ქალი, რომელმაც, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ვერსიით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კაბინეტიდან ლეპტოპი მოიპარა და რუსეთისთვის გაყიდვას ცდილობდა, დაკავებულია. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი წერს.
რაილი ჯუნ უილიამსი პენსილვანიაში