„შემთხვევითი არაა, რომ ნინო ბურჯანაძემ დაამუნათა ბიძინა ივანიშვილი, ამდენი ფული გაქვს და შენი მომხრე ერთი პარტიაც ვერ იპოვე ოპოზიციაშიო? ფაქტობრივად, ბურჯანაძემ ამით უთხრა ივანიშვილს, დააფინანსე და თავად შექმენი ოპოზიცია, რატომ არ ქმნი ოპოზიციასო? ეს რომ გადაითარგმნოს, შეიძლება ბიძინას მიმართ მართლაც გაჩნდეს ასეთი დაკვეთა, რომ შექმნას ოპოზიცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
თავის დროზე „ქართული ოცნების“ ლიდერშიპის პოლიტიკაში დარჩენის საკითხს ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავდა, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს განუწყვეტლივ უსვამდა კითხვას, „ბატონო ბიძინა, ხომ არ დადგა ჩემი წასვლის დრო?“ ახლა კი რამდენად დროულად გადაწყვიტა ივანიშვილმა პოლიტიკიდან დისტანცირება და როგორ აისახება ეს ე.წ. ცხელი გაზაფხულის პირას მყოფ ქართულ პოლიტიკაზე?
- ე.წ. პოლიტიკური ცხელი გაზაფხულის არ მჯერა, ეს გამორიცხულია, იაგო ხვიჩიამ კარგად თქვა, მათი მოწყობილი აქციები არ გაიშვასო. რისი აქციების ჩამტარებელია „ევროპული საქართველო?!“ რა თქმა უნდა, იქნება სირთულეები, ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც კოვიდპანდემიის და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაგრამ ეს პოლიტიკაში არ შექმნის გადაულახავ კრიზისს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას, მან დრო სწორად შეარჩია, რადგან დიდი ხანია, დისტანცირებული იყო პოლიტიკიდან, მაინცდამაინც არ გვანებივრებდა საჯარო გამოსვლებით, ბოლოს მაშინ გამოჩნდა, როცა საარჩევნო კამპანია დაიხურა, „ქართული ოცნების“ ბოლო შეხვედრაზე მივიდა, თანაც, როგორ მივიდა? ჯერ ჩანაწერი გაუშვეს, თითქოს იქ არ იყო, შემდეგ კი სულ ბოლოს გამოჩნდა, სცენაზე გამოვიდა, თითქოს ეს ყველაფერი ინსცენირებული იყო, რომ იგი წასვლისთვის ემზადებოდა. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი მართლაც წავიდა პოლიტიკიდან, რადგან, თუ ვინმე ყველაზე მეტად ჰგავს პარტიას ქართულ პოლიტიკაში, პირველ რიგში, ეს „ქართული ოცნებაა“. ჩამოყალიბებამდე ჯერ ბევრი აკლიათ, მაგრამ „ქართული ოცნება“ ყველას უსწრებს ამ თვალსაზრისით. რითი განსხვავდებიან დღევანდელი ჩვენი პარტიები ინსტიტუციური განვითარებით გამორჩეული რეალური პარტიებისგან? პირველ რიგში, იმით, რომ ჩვენში პირად ურთიერთობებზეა დამყარებული პოლიტიკური პარტიების სტრუქტურა. არის ლიდერი და ლიდერების გარშემო შემოკრებილი ადამიანები, მათ შორის, პირადი ურთიერთობები აყალიბებს ამ პარტიებს. ინსტიტუციური პარტია კი სულ სხვა რამეა, ის გამოხატავს მოსახლეობის შედარებით უფრო ფართო ჯგუფების ინტერესებს და ცდილობს, პოლიტიკაში ის ინტერესები გაატაროს. სწორედ ამ გზაზე დგას „ქართული ოცნება“ და გარკვეულ ეტაპამდე ბიძინა ივანიშვილთან პირადი ურთიერთობით ხდებოდა ეს, დღეს უკვე ზედმეტია ბიძინა, აღარ არის საჭირო და ამიტომაც გაეცალა საკუთარ პარტიას, გზა მისცა იმას, რომ ინსტიტუციურად განვითარდეს ეს პარტია და პირად ურთიერთობებზე აგებული აღარ იყოს.
