გამოსამშვიდობებელ მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წარმატებებს უსურვებს.
„მიმდინარე კვირას ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ჩავატარებთ და ვლოცულობ, რომ ამ ადმინისტრაციამ წარმატებებს მიაღწიოს ამერიკის უსაფრთხო და აყვავებულ ქვეყანად შენარჩუნებაში“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის მიმართვაში, რომლის სრულ ვერსიას თეთრი სახლი მოგვიანებით გაავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაგმო 6 იანვარს ვაშინგტონში მომხდარი არეულობა.
„ყველა ამერიკელი შეძრწუნებული იყო ჩვენს კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა თავდასხმაა იმ ყველაფერზე, რასაც ჩვენ ვაფასებთ. ამას არასდროს შევეგუებით“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მოძრაობა, რომელიც მან დაიწყო, მხოლოდ დასაწყისია.
„ახლა, როდესაც ხელისუფლების ახალი ადმინისტრაციისთვის გადაცემისთვის ვემზადები, მინდა იცოდეთ, რომ მოძრაობა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, მხოლოდ დასაწყისია“, - აღნიშნა მან.