მოღალატის იარლიყი, სახედაკარგული ოპოზიციის ნაწილი და მორიგი რევოლუციისთვის მზადება - ოპოზიციაში დუღილის ტემპერატურა მაღლა იწევს

მოღალატის იარლიყი, სახედაკარგული ოპოზიციის ნაწილი და მორიგი რევოლუციისთვის მზადება - ოპოზიციაში დუღილის ტემპერატურა მაღლა იწევს

ოპოზიციაში ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება, მეტიც ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული უთანხმოება უკვე სხვა ეტაპზე გადადის. ერთ ნაწილს დეპუტატის მანდატები არ ეთმობა, ბოიკოტის დასრულება და საკანონდებლო ორგანოში შესვლა სურს. თუმცა, მეორე ნაწილი თვლის, რომ პარლამენტში არ შევლენ მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ კონკრეტულ დათმობაზე არ წავა და რიგგარეშე არჩევნებს არ ჩანიშნავს.

„გირჩის“ წევრ ვახტანგ მეგრელიშვილსა და „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს შორის გამოკვეთილი უთანხმოება გადაფარა, 19 იანვარს „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში „მოძრაობა მოქალაქეებისთვის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილისა და „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შორის მომხდარმა კონფლიქტმა, რა დროსაც პოლიტიკოსებმა ერთმანეთზე გაიწიეს და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ოპოზიციაში უკვე აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ „გირჩის“ დანაყოფი და ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ სურვილებს ახმოვანებენ და სწორედ ხელისუფლების სახელით ესაუბრებიან ოპოზიციურ პარტიებს. თუმცა, მეორე ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ამბობს, რომ მსგავსი მიდგომა არასწორია, რადგან ოპოზიციაში ჩვეულებრივ შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული პოზიცია.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან აღნიშნავს, რომ იკვეთება ორი კონკრეტული პოზიცია: ერთ მხარეს სურს, ქუჩის პროცესებით მიზნის მიღწევა, ხოლო მეორე ნაწილს საკანონდებლო ორგანოში შესვლა უნდა. რაც შეეხება ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის მომხდარ ინციდენტს, ანჯაფარიძემ დასძინა, რომ ორივე ახალბედაა პოლიტიკაში და შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნას ის, რაც ორი დღის წინ ვიხილეთ.

„დღეს ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს რაიმე სერიოზული ექსპერტული შეფასება მისცე, იმდენად არეულ-დარეულია ეს ყველაფერი, ლოგიკას რთულად ექვემდებარება. ერთი შეხედვით იკვეთება ინტერესთა დაპირისპირება. ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც იქ არის გაერთიანებული, ცდილობს, იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღეს აღმოჩნდა ეს ოპოზიციური ერთობა, გამოვიდეს მისთვის ყველაზე ნაკლები დანაკარგებით, სახის მაქსიმალური შენარჩუნებით, მაგრამ ამავე დროს არც ის უნდა, რომ მოღალატის იარლიყი მიეკრას. ამიტომ, ის დუღილის პროცესი, რაც დღეს ოპოზიციურ ერთობაში მიდის, ამით არის გამოწვეული.

ყველა თავისკენ ექაჩება საბანს. ეს პროცესი დაახლოებით გაზაფხულისკენ უნდა დასრულდეს და საბოლოოდ მოხდება კრისტალიზაცია იმის, ვინ აპირებს შესვლას პარლამენტში და ვინ ქუჩაში დარჩენას. ყოველ დღე ახალ-ახალი ინფორმაციები გამოდის - რა ხდებოდა, ვინ ვის შეხვდა, ვინ რა თქვა და ა.შ. ოპოზიციას საკუთარი ხელით შეჰყავს საკუთარი თავი პოლიტიკურ ჩიხში. ისინი იმედს იტოვებენ, რომ გაზაფხულზე მოახდენენ საზოგადოების ნაწილის მობილიზებას საპროტესტო აქციებზე და ააგორებენ საპროტესტო ტალღას იმ სოციალური-ეკონიმიკური პრობლემების ფონზე, რომელსაც მოელიან, რომ დადგება პანდემიის პერიოდის შემდეგ, როდესაც ეს სოციალური უკმაყოფილების მუხტი, მათი გათვლით, მაქსიმუმს მიაღწევს.

კიდევ ერთი ხავსი, რასაც ისინი ეჭიდებიან, არის ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შეიცვლის თავის დამოკიდებულებას და ამჯერად, „ქართულ ოცნებაზე“ მოახდენს ზაწოლას, რომ ჩაატაროს ხელახალი არჩევნები. არც ერთ და არც მეორე გათვალს რაიმე სერიოზული საფუძველი არ აქვს.

