„იმდენად ჭრელი და დისონანსის გამომწვევი პოლიტიკური პარტიის წევრები ჰყავს ,,ქართულ ოცნებას“, რომ ამ გაურკვეველი მასის კონტროლი გაუჭირდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.
ხელისუფლება ცალ-ცალკე მართავს კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან. მიღწევადია თუ არა შეთანხმება მათთან, რა სახით იქნება პარლამენტი წარმოდგენილი და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი 2021 წელსაც თუ გადაგვყვება?
- ჯერჯერობით რთული სიტუაციაა და პარლამენტში ერთი-ორი დეპუტატის შესვლით, ელისაშვილი აღმოჩნდება ეს, თუ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ანუ ედუარდ შევარდნაძის მილიციელი, მაინცდამაინც ფონი არ შეიცვლება. ეს მაინც ერთპარტიული პარლამენტი იქნება.
არის ასეთი ვარაუდიც, რომ რეალურად ერთპარტიული პარლამენტი მხოლოდ ოპოზიციის და მისი მოკავშირე მედიის აღქმაა და არა უდავო ფაქტი, რადგან ამ მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია და გაერთიანება მაინც არის წარმოდგენილი. ამდენად, ეს დიდი ტრაგედია არ არის ჩვენი ხელისუფლებისთვის.
- კრიზისი უკვე დაიწყო შიდა ოპოზიციურ პარტიებში, ჯერ „გირჩში“, შემდეგ უკვე „ევროპულ საქართველოში“, რომელიც იშლება, „ნაცმოძრაობაშიც“ სერიოზული განხეთქილება მოხდა, გრიგოლ ვაშაძე წავიდა მოულოდნელი ჟესტით და თავისი მომხრეები გაოცებული დატოვა. ახლა გრიგოლ ვაშაძისა და მელიას ინტელექტს უდარებენ ერთმანეთს, სინამდვილეში, მთლიანობაში, ნაცმოძრაობაში ინტელექტუალურ ნაწილს მე ვერ ვხედავ. ეს იგივეა, რაც ნაციონალური სოციალიზმი და ინტელექტუალიზმი იმ ფონზე, როცა სოციალისტურ პარტიაში არც ერთს არ ჰქონდა უმაღლესი განათლება, ერთი-ორი კაცის გარდა. თვითონ ნაცების ფიურერი, ბელადი - მიხეილ სააკაშვილი განათლებასთან მწყრალადაა. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ იქ ინტელექტუალიზმის ზეიმია. რაც შეეხება მომავალი წლის პერსპექტივას, შეიძლება მხარეები მივიდნენ კონსენსუსამდე და ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. ესეც არ არის გამორიცხული, რადგან, თუ პოლიტიკური პარტიები არ შევლენ პარლამენტში, მმართველ პარტიას შეიძლება მოუწიოს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ელისაშვილის პარტიაზე არ მაქვს საუბარი, ის არ ქმნის ამინდს, მაგრამ ელისაშვილიც შევა თუ არა, ესეც არავინ იცის. სიტუაციის ასე გაგრძელება და ერთპარტიულ პარლამენტში ყოფნა პოლიტიკური ლეგიტიმაციის საკითხს უფრო გაართულებს.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ბურთი პარლამენტშია და ეპატიჟება ოპოზიციას პარლამენტში, თუმცა, როგორც ჩანს, ეს შეთავაზება ნაცების და ევრონაცების მიმართ არ არის, რომელთა შესახებ „ოცნებაში“ ამბობენ, მათი აზრი არც გვაინტერესებსო. გაჰყვებიან თუ არა საპარლამენტო ბურთს დანარჩენი პარტიები?
- მე მგონი, ესეც სათუოა. ალბათ, დარჩება სიტუაცია ისეთივე სახით, როგორც ახლაა. მერე რა მოხდება, რთულია ამაზე ვისაუბროთ. კიდევ შეიძლება სხვა გამოწვევებიც იყოს, გეოპოლიტიკური გამოწვევები, რამაც შეიძლება უფრო გაართულოს სიტუაცია და ამან გავლენა იქონიოს შიდა მდგომარეობაზე. ადგილობრივი არჩევნების თემაც მოდის, სიტუაცია ბურუსითაა მოცული. თუ ეს პარლამენტი შენარჩუნდა, შეიძლება მივიღოთ დემოკრატიის ხარვეზები. ამ პარლამენტმა შეიძლება ისეთი კანონები მიიღოს, რომ ქვეყანაში მოხდეს ჰიბრიდული დემოკრატიის ნიშნების წარმოჩენა და ავტოკრატიზმის ელემენტის დაწყება. ერთპარტიული პარლამენტი მაინც ერთგვარი გამოწვევაა, ის უკვე არაკონტროლირებადი პარლამენტია, შეიძლება ისეთი კანონები მიიღოს, რომელიც პირადად აწყობს, ამით საქართველოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია კიდევ უფრო გაუარესდება.
როგორც ცნობილია, „ქართულ ოცნებას“ მთავარ მეტოქედ აწყობდა სახელგატეხილი „ნაცმოძრაობა“. დღესაც ხომ არ აწყობს „ქართულ ოცნებას“ ხელმოცარული ოპოზიცია მთავარ მეტოქედ, რომელიც გამუდმებით აანონსებს ქუჩის აქციებს, მაგრამ ხალხი არ მიჰყვება მათ? ამდენად, იქნებ „ოცნებისთვის“ დიდი დანაკლისი არც არის, რომ ოპოზიციონრები პარლამენტში არ შედიან, რადგან პროცესების ქუჩაში გადატანა ოპოზიციისთვის სარისკო ნაბიჯი იქნება?