ცალკეული შეფასებებით, ეს არის „თვინიერ კრავთა“ პარლამენტი, სადაც რომან გოცირიძისეული „მოგელანდებით“ შეიძლება გაისმას. სხვათა შორის, გახარიამაც არაკომფორტულად იგრძნო თავი ერთპარტიულ პარლამენტში. როგორ ფიქრობთ, თუკი ოპოზიციური ვაკუუმი არ ამოივსო, თვით „ქართული ოცნების“ წევრებისთვისაც კი მალე მოსაწყენი არ გახდება ასეთი პარლამენტი?
- ეს არის პრობლემა და გამოსავალი უნდა მოინახოს. პრობლემის გასაღებია პარტიულ-პოლიტიკური სისტემა. სწორედ პარტიულ-პოლიტიკურმა სისტემამ უნდა შვას „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, ანუ რეალური ახალი ოპოზიცია. ფორმალურად როგორ უნდა მოვახერხოთ ეს, რომ პარლამენტში შემოვიდეს ოპოზიცია, ამას სჭირდება ფიქრი და გადაწყვეტილების მონახვა. არის ვარიანტი, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ მხოლოდ იმ მანდატების გასანაწილებლად, რაზედაც უარი თქვა ოპოზიციამ. ბატონმა მინდია უგრეხელიძემაც ამას წინათ იგივე ბრძანა, რომ შესაძლებელია, ეს მანდატი სხვა პარტიებზე გადანაწილდეს. საბოლოო ჯამში, როგორი იქნება 2021 წლის საპარლამენტო ცხოვრება, ამას სულ მალე დავინახავთ.
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ 3-4 პარტია აუცილებლად შევა პარლამენტში თებერვლისთვის. ვთქვათ, ასე არ მოხდა, მაშინ ხელოვნურ ოპოზიციაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ, როგორც ეკა ბესელია იქცა ოპოზიციად და ვერც კი წარმოედგინათ, რომ ბესელია ოპოზიციონერი გახდებოდა, ასევე, გავლენ „ოცნებიდან“ სხვა ადამიანები და „ოცნება“ საკუთარ წიაღშივე შობს ოპოზიციას? ეს სცენარი მოსალოდნელია?
- რასაკვირველია, ესეც შესაძლოა მოხდეს. ეს, ალბათ, ხუმრობაა, მაგრამ სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. რა ვიცი, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ბიძინა ივანიშვილი შემოტრიალდეს პოლიტიკაში და ოპოზიცია შექმნას. ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, როგორც კი „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ცოტა ხანს ვიქნები პოლიტიკაში და მერე წავალ პოლიტიკიდან, რადგან ჩემი მიზანია „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოვაშორო ამ ხელისუფლებას, მერე გარედან ვეცდები, როგორც მოქალაქე, ჩემი ყველა რესურსი გამოვიყენო ხელისუფლების კონტროლისთვისო და, თუ აღმოვაჩენ, რომ ეს საჭიროა, მე თვითონ შევქმნი ახალ ოპოზიციასო. მე მგონი, ასეთი მდგომარეობა გვაქვს დღეს, რომ ოპოზიცია ბიძინას გარეშე არ იქმნება. ამდენად, ვინ იცის, იქნებ, ასეც მოხდეს, თვითონ ბიძინა წავიდეს ოპოზიციაში და შექმნას ოპოზიცია. ეს შესაძლებელია და აქედან რა გამოდის? რომ ბიძინას გარეშე ოპოზიციაც ვერ იქმნება. სხვათა შორის, შემთხვევითი არაა, რომ ნინო ბურჯანაძემ დაამუნათა ბიძინა ივანიშვილი, ამდენი ფული გაქვს და როგორ, ერთი პარტიაც ვერ იპოვე შენი მომხრე ოპოზიციაშიო? ფაქტობრივად, ბურჯანაძემ ამით უთხრა ივანიშვილს, დააფინანსე და თავად შექმენი ოპოზიცია, რატომ არ ქმნი ოპოზიციასო? ეს რომ გადაითარგმნოს, შეიძლება ბიძინას მიმართ მართლაც გაჩნდეს ასეთი დაკვეთა, რომ შექმნას ოპოზიცია, ხომ შექმენი ერთი „ქართული ოცნება“, ახლა შექმენი მეორე „ოცნება“, ოღონდ ამჯერად ოპოზიციურიო. როგორც ეს „გირჩის“ შემთხვევაში მოხდა, არსებობს ერთი „გირჩი“, მეორე „გირჩი“... ხომ ხედავთ, „გირჩის“ მეტი არაფერი არ გამოდის ჩვენს ოპოზიციაში.
