დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება.
წლევანდელი ინაუგურაციის ცერემონია მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა ცერემონიებისგან. პირველ რიგში, ეს კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, რის გამოც ცერემონიის ბევრი ელემენტი შეკვეცილი ფორმატით და სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვით ჩატარდება. გარდა ამისა, 6 იანვარს მომხდარი არეულობის გამო, ვაშინგტონში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 25 ათასი სამხედროა მობილიზებული.
ტრადიციის მიხედვით, აშშ-ის ახალი ლიდერი მოვალეობის შესრულების დაწყებამდე ვიზიტით თეთრ სახლს ეწვევა, სადაც მას მიმავალი პრეზიდენტი ხვდება. ცერემონიის ეს ნაწილი ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას უსვამს ხაზს, თუმცა ამჯერად ამგვარი ცერემონია არ შედგება. ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე, რომელიც ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გაიმართება (თბილისის დროით 21:00 საათზე), დონალდ ტრამპი ენდრიუსის სამხედრო ბაზიდან ფლორიდაში გაემგზავრება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 152 წლის განმავლობაში, დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელიც ხელისუფლების გადაცემის ცერემონიას არ დაესწრება. ბოლოს მსგავსი შემთხვევა 1869 წელს მოხდა, როდესაც აშშ-ის მე-17 პრეზიდენტი, ენდრიუ ჯონსონი ულის გრანტის ინაუგურაციას არ დაესწრო.
ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციის ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები დაესწრებიან. კერძოდ, ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი. 96 წლის ჯიმი კარტერმა კი განაცხადა, რომ ინაუგურაციას ვერ დაესწრება. აღსანიშნავია, რომ ინაუგურაციას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი დაესწრება.
ინაუგურაციის ცერემონიის თანახმად, პირველი ფიცს აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დადებს. ამის შემდეგ, ჯო ბაიდენი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით ფიცს დადებს.
აშშ-ის კონსტიტუციის მე-2 მუხლის თანახმად, ჯო ბაიდენი შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს: „მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ პატიოსნად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ, შევინახავ და მფარველობას გავუწევ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“.
ფიცის დადების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს მოსახლეობას, რომელშიც თავისი პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრებს.