„სააკაშვილთან დაახლოებულ ვიწრო წრეში ოქტომბრამდე ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე მსჯელობენ“

„სააკაშვილთან დაახლოებულ ვიწრო წრეში ოქტომბრამდე ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე მსჯელობენ“

უშიშროების ყოფილი მინისტრი, ირაკლი ბათიაშვილი აცხადებს, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული გარკვეული ჯგუფი, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავს. ირაკლი ბათიაშვილი, რა თქმა უნდა, წყაროს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ იმ ჯგუფში, სადაც ეს გეგმა მწიფდება, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ერთი წრე მოიაზრება, რომელთაგან ნაწილი საქართველოში, ნაწილი კი უცხოეთში იმყოფება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს არც თუ შორეულ წარსულში, ნაციონალური ხელისუფლების პირობებში, უკვე არსებობს პრემიერ-მინისტრის საჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინაც, ზურაბ ჟვანია არ აწყობდა გარკვეულ ჯგუფებს, მისი გარდაცვალება კი კვლავ ბურუსით მოცულია, ყოფილმა ხელისუფლებამ არ იზრუნა საქმის დამაჯერებლად გამოძიებაზე, მხოლოდ ამ ფაქტიდან გამომდინარე ვერ ვიტყვით, რომ მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ შეთქმულების თეორიას შეიძლება ემყარებოდეს.

ბატონო ირაკლი საკმაოდ ყურადსაღები ინფორმაცია მოგვაწოდეთ, რატომ გადაწყვიტეთ ამაზე საჯაროდ ლაპარაკი?

- საჭიროდ ვთვლი, რაღაც დონეზე განვასაჯაროო ინფორმაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, გადამოწმებას საჭიროებს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ, უაღრესად ვიწრო წრეში, რომელთაგან გარკვეული ნაწილი დღეს საზღვარგარეთ იმყოფება და ზოგიერთი მათგანი ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი მაღალჩინოსანია, აქტიურად განიხილავენ, უფრო სწორად, ჯერჯერობით, მიდის მხოლოდ ლაპარაკი და მსჯელობა ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის შესაძლებლობის თაობაზე.

თუმცა, დაზუსტებით არ არის ლაპარაკი, რომ ეს იქნება დღეს ან ხვალ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საუბარი ეხება იმას, რომ შესაძლებელია (თუ ამაზე საერთოდ სერიოზულად წავლენ), ეს მოხდეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ბატონო ირაკლი, იმის მიუხედავად, რომ პასუხი წინასწარ ცნობილია, მაინც უნდა გკითხოთ, როგორ გახდა ეს ინფორმაცია თქვენთვის ხელმისაწვდომი?

- მე მინდა აქვე დავაზუსტო, ძალიან ვეჭვობ, ეს ინფორმაცია არ ჰქონდეთ ისეთი ქვეყნის სპეცსამსახურებს, როგორიც არის აშშ-სა და რუსეთის სპეცსამსახურები. თავს ვერ დავდებ ამ ინფორმაციის აბსოლუტურ სიზუსტეზე, მის გადამოწმებულობაზე, მაგრამ როდესაც ადამიანი მსგავსი ტიპის, თუნდაც გადაუმოწმებელ ინფორმაციას იღებს, ვალდებულია, მისი განსაჯაროება მოახდინოს.

მსგავსი ინფორმაცია ვრცელდებოდა არჩევნებამდეც, ვგულისხმობ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ინფორმაციას მსგავსი გეგმის შესახებ, შემდეგ ლაფანყურში შეიარაღებული რაზმის შეკრების ერთ-ერთ მოტივად დასახელდა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის გეგმა, შესაძლოა, ერთსა და იმავე ორგანიზატორებზე იყოს საუბარი?

- იმ პერიოდში, როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, ჭორის დონეზეც არ მოსულა ჩემამდე მსგავსი ამბავი და ეს გავიგე მხოლოდ მედიასაშუალებების მეშვეობით. ახლა რაზეც გელაპარაკებით, გეუბნებით იმას, რის შესახებაც გარკვეული ინფორმაცია მე მივიღე და თავისთავად, ვალდებული ვარ მისი განსაჯაროება მოვახდინო. თანაც ეს სავსებით ლოგიკურად მეჩვენება.

რა არის ის ლოგიკური მიზეზი, რითაც ამ ინფორმაციის სარწმუნოება მყარდება თქვენთვის?

- ყოველ შემთხვევაში, იმ ინფორმაციით რაც გამაჩნია, ეს ყველაფერი არის მსჯელობის დონეზე, თუმცა - აქტიური მსჯელობის. არ არის ლაპარაკი დღეს და ხვალ, მაგრამ ლაპარაკია აუცილებლად საპრეზიდენტო არჩევნებამდე. სხვას ვერაფერს გეტყვთ. იმისათვის, რომ ეჭვი გაგვიჩნდეს იმის თაობაზე, რომ ეს ინფორმაცია არის ნამდვილი, ამისთვის სათანადო ლოგიკა არსებობს.

რა არის ეს სათანადო ლოგიკა, დაახლოებით მისახვედრია, თუმცა უმჯობესია ეს თქვენგან მოვისმინოთ...

- არიან ექსტრემისტულად განწყობილი ელემენტები...

ქვეყნიდან გასულები არიან ადეიშვილი, შაშკინი, ვის გულისხმობთ, ყოფილი მაღალჩინოსნების რამდენიმე დაჯგუფება იყო...

- ვერ დავაკონკრეტებ, არიან ასეთები და ფულიც დიდი აქვთ გატანილი. თანაც ძალიან დიდი რაოდენობის ფულზეა ლაპარაკი...

გექნებათ, ალბათ, ინფორმაცია, როდის მოასწრეს ამ თანხის გატანა...

- ჯერ, მარტო, თავდაცვის სამინისტროდან ხელჩანთებით იმ რაოდენობით გაიტანეს ევროები, მილიონობით... სანამ ბაჩო ახალაია იყო თავდაცვის მინისტრი. შემდეგ, არჩევნები რომ წააგეს, მეორე დღეს მოხდა დიდძალი ფულის გატანა. ანუ რესურსები და შესაძლებლობები დიდი აქვთ. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ იმ ინფორმაციით, რაც მივიღე, ლაპარაკია არა გადაწყვეტილებაზე, არამედ იმაზე, რომ ეს თემა აქტიურად განიხილება.

ლოგიკურად, იმ შემთხვევაში შეიძლება მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება თუ მათი პირადი უსაფრთხოების საკითხს რამე დაემუქრება? დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ დაიკითხებიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და სხვები სწორედ ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას საეჭვო გარდაცვალების საკითხზე...

- მათ უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ ვერ მისცემს და არც არავის არ ააქვს ასეთი გარანტიის გაცემის უფლება. როგორ შეიძლება გარანტიები მისცე უსაფრთხოების საკითხებზე? იმდენი სარჩელია შესული მარტო მოქალაქეების, სხვა მომენტებიც არის, ცოტა რთულია ამ ყველაფრის ანალიზი...

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს პრევენციისთვის?

- მთავარია უსაფრთხოების გაძლიერება, ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია...

წყარო, ვისგანაც ინფორმაცია მიიღეთ, თქვენთვის რამდენად სანდოა?

- მე მგონი, ირაკლი ბათიაშვილზე არასერიოზული არაფერი არ გაგიგიათ. ეს ამბავი, ახლა რაც არის ატეხილი, ესეც ხომ ჩემი ინფორმაციის საფუძველზეა. დეკემბერში ეკა ბერიძეს სპეციალურად დავურეკე და მის გადაცემაში განვაცხადე, რომ მთავრობის დათხოვნას აპირებდნენ. ეს თემა მართლა განიხილებოდა მათთან, თუმცა ესეც არ ჰქონდათ ბოლომდე გადაწყვეტილი.

თუ გაქვთ ინფორმაცია, მთავრობის დათხოვნის საკითხი დღის წესრიგიდან ამოვარდა?

- რაც გახმაურდა ეს ამბავი, მოგეხსენებათ უფრო ძნელია მისი განხორციელება. ისე სააკაშვილისგან გამორიცხული არაფერია. თუ ამათ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ შექმნეს და ვერ მიაღწიეს იმას, რომ აიძულონ და ამ ცვლილებებზე წამოიყვანონ, არ არის გამორიცხული, ისევ რაღაც პროვოკაცია მოაწყოს ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა და მერე თქვას, რომ ახლა ამას უკვე ვეღარ ავიტანთო.

მას შემდეგ რაც ეს თემა გახმაურდა, უფრო რთულია მათთვის, რომ ეს მექნიზმები გამოიყენონ. როგორ დამთავრდება, მიიღებენ ამ ცვლილებას თუ ვერა, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცასთან დაკავშირებით, ამას ვნახავთ.

თუ გავითვალისწინებთ გურამ დონაძისა ოლეგ მელნიკოვის მოულოდნელ სურვილს გამოძიებასთან ითანამშრომლონ, ეს როგორ შეიძლება აიხსნას?

