის გაჟღენთილი, საზოგადოებისთვის კი სულერთია, ვინ რას მოიმოქმედებს კავკასიელების მიმართ.
ამ პირობებში სიტუაცია ძალიან რთულია. შესაძლებელია, მაგალითად, არასლავური წარმომავლობის ახალგაზრდები გაერთიანდნენ და საპასუხო ქმედებებს მიმართონ, ეს კი იმის საშიშროებას ქმნის, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი დარბევები და შეტაკებები დაიწყოს. ასე, რომ, მდგომარეობა საკმაოდ რთული და ძნელად პროგნოზირებადია. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება ადექვატურად იმოქმედებს“, - განუცხადა „პირWელს“ ფელგენგაუერმა.
რუსეთის მმართველი პოლიტიკური ელიტის წევრი, დეპუტატი სერგეი მარკოვი კი მოსკოვში არსებულ სიტუაციას „რთულად, მაგრამ კონტროლირებადად“ აფასებს.
„ამ დროისთვის დედაქალაქში მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მშვიდია, თუმცა ჯერ კიდევ წუხელ საკმაოდ რთული იყო. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მანეჟის მოედანზე ულტრანაციონალისტების შეკრება იგეგმებოდა, თუმცა სამართალდამცველმა სტრუქტურებმა დროულად იმოქმედეს და ინციდენტის თავიდან აცილება მოახერხეს. მანეჟის მოედანზე გადაადგილება აღდგენილია, თუმცა მილიცია მიმდებარე პერიმეტრს კვლავინდებურად იცავს“, - განუცხადა „პირWელს“ მარკოვმა.
ამავდროულად, მისი შეფასებით, „11 დეკემბრის არეულობისას კორუმპირებულმა მილიციამ სიტუაციის დროულად აღკვეთა ვერ მოახერხა“.
„ულტრანაციონალისტების მასობრივი გამოსვლები მეტი მხარდამჭერების მოპოვებასაც ისახავდა მიზნად. ამ გამოსვლების მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ეთნიკური რუსის მკვლელობაში დამნაშავეები მილიციელებმა გაუშვეს. ამას პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებაში მილიციის მიმართ აღშფოთება არ იმალება და მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც დაუცველობის გრძნობა გაუჩნდა, ამ აქციების ორგანიზატორებს თანაუგრძნობს.
ახლა მთავარია, ულტრანაციონალისტებისა და კავკასიელების შეჯახება არ მოხდეს, რადგან ეს უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ კავკასიელთა სათვისტომოების ხელმძღვანელები საკუთარ ახალგაზრდებს შეაგნებინებენ, როგორ უნდა მოიქცნენ უცხო ქალაქებში. ჯერჯერობით კი სიტუაცია შედარებით მშვიდია, მაგრამ ფეთქებადი“, - განმარტა მარკოვმა.
დასავლური პრესა რუსეთში ნაციონალისტებსა და ეროვნულ უმცირესობების წარმომადგენლებს შორის მომხდარ შეტაკებას აქტიურად ეხმაურება .
„ვიდრე პუტინი ინგლისურად მღეროდა, მოსკოვმა და კიდევ ორი დიდი ქალაქმა ნაციონალიზმის ციებ-ცხელება გადაიტანა“, – წერს გერმანული გამოცემა Der Tagesspiegel. მისი ინფორმაციით, 11 დეკემბერს მოსკოვის ცენტრში მომხდარ შეტაკებისას 31 ადამიანი დაზარალდა, 66 პოლიციამ დაიჭირა. ინციდენტის მიზეზი კავკასიური წარმოშობის მოქალაქეების მიერ საფეხბურთო კლუბ „სპარტაკის“ გულშემატკივრის ეგორ სვირიდოვის მკვლელობა გახდა.
Der Tagesspiegelის ცნობით, ანალიტიკური ცენტრის „სოვას“ ექსპერტი გალენა კოჟევნიკოვა რამდენიმე თვის წინ აკეთებდა პროგნოზს იმის შესახებ, რომ საფეხბურთო ვნებების და ექსტრემისტული იდეების შეჯახება რუსეთში საშიშ ხასიათს მიიღებდა.
„იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის გამო თავს დამარცხებულად გრძნობენ, ეს შესანიშნავი პირობაა აგრესიის გამოსავლენად“, – წერს ექსპერტი გერმანული გამოცემის ფურცლებზე.
„გასულ შაბათს რასისტების დაჯგუფება მოსკოვის პოლიციას ბოთლებითა ქვებით დაუპირსპირდა“, – სტატიას ამ სათაურითThe Financial Times აქვეყნებს. „ძალადობის ფაქტებმა ულტრანაციონალისტების ძალა გამოავლინა, მათმა რიცხვამ მოსკოვის შეტაკებისას 70 ათასს გადააჭარბა. ასეთი მასშტაბის ძალადობის ფაქტები რუსეთშიც კი იშვიათია“, – ნათქვამია სტატიაში.
The New York Times კი იტყობინება, რომ ძალადობის ტალღა ისე სწრაფად გავრცელდა, რომ სიძულვილი ახლაც კი ბობოქრობს მოსკოვის ქუჩებში. ნაციონალისტმა დემონსტრანტებმა, რომელთაც სლავური წარმოშობის საფეხბურთო გულშემატკივრის მკვლელობა გააპროტესტეს, მოსკოვის ყველა მეტროსადგურის შესასვლელთან დგანან.
„კავკასიელების დაცვაში გამოვლენილმა პოლიციელების პასიურობამ ნაციონალიზმის ტალღის აგორებას შეუწყო ხელი“, – წერს ესპანური გამოცემა El Pais. „კადრები, სადაც პუტინი ინგლისურად მღეროდა და პიანინოზე უკრავდა სანკტ-პეტერბურგში, აშკარა კონტრასტს ქმნიდა იმასთან, რაც ხდებოდა დედაქალაქის ქუჩებში“, – წერს გამოცემის კორესპონდენტი.
El Pais რუსეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ანდრეი ნეჩაევის კომენტარსაც აქვეყნებს. „რუსეთში სოციალური აფეთქება თუ მოხდება, ეს დემოკრატიული კი არ იქნება, როგორც ეს 1980-იან წლებში მოხდა, არამედ ნაციონალისტურ და მემარცხენელიბერალურ საფუძველზე მოხდება“, – აცხადებს ნეჩაევი.