თბილისი – პარასკევს, ხალხის გაბრაზებული მასა თავს დაესხა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოკავშირეებს იმ შენობის გარეთ, სადაც მას ყოველწლიური სიტყვით უნდა უნდა მიემართა მოსახლეობისთვის, რითაც საქართველოს ხუთთვიანი ექსპერიმენტი ხელისუფლების გაზიარებისა, ღია კონფლიქტში გადაიზარდა.
ხალხის ბრბო თბილისის მერის, გიგი უგულავასკენ დაიძრა, პოლიცია კი, რომელიც ამ ყველაფერს აკვირდებოდა, ვერ ახერხებდა ან არც ცდილობდა ამ ადამიანების შეჩერებას, რომლებიც იქ რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბნენ, რათა სააკაშვილი შენობაში არ შეეშვათ. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში პრეზიდენტის პარტიის მინიმუმ ხუთი დეპუტატი დაშავდა.
სააკაშვილის პარტიამ, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ცხრა წლის განმავლობაში დომინირებდა, შარშანდელ არჩევნებში, კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდა. ამ ქვეყანაში, რომელსაც სამოქალაქო არეულობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, ეს ხელისუფლების კონსტიტუციური გადაცემის პირველი შემთხვევა იყო, და დასავლელი ლიდერები მიესალმნენ მას, როგორც გარღვევას პოსტსაბჭოთა რეგიონში.
მაგრამ მომენტი მალევე გაფუჭდა. ვიდრე სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა არ ამოიწურება ოქტომბრამდე, მან უნდა იმუშაოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის გვერდით, რომელიც არ ენდობა და ვერ იტანს მას. ახალმა მთავრობამ შეზღუდა სააკაშვილი, ჩამოართვა რა მას პირადი თვითმფრინავი და შეუმცირა სამეურნეო ხარჯები, მაგრამ პრეზიდენტს რჩება მთავრობის დათხოვნის და ახალი საპარლამენტო არჩევნების მოწვევის უფლება. მისი ოპონენტები შიშობენ, რომ ის ამ ბერკეტებს გამოიყენებს.
პარასკევის კონფრონტაცია იმით დაიწყო, რომ ივანიშვილის კოალიციის დეპუტატებმა გადადეს სააკაშვილის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში, როდესაც ის ტრადიციულად მოსახლეობას მიმართავს.
სააკაშვილი, არ დანებდა, და განაცხადა, რომ ის თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავდა საზოგადოებას. პარასკევს, შუა დღისთვის, რამდენიმე ასეული პროტესტანტი, რომელთაგან ბევრი იმ ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული პატიმარია, რომელსაც პრეზიდენტი ეწინააღმდეგებოდა, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა და ბრაზისგან დუღდა.
ერთ-ერთმა, 57 წლის გიორგი გორელაშვილმა განაცხადა, რომ ის რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო გაასამართლეს.
„მას არ აქვს სიტყვის წარმოთქმის უფლება, და ჩვენ მას შენობაში არ შევუშვებთ“, თქვა მან. „სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ არის“.
როდესაც სააკაშვილის მთავარი მოკავშირეები მოვიდნენ, პრეზიდენტის გამოსვლის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები დაუშინეს. ბიბლიოთეკის ცენტრალური კარი ცოცხებით მორთეს, ციხეში წამებასთან დაკავშირებული ავადსახსენებელი სკანდალის ნიშნად, რომელის ამსახველი ვიდეოებიც შარშან შემოდგომაზე გავრცელდა, და სადაც მამაკაცს ცოცხით აუპატიურებდნენ. ორმა მამაკაცმა რამდენჯერმე დაარტყა ჩიორა თაქთაქიშვილს, რომელიც კამპანიის დროს სააკაშვილის პარტიის სპიკერად მუშაობდა. გაოგნებულ დეპუტატს ცალი ნესტოდან სისხლი სდიოდა.
სკანდალი დაახლოებით 10 წუთში დასრულდა, როდესაც სააკაშვილის მოკავშირეებმა ტერიტორია დატოვეს. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა ძალადობის პროვოცირებაში. პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა ეს ფაქტი ჟურნალისტებთან საუბრისას აღწერა, როგორც „მორიგი სპექტაკლი და პროვოკაცია სააკაშვილის მხრიდან, რასაც აქციის მონაწილეები სამწუხაროდ წამოეგნენ“, იუწყება სააგენტო „ინტერფაქსი“.
იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მანამდე შევიდნენ შენობაში, სანამ ჩხუბი დაიწყებოდა, დიპლომატები იყვნენ, რომლებიც ღონისძიებაზე სააკაშვილის მიწვევით მივიდნენ, მათ შორის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი.
„არსებობს დემოკრატიის გარკვეული საბაზისო პრინციპები, და მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ ამა თუ იმ საკითხის მიმართ ან რამდენად მოტყუებულად გრძნობთ თავს, თქვენ არ გაქვთ უფლება მიმართოთ ძალადობას და ცემოთ პარლამენტარები, როდესაც ისინი შენობაში შედიან, რათა მოუსმინონ პრეზიდენტის სიტყვას“, უთხრა ნორლანდმა ჟურნალისტებს შენობის გარეთ. მან შეშფოთება გამოხატა იმ ცნობების გამო, რომლის თანახმად ხალხის მასა სააკაშვილის სასახლისკენ მიემართებოდა.
სააკაშვილს ბიბლიოთეკაში შესვლა არ უცდია. სანაცვლოდ, თავისი მხარდამჭერები და დიპლომატიური კორპუსი პრეზიდენტის სასახლეში თავისი მიმართვის მოსასმენად დაპატიჟა, რომელიც მოგვიანებით, ორი საათის შემდეგ წარმოთქვა.
„ერთადერთი რაც ჩვენ, რიგით ადამიანებს დაგვრჩა არის ის, რომ ვილოცოთ მშვიდობის დაბრუნებისთვის“, თქვა 45 წლის ალექსანდრე მახარაშვილმა. „ვშიშობ, რომ ამის შემდეგ ისინი ვეღარ შეძლებენ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევას“.
Foreignpress.ge