- ვფიქრობ, მათ შიში აღარ აქვთ, იციან რომ სასამართლო გაუშვებს.

ეს იქნება დროებითი, აღმკვეთ ღონისძიებაზეა მხოლოდ ლაპარაკი...

- ახლა გაუშვებს, მერე შეიძლება, სასამართლომ საერთოდ გაამართლოს. საქმის არსებითი განხილვა რომ დაიწყება, ამ სასამართლოსგან მოსალოდნელია, რომ ბაჩო ახალაიაც კი გაათავისუფლოს. მითუმეტეს, სერიოზული ბრალდებები ვერ წაუყენეს, სამწუხაროდ. მაშინ, როცა უამრავი ბრალდების წაყენება შეეძლოთ. თუმცა, ბატონი არჩილ კბილაშვილი საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალია და იმედი მაქვს, თანდათანობით სერიოზულ ბრალდებებს წაუყენებენ. იმდენი საქმეები აქვთ დახვავებული, ალბათ, გარკვეული დროა საჭირო.

დონაძემ ისიც თქვა, რომ გარკვეულ მაღალჩინოსანთა დასახელებას აპირებს მოქმედი ხელისუფლებიდან...

- შს სამინისტრო გაძეძგილია ასეთი კადრებით, რომლებიც გვარბევდნენ, გვიჭერდნენ და ათას რამეში აქვთ გასვრილი ხელი. ღმერთმა არ ქნას, რაღაც დატრიალდეს, გაშლილი ხელით შეხვდებიან ვანო მერაბიშვილს, ეს ხომ ყველამ იცის. ამ მხრივ არასახარბიელო სიტუაციაა. იმას კი არ ვამბობ, რომ ყველა უნდა გაუშვა. ყოფილი ხელისუფლების თანამშრომლები აუცილებლად უნდა შეინარჩუნო. მე თვითონ ვიყავი შეფი და  ყოფილი ხელისუფლებიდან უამრავი პროფესიონალი შევინარჩუნე, იმისათვის, რომ ძლიერ პროფესიონალთა ბაზა მქონოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისეთი ხალხი შეინარჩუნო, ვისაც სისხლში აქვს ხელი გასვრილი და თანაც შეიძლება ნაღმი იყოს შენთვის ნებისმიერ მომენტში. სახლში რომ მიდის და იძახის, ვანოს გაუმარჯოს მაინცო, ასეთი ხალხი არ უნდა გყავდეს, ეს დინამიტია.

როდესაც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე გკითხეთ, ვგულისხმობ, პროკურატურის მიერ სერიოზული გამოძიებების დადება რამდენად არის პირდაპირპროპორციული იმისა, რომ ნაციონალებში მთავარი ხელშემშლელის, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა, თუკი ის მჯელობის საგანია ამ ეტაპზე, გადაწყვეტილებად იქცეს?

- არ მგონია ეს რაიმე კორელაციაში იყოს ამ თემასათან. გამოძიება ყველა შემთხვევაში წავა, სწრაფად ან ნელა. აფრასიძეების ოჯახს განცხადება რომ აქვს შეტანილი, ამას იგნორირებას ვერავინ ვერ გაუკეთებს. რობაქიძის, ვაზაგაშვილის, ციხის ბუნტის საქმეებს იგნორირებას ვერავინ ვერ გაუკეთებს. ვალერი გელაშვილის, ჟვანიას საქმეებს იგნორირებას ვერ გაუკეთებენ. იმდენი ახალი და ახალი საქმე ჩნდება, ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი ვერ გააჩერებს.

ანუ ერთადერთი მიზეზი თუ ამ გეგმის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, შეიძლება იყოს ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება და სრული ძალაუფლების ხელში აღება?

- რა თქმა უნდა, კედელთან არიან მიყენებულები და იციან, რომ ურთულეს მდგომარეობაში არიან. მაგრამ გითხარით, რომ ვლაპარაკობ არა მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ამ ინფორმაციით ლაპარაკია ადამიანების ძალიან ვიწრო წრეზე, ყოფილი მაღალჩინოსნების და არა იმაზე, რომ ნაცმოძრაობაშია ასეთი აზრი. ლაპარაკია გარკვეულ ჯგუფზე, რომლებიც არ არიან საქართველოში.

შეიძლება ასეც ითქვას, რომ ნაწილი საქართველოშია, ნაწილი კი არ არის საქართველოში?

- შეიძლება.