- „ქართული ოცნების“ დღევანდელ შემადგენლობას შეიძლება ავტორიტარიზმის დაბრუნებაც აწყობდეს, მაგრამ აქ ერთი ნიუანსია, სიტუაცია აჭრილია, მე არ მესმის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იგნორირება. თუკი ჩვენ საპარლამენტო მოდელზე გადავედით და საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, მაშინ საპარლამენტო არჩევნები არ უნდა იყოს პრობლემური თემა თუნდაც იმიტომ, რომ საპარლამენტო მმართველობის დროს მიღებული ფორმაა ვადამდელი არჩევნები და კონსენსუსის მიღწევა. დღეს კონსენსუსი არაა მიღწეული, არის მხოლოდ ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც რა კანონებს მიიღებს, არ ვიცით. შეიძლება, მმართველ პარტიაშიც დაიწყოს გახლეჩვა და მმართველი პარტია აორთქლდეს. ბოლოს და ბოლოს, კონსტიტუციური კრიზისია, ვერ მიიღება მნიშვნელოვანი სტრატეგიული კანონები, რომელსაც შეუძლია ძირფესვიანად შეცვალოს ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური პირობები, პანდემიის ფონზე შეიძლება გაუარესდეს ეკონომიკური მდგომარეობა, დღეს უკვე ინფლაციამ სერიოზულ მასშტაბს მიაღწია. ერთი ევრო ოთხი ლარია, შეიძლება ფასები კიდევ ავარდეს და მმართველ პოლიტიკურ პარტიას გაექცეს მართვის სადავეები ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
მეორე მხრივ, ერთპარტიული პარლამენტი იმასაც ნიშნავს, რომ, რაც არ უნდა მოხდეს ქვეყანაში, ყველაფერზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.
- დიახ და ამან შეიძლება დათვური სამსახური გაუწიოს მმართველ გუნდს და მივიღოთ რევოლუციური სცენარი. როგორც „მოქალაქეთა კავშირის“ პერიოდში დაიწყო დეგრადაცია თვითონ ამ მმართველი პოლიტიკური პარტიის, ასევე, მოხდება ახლაც, იმდენად ჭრელი და დისონანსის გამომწვევი პოლიტიკური პარტიის წევრები ჰყავს ქართულ ოცნებას, რომ ამ გაურკვეველი მასის კონტროლი გაუჭირდება.
„ქართულ ოცნებაში“ თავად არ ელიან კრიზისს და ფიქრობენ, რომ, პირიქით, 1/3 მხარდამჭერს დაკარგავს ოპოზიცია და საკუთარი პოლიტიკური იგნორირების ფასს გადაიხდის.
- კი ბატონო, ოპოზიცია მხარდამჭერებს დაკარგავს, მაგრამ არც მმართველ პარტიას მოელის კარგი დღეები. შიდა კლანური დაპირისპირებები კიდევ უფრო გაიზრდება, შეიძლება თვითონ „ქართული ოცნების“ შიგნით იშვას რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობა.
თუკი „ქართული ოცნების“ წიაღიდან წარმოშობილი ოპოზიცია ხელოვნური არ იქნება და რეალური ოპოზიცია იქნება, მაშინ შეიძლება აღარც დაგვჭირდეს ნაცებზე ჩამოკიდებული ოპოზიცია?
- ოპოზიცია მაინც შენარჩუნდება, უბრალოდ, „ქართული ოცნების“ წიაღიდან ოპოზიციის გაჩენა გამოიწვევს პარლამენტის სრულ კრახს. ეს გამოიწვევს, რომ ახალი პარტიების არჩევნების დღე დადგება და ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოუწევს მმართველ გუნდს.
„ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“ შესახებაც მინდა გკითხოთ. ასეთი აზრიცაა, რომ მათ შეეძლოთ, განსხვავებული პოლიტიკური დისკურსი წარემართათ და კვაზი რევოლუციური დაპირისპირების ტალღას არ აჰყოლოდნენ. თქვენ რას ფიქრობთ?
- „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ უკვე დიდი ხანია, ჩარეცხილი პოლიტიკური პარტიებია. რაც შეეხება „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, ესენი არიან საბავშვო ბაღის აღსაზრდელების სახით. მათ რა უნდა წარმოაჩინონ? თანაც, „ლელოს“ სხვა მომენტი ჰქონდა, „ლელო“ შეიქმნა ხელოვნურ ვარიანტში. შეიქმნა იმის გამო, რომ ორი ბანკირი შესულიყო პარლამენტში და იმუნიტეტი ჰქონოდათ სისხლის სამართლის გათეთრების საქმესთან მიმართებით, რაც მათ წინააღმდეგ აღიძრა. ასე შეკოწიწდა „ლელო“, სხვა მოტივაცია მათ არ აქვთ. შეიძლება, „ლელოც“ კი დაიშალოს მარტივ მამრავლებად, ესეც არ არის გამორიცხული.
ანუ მიმდინარეობს როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების განულების პროცესი?
- დიახ და, თუ ასე წავიდა საქმე, ეს მიგვიყვანს დიქტატურისკენ, რადგან მაშინ ვიღაცამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის ხელში, მოახდინოს მმართველობის შეცვლა და საპრეზიდენტო მმართველობის შემოღება, სადაც ერთმმართველურად ხელისუფლების მართვის საშუალება იქნება.