იქმნება მხოლოდ „გირჩი“ კუბში და კვადრატში?
- ზუსტად ეს შეგვიძლია ვთქვათ ამ ოპოზიციის შემხედვარე. რას ჰგვანან? რას ქმნიან? ამ ოპოზიციას აკეთებენ, აკეთებენ და გამოდის „გირჩი“… ამ წვალებას ერთი კარგი ტაბურეტკა გაეკეთებინათ.
თუკი ეს პარლამენტარები ბეთჰოვენსა და მოცარტზე ჭუკჭუკში აპირებენ დროის გატარებას, როგორც ამას ალეკო ელისაშვილი წინასწარმეტყველებს, მაშინ მათ რამენაირად ემჩნევათ, რომ მათგან ან ხელოვნური ოპოზიცია გამოვა, ამ ნამდვილი ოპოზიცია?
- ელისაშვილს კი უყვარს ბევრი ლაპარაკი, შედი, დალოცვილო, პარლამენტში და გარედან კი ნუ ლაპარაკობ, შიგნიდან ილაპარაკე, რაც მოგწონს, ის გააკეთე. ეს ოპოზიცია თვითონვეა თავიანთი ექსტრემიზმის მძევალი. თავიდან რომ თქვეს, არ შევალთო, ახლა როგორ გინდათ, შევიდნენ? სხვათა შორის, ირაკლი კობახიძემ სწორად შენიშნა, რომ მათ კარგი არჩევანი აღარ აქვთ, პარლამენტში შევლენ, ეს ცუდია, რადგან გასაგებია, უნდა შეატრიალონ „პლასტინკა“, გადმოაბრუნონ, აბსოლუტურად წაღმა ილაპარაკონ ის, რაზეც აქამდე უკუღმა ლაპარაკობდნენ. ეს რთული ამბავია, პოლიტიკაში რომ არის ინერცია, არც ერთ სხვა სფეროში არ არის ასეთი ინერცია. მეორე მხრივ, არ შევიდნენ პარლამენტში, ეს საერთოდ სიგიჟეა. ახლა ცდილობენ, რაღაცნაირად გააპრავონ ის, რომ ხვალ-ზეგ შევლენ პარლამენტში. ცხადია, მძიმე მდგომარეობაში ვინც არის, ევრონაცები, ან თუნდაც ნაცები, ისინი არ შევლენ პარლამენტში, რადგან ეს იქნება მთელი მათი პოლიტიკური საქმიანობის ანიჰილაცია, გაქრობა. ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა უარყონ რევოლუციური გზა, პარლამენტში რომ შევიდნენ, ეს იქნება მათთვის არარა. მიხეილ სააკაშვილის, ანუ ცხრაწლიანი რეჟიმის არჩევნების გზით დაბრუნება საქართველოში წარმოუდგენელია. „ნაციონალებს“ ამის გააზრება უჭირთ, ტაბუირებულია ეს თემა. ლაპარაკია ისეთ უმძიმეს ექსცესებზე, რაც დაკავშირებულია დავითგარეჯის ამბებთან, ადამიანის წამებასთან, ცოცხალი ადამიანების ციხეში გაუპატიურებასა და ტანჯვასთან, ციხეში ადამიანების დახოცვასთან. ეს თემები ტაბუირებულია. როცა ასეთი საქციელი გაქვს ჩადენილი და მხილებული ხარ ამაში, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ შენ ხელისუფლებაში არჩევნებით დაბრუნდე? ხალხს თუ ეს ყველაფერი დაავიწყდა, ეს ნიშნავს, რომ ის ხალხი აღარ არის. ხალხს თუ ასეთ რამეს გაუკეთებს ვინმე და ის დაავიწყდება მას არა მარტო ახლა, არამედ ოდესმე, ე.ი. ის ხალხი არ არსებობს. ის, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა აგვისტოს ომში, საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა არასდროს, რამხელა ისტორია გვაქვს, ათასი წლებია, მაგრამ ასეთი მძიმე შემთხვევა საქართველოს ისტორიიდან არ მახსენდება. ასეთი რამის ჩამდენი ადამიანი უტიფრად გეუბნება, ამირჩიეთ, თქვენი პრემიერი უნდა ვიყოო. შეიძლება მოატყუო საზოგადოების ნაწილი, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ მოატყუებ.