აფხაზები ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე ალაპარაკდნენ

აფხაზები ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე ალაპარაკდნენ

აფხაზები აცხადებენ, რომ მათ ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა სურთ. მათი აზრით, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ქართული ეკლესიის წიაღში დაბრუნების იდეა უპერსპექტივოა.

მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ გამართული მრგვალი მაგიდის დროს აფხაზეთის სამეცნიერო სფეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა, ასევე, კულტურის სფეროს მოღვაწეებმა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის ხელმოწერათა შეგროვების დაწყების საკითხებიც განიხილეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვეს რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა ბოლოდროინდელი განცხადებების გამო. კერძოდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აფხაზი და ოსი მორწმუნეების პასტორალური ზრუნვის შესახებ.

მრგვალი მაგიდის წევრთა განცხადებით, მართალია, რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობს, თუმცა ამის მიუხედავად, ის აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამიტომ დისკუსიის მონაწილეთა აზრით, აფხაზმა ხალხმა საკუთარი პოზიცია უნდა გამოხატოს აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის შესახებ.

რა პერსპექტივა აქვს აფხაზების მიერ ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნას, ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი აცხადებს, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებისთვის ცნობილია ქართული მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის შესახებ, თუმცა მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის აფხაზური ავტოკეფალია ცნობილი არ არის. უფრო მეტიც, არც ყოფილა აფხაზური ავტოკეფალური ეკლესია.

„აფხაზი ძმების მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, აფხაზური ავტოკეფალური ეკლესია - ასეთი მცნება არ არსებობდა. ვერ გეტყვით, რას აპირებენ აფხაზები და ამით რისი დემონსტრირება სურთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაფერი 90-იანი წლების ინერციაა, რომელსაც შემდეგ მოჰყვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების ინერცია 2008 წელს. ეს კი 90-იანი წლებიდან გახლდათ ინსპირირებული და შემდეგ პროვოცირებული. თუმცა, ყველას აქვს უფლება, რაღაც მოითხოვოს. რამდენად სწორია და რამდენად ჯდება ეს ყველაფერი საერთაშორისო სამართალში, ეგ მეორე საკითხია,“ - აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.          

მისი თქმით, აფხაზეთის ეკლესია მიეკუთვნებოდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას, რაც განუყოფელი ნაწილი იყო ქართული სამოციქულო ეკლესიის და ეს ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე გახმიანდებოდა რუსული იმპერიული ინტერესების სურვილი შავ ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თემურ მჟავიასთვის უცნობია, რამდენად  გაითვალისწინებს აფხაზების მოთხოვნას ის, ვინც უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, კერძოდ, მსოფლიო ეკლესია, მაგრამ იგი მიიჩნევს, რომ აფხაზების აღნიშნული განაცხადი არის პირდაპირი მითითება, რომ აფხაზური ეთნიკური საზოგადოება წარსულს არასდროს მიუბრუნდება.

უფრო ზუსტად, თემურ მჟავიას განმარტებით, მეცნიერებმა ქართულ-აფხაზურის მსგავს ურთიერთობებს პასუხი გასცეს, რომ ეს არის ჩვენგან გაუცხოებული საზოგადოება, რომელიც გაუცხოების ყველა ელემენტს სათავისოდ გამოიყენებს.

„თავისთავად ცხადია, აფხაზები უპირველესად გამოიყენებენ ეკლესიის ფაქტორს, რათა ყოველივე ქართულთან განსხვავებული მდგომარეობა დაასაბუთონ. ვფიქრობ, მსოფლიო ეკლესია ამას ვერ გაითვალისწინებს, რადგან ეს საკმაოდ რთული საკითხია, მაგრამ აფხაზურ ეთნიკურ საზოგადოებას არასოდეს არ ექნება მისწრაფება, რომ ის ძირეულ საფუძველს ანუ ქართულ მართლმადიდებლურ საფუძველეს დაუბრუნდეს. ამაში დარწმუნებული ვარ,“ - აცხადებს თემურ მჟავია.

მისი თქმით, აფხაზებთან დაახლოებისთვის ყველაზე კარგი საშუალება მერაბ კოსტავასა და ზურაბ ჭავჭავაძის საუბრები იყო, რომლებიც ინტენსიურად, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა 80-იანი წლების ბოლოს. ქართული მხარე, მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე, აფხაზურ საზოგადოებასა და ელიტას სთავაზობდა, ერთიანი ძალისხმევით შევრკინებოდით ყველა იმ პრობლემას, რომელიც აფხაზური ეთნიკური საზოგადოების წინაშე იდგა. ეს იყო ენა, ეროვნული სკოლა, დემოგრაფიული სიტუაცია. თუმცა ჩვენი გულახდილი და ჭეშმარიტი ძალისხმევის საპასუხოდ, აფხაზები უარს ამბობდნენ ამ შეთავაზებაზე.

„ეს ყველაზე ნათელი დასურათება იყო იმისა, რომ ისინი ჩვენთან ერთად ერთიან ქართულ სივრცეში ვეღარ ივლიდნენ. დღესაც ასეთ სასიკეთო ცვლილებებს მე ვერ ვხედავ. უბრალოდ, ეს არის პიარი, რასაც ნებისმიერი ხელისუფლება იყენებს ლამაზი შეფერილობისთვის. რუსეთი რას დათმობს?! რუსეთს არასდროს არაფერი დაუთმია. თავის დროზე სულხან-საბა ორბელიანმა, ამ უდიდესმა ქართველმა განმანათლებელმა, ქართულ საზოგადოებას შესთავაზა, ერთიან ევროპულ სივრცეს შეთვისებოდა. მე მგონი, ამ გზით უნდა ვიაროთ“, - მიიჩნევს თემურ მჟავია.