ჩვენ, ქართველები ემოციური ხალხი ვართ, განსახვავებით სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან, საკუთარ ემოციებს, განწყობებს უფრო მძაფრი ფორმით გამოვხატავთ ხოლმე. ელისაშვილს, როგორც პოლიტიკაში ახლადშემოსულ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება დაღვინება და მომწიფიბა, სწორედ ამიტომ უნდა შევიდეს პარლამენტში, რომ პოლიტიკასთან უფრო ახლოს მივიდეს. ვფიქრობ, ქუჩაში ის პოლიტიკას ვერ ისწავლის.

ეს პროცესები გაგრძელდება და ოპოზიციური პარტიები შეეცდებიან შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმალური მოგებით და ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს. თებერვლის ბოლომდეა ვადა და მათ კიდევ შეუძლიათ, რომ რაღაცნაირად საკუთარი გადაწყვეტილება უკან წაიღონ. თუ არ მოხდა რაიმე ცვლილება მათ პოზიციებში, სავარაუდოდ მივიღებთ იმას, რომ გვეყოლება პარლამენტი, სადაც იქნება წარმოდგენილი სამი-ოთხი პარტია და ეს პარლამენტი გააგრძელებს თავის საქმიანობას“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ის, რაც 19 იანვარს პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, ძალიან ცუდია და მომხდარი ინციდენტი პოლიტიკოსების გამოცდილების არქონით აიხსნება. მისივე თქმით, როდესაც ოპოზიციონერების მხრიდან ისმის ბრალდებები და საკითხის პერსონებამდე დაყვანა, უნდა მოხდეს მყარი არგუმენტების წარმოდგენა, სხვა შემთხვევაში ეს ბრალდებები უსაფუძლოა.

„ოპოზიციაში დაახლოებით ის პროცესები მიდის, რაც 1987 წლიდან ხდება ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში. საუბარი მიდის არა იმაზე, რომ არგუმენტის გარეშე შეგიძლია თქვა „ეს არის ამის კაცი,“ „ის არის იმის კაცი,“ „ვიღაცა ვიღაცის მოსყიდულია“ და ა.შ. სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ ოპოზიციაში ან ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ და ყველაფერზე ხელის მომწერნი არიან, მაგრამ, როდესაც მიდის დებატები, ჩვენ ხშირად ვახდენთ საგნების ერთმანეთთან ჩანაცვლებას.

ოპოზიციაში გამოიკვეთა ორი განსხვავებული პოზიცია. ერთი არის პოზიცია, რომელსაც შეიძლება ელისაშვილი და „გირჩი“ იზიარებდნენ, - ამბობენ, რომ ჯობია მივიღოთ იმ პროტესტიდან მაქსიმუმი პოლიტიკური მოგება და მიაჩნიათ, რომ მოხდეს ერთპროცენტიანი ბარიერის შემოღება, საარჩევნო კოდექსის შეცვლა და ა.შ. თანდათან მოვახდინოთ ხელისუფლების ჩანაცვლება. მეორე პოზიცია არის ის, რასაც დანარჩენი ოპოზიცია ამბობს, - „რა თქმა უნდა, ეს გვინდა, მაგრამ ეს მას შემდეგ, რაც იქნება ხელისუფლების თანხმობა რიგგარეშე არჩევნებზე.“ ეს არის განსხვავება ოპოზიციის ორ ნაწილს შორის და არა ის, რომ „ვიღაცის აგენტი ხარ,“ ან „მოსყიდული ხარ.“

როდესაც ერთი მხარე ლაპარაკობს, რომ ეს არის მაქსიმუმი და მეორე ამბობს, რომ გინდა თუ არა რიგგარეშე არჩევნები უნდა ვაიძულოთ, როგორ აიძულებენ ამას?! როდესაც ამბობს, რომ ელჩებს დავიყოლიებთ, როგორ დაიყოლიებენ?! შეიძლება ვინმეს მოეწონოს ის, რაც ხდებოდა გუშინ?! მინდა იმედი ვიქონიო, რომ ხაზარაძეს და ელისაშვილს ნაკლები გამოცდილება აქვთ პოლიტიკაში და საჯარო დისკუსიაში, სწორედ ამის შედეგი იყო ეს. ემოციები პოლიტიკაში არ შეიძლება. პოლიტიკა არის ცივი გონება და ანალიზი. ასეთი დამოკიდებულება სწორედ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს და არა მათ სასარგებოდ.

დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება არ წავა რიგგარეშე არჩევნებზე და არც პლებისციტს ჩაატარებს, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია ხელისუფლებას უკვე აქვს. რისი იმედი აქვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ ამ ბოიკოტით რაღაცას მიაღწევს?! მშვენივრად ვიცით, რომ ყველა ხელისუფლებაში იყო გავლენები, მაგრამ, როდესაც ხდება პერსონალიზაცია, უნდა დადონ უტყუარი საბუთი. ზოგადად თქმა, რომ ოპოზიციაში და ხელისუფლებაშიც არიან ჩანერგილები, ასეა. მთელი 30 წელი ამას ვუყურებ, მაგრამ როდესაც პერსონაზეა ლაპარაკი, უნდა დავდოთ შესაბამისი დოკუმენტი“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.