აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში პირველ 15 ბრძანებას მოაწერა ხელი. პირველ რიგში მან აშშ პარიზის კლიმატურ შეთანხმებასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში დააბრუნა.
ამასთან, თეთრი სახლის ახალმა მეთაურმა გააუქმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული რიგი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა. ასევე, ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ფედერალური შენობების ტერიტორიაზე 100 დღის განმავლობაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. პრეზიდენტმა ასევე მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა შეაჩერა.
ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად 20 იანვარს გახდა.