ამიერიდან ფინანსთა სამინისტროში ბანკების წამომადგენლები ყოველ თვე შეიკრიბებიან და ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებზე ისაუბრებენ. პირველი შეხვედრა უკვე შედგა და მას უშუალოდ ფინანსთა მინისტრი და ბანკების პირველი პირები დაესწრნენ.
როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა, შეხვედრა ძალიან საქმიანი და საინტერესო გამოვიდა.
„კომერციული ბანკების წარმომადგენლებს ჩვენი ხედვები გავაცანით, მათ შორის, მაკროეკონომიკური პროგნოზები. შევეცადეთ, გაგვეგო, რა პრობლემები აქვთ მათ. შევთანხმდით, ჩვენგან ბიუჯეტისა და ეკონომიკაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად მიიღებენ”, - განაცხადა ხადურმა. ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ იმ ძირითად მაჩვენებელებს, რომელიც დღესდღეობით არის ქართულ ეკონომიკაში.
„ძალიან კარგია, რომ დეპოზიტების ზრდა საკმაოდ მაღალია. ჩვენი მხრიდან გამოითქვა ინიციატივები, რომელიც, შესაძლოა, განხორციელდეს ფინანსთა სამინისტროთან ერთად 2013 წლის განმავლობაში. შევთანხმდით, რომ მსგავსი შეხვედრები ყოველი თვის განმავლობაში გაიმართება“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და აღნიშნა, რომ საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე საკითხებსაც, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებში რამდენად იქნებიან ბანკები ჩართული. ვისაუბრეთ შრომის კოდექსზეც.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის განცხადებით კი, საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობაში დაგეგმილ პროექტებსაც. გილაურის თქმით, ბანკი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას ამ პროექტებში.
„სოფლის მეურნეობის პროექტებზეც იყო საუბარი, გააჩნია, როგორი სტრუქტურა ჩამოყალიბდება და ბანკი მოხარული იქნება, ჩაერთოს ამ პროექტებში. ეს საბანკო სექტორისთვის არის ახალი დიდი სექტორი, რომელშიც ამ ეტაპზე საბანკო სექტორი არ მონაწილეობს“, - აღნიშნა გილაურმა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რაც მოსახლეობას ახალი მთავრობისგან და შემდგომ უკვე ბანკებისგან აინტერესებს - პრობლემური სესხებია. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ამგვარი კრედიტების მოგვარებაზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, თუმცა, საბოლოოდ, აღნიშნული საკითხის დარეგულირება მაინც კომერციული ბანკების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
„როგორც ვიცი აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობდა და ჰქონდა შეხვედრები ბანკირებთან. მე, სამწუხაროდ დღეს ამ თემაზე არ მისაუბრია. თუმცა, რამდენადაც ვიცი საუბარია იმაზე, რომ ბანკების მხრიდან უნდა იყოს კეთილი ნება და დარწმუნებული ვარ, რომ არც საბანკო დაწესებულებებს არ სურთ, რომ ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით აჭარაში გარკვეული პროგრესია და მე დარწმუნებული ვარ, რომ პროცესი ცივილურ ჩარჩოებში მოექცევა“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ბანკების წარმომადგენლები კი თავიანთ ლმობიერებას უსვამენ ხაზს. მაგალითად, ირაკლი გილაური აცხადებს, რომ ბანკმა ბოლო ორი წლის განმავლობაში 35 ბინა დაისაკუთრა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
„ზოგადად, აქ მევახშეების და მათი კლიენტების ურთიერთობაზეა საუბარი. ჩვენ გადავადებული გვაქვს ძალიან ბევრი სესხი, ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 35 ბინა გვაქვს დასაკუთრებული“, - აღნიშნა გილაურმა და განაცხადა, იმ ფონზე, რომ იპოთეკურ პორტფელში სულ 10 ათასი სესხია, ეს უმნიშვნელო მაჩვენებელია.
გილაურის აზრით, ასეთი ვითარება იმის მანიშნებელია, რომ ბანკი მომხმარებლის დახმარებას ცდილობს.
„ჩვენ გადავადებული გვაქვს ძალიან ბევრი სესხი და ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, რომ კრედიტი გადაიხადონ“, - განაცხადა გილაურმა.
„თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებითაც, პრობლემა სხვა მიმართულებით უნდა დარეგულირდეს. კერძოდ, პრობლემას იწვევს ის ფინანსური კომპანიები, რომლებიც სესხებს კლიენტურის შესწავლის გარეშე იძლევიან, რაც რისკებს ზრდის.