„საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაწყებული ფინანსური სფეროს ტრანსფორმაციის საკითხების კვლევას აგრძელებს და ამ კვლევის ფარგლებში იმ პროცესების შესწავლა იგეგმება, რამაც მოსახლეობის უკიდურესი გაღატაკება გამოიწვია.
„მოხდა მოსახლეობის ფაქტობრივი ძარცვა ისე, რომ მათზე ძალადობა არ განხორციელებულა და მათ ჯიბიდან უზარმაზარი თანხები იქნა ამოღებული. ამ საკითხთან მიმართებაში ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა გამოვკვეთეთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს ორგანო ფულად საკრეტიდო პოლიტიკაზე არის პასუხისმგებელი და შესაბამისად, პასუხს აგებს იმ მოვლენებზე, რაც 90-იან წლებში საქართველოში განვითარდა. აგორდა ჰიპერინფლაციური ტალღა და ეს სწორედ ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგი იყო. ამას კი მოჰყვა ის, რომ მოსახლეობა ძალიან დიდი სახსრების და რესურსების გარეშე დარჩა“, - აცხადებს აფბა-ს პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე.
მისი თქმით, აფბა-მ კვლევა ერთი საინტერესო ინფორმაციის მოძიებით დაიწყო. ეს ინფორმაცია ეხება დაახლოებით 500-ზე მეტ კომპანიაზე ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ 854 მილიარდი მანეთის და კუპონის საკრედიტო რესურსს, რამაც ახალგაზრდა ფინანსისტების აზრით, საფუძველი დაუდო იმ ჰიპერინლფაციურ პროცესებს, რაც საქართველოში 90-იან წლებში განვითარდა. აქვე ჭიჭინაძე დასძენს, მართალია საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფის შემდეგ ინფლაცია გარდაუვალი იყო, თუმცა, ის მასშტაბები, რაც საქართველოში იყო, არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა, რაც ახალგაზრდა ფინანსისტების განცხადებით, სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკის ბრალი იყო.
ნოდარ ჭიჭინაძე განმარტავს, რომ აფბა-მ ეროვნულ ბანკს მიმართა თხოვნით, გადასცენ მას ეროვნული ბანკის მიერ 1991-1993 წლებში გაცემული ფულადი სახსრების შესახებ ინფორმაცია - რომელ კომპანიებზე რა ოდენობის ფულადი რესურსი გაიცა და რა წვლილი მიუძღვით ამ კომპანიებს ჰიპერინფლაციის საქმეში. აფბა-ს აქვს იმ კომპანიების ნაწილის ჩამონათვალი, რომლებმაც იმ პერიოდში ეროვნული ბანკიდან გარკვეული ფინანსური სახსრები მიიღეს. ძირითადად, ეს საბანკო ორგანიზაციებია და რამდენიმე მათგანის სახელი ემთხვევა საქართველოში დღეს მოქმედი მსხვილი ბანკების სახელებს (მაგალითად, „თიბისი ბანკი“, „რესპუბლიკა“, „პროგრესბანკი“), მაგრამ აფბა-ში ვერ აკონკრეტებენ, ეს ბანკები იმ ორგანიზაციების სამართალმემკვიდრეები არიან თუ არა, რომლებმაც 90-იან წლებში ეროვნული ბანკისგან მიიღეს ფულადი რესურსები. შესაბამისად, ამ კვლევის ფარგლებში, აფბა ამ საკითხის შესწავლასაც გეგმავს. ამ პროცესში კი მათ ეროვნული ბანკიდან მიღებული ინფორმაცია დაეხმარება, რომელსაც აფბა ახლა ელოდება.
აფბა-ში განმარტავენ, რომ ამ კვლევასთან დაკავშირებით სპეციალური ვებ-გვერდიც შეიქმნება, რომელიც სულ რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მისი მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებთან რაიმე სახის შეხება ჰქონდა, შეეძლება აფბა-ს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც ამ კვლევის ჩატარებაში დაეხმარება. ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ამ კვლევის დასრულების შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცემა იმას, თუ რა მოხდა იმ პერიოდში და რატომ დაკარგა ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა სერიოზული თანხები. აქვე ფინანსისტები აღნიშნავენ, რომ თითქმის არ არსებობს საქართველოში ოჯახი, რომელსაც იმ პერიოდში ფული არ დაეკარგოს და ამიტომ, ამ საკითხის გარკვევა მთელი ქართული საზოგადოების ინტერესში შედის.
„ამ პროცესში ეროვნული ბანკის ბრალეულობა იმიტომ იკვეთება, რომ როგორც ცნობილია, საკრედიტო განაკვეთი სესხზე, ინფლაციის მაჩვენებელზე დაბალი არ უნდა იყოს. მაშინ კი, ჩვენთან ინფლაციამ წლიურ 2400%-საც კი მიაღწია, მაგრამ ეროვნული ბანკი იმდენად დაბალ პროცენტში გასცემდა სესხებს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკრედიტო რესურსს იყენებდნენ, მისი დაბრუნების დროისთვის კოლოსალურ სარგებელს პოულობდნენ. შესაბამისად, ამ პროცესში ძალიან დიდ სარგებელს ნახულობდა დაახლოებით 500-ზე მეტი ორგანიზაცია, ხოლო მოსახლეობა ღატაკდებოდა“, - აცხადებს აფბა-ს წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი.
ამასთანავე, მისი თქმით, ეს თანხები სახელმწიფოს შიდა ვალად აქვს აღიარებული და აიღო პასუხისმგებლობა, რომ ეს ვალი დაეფარა, თუმცა ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ამ თანხების კომპენსაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჯანიაშვილი ამბობს, რომ აფბა ამ საკითხს შეისწავლის და თუ ამ პროცესში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის და ბრალეულობის საკითხი გამოიკვეთება, შესაბამისად, აფბა მის მიერ მოკვლეულ მასალებს შემდგომი შესწავლისა და რეაგირებისათვის საგამოძიებო ორგანოებს გადასცემს.
აფბა-ში განმარტავენ, რომ კვლევის ჩატარებას დაახლოებით 4-5 თვე დასჭირდება, რადგან ეს არ იქნება მხოლოდ ამ ერთი ორგანიზაციის წევრების შეფასებები და მოსაზრებები, დაგეგმილია ამ პროცესში დამოუკიდებელი ექსპრეტების ჩართვაც. ამასთანავე, თვითონ თემა იმდენად მოცულობითია, რომ მისი შესწავლა ამაზე სწრაფად ვერ მოხერხდება. გარდა ამისა, აფბა-ს წარმომადგენლები შეხვდებიან ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ამ საკითხთან რაიმე კავშირი ჰქონდა.
„ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე შეიქმნა სპეციალური კომისია და რამდენიმე დასკვნაც არის დადებული, მაგრამ არც ერთ მათგანს რეაგირება არ მოჰყოლია. შეიძლება არც ამ ხელისუფლების პირობებში მოხდეს ამ თანხების კომპენსირება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ წარსულში ჩადენილი შეცდომები ერთხელ და სამუდამოდ დაფიქსირდება, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ქვეყნის მომავალ განვითარებას იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით გავაგრძელებთ, რაც შეცდომებიც წარსულში გვაქვს დაშვებული“, - აღნიშნავს ჯანიაშვილი.
აფბა-ში აქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურებსა და იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც ეროვნული ბანკისგან მაშინ ფულადი სახსრები მიიღეს, გარკვეული გარიგება მოხდა, რის შედეგადაც ეს კომპანიები გამდიდრნენ, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა გაღატაკდა.
„ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, იურიდიული პირი ეროვნული ბანკიდან აიღებდა ვთქვათ, 1000 მანეთს, რომლითაც მაშინ 1000 აშშ დოლარის ყიდვა შეეძლო, ხოლო ამ თანხის დაბრუნების პერიოდისთვის, ანუ ერთი წლის შემდეგ 1000 მანეთის ყიდვა უკვე დაახლოებით 10 აშშ დოლარს შეეძლო, დანარჩენი კი ამ კომპანიის სუფთა მოგება იყო“, - ამბობენ აფბა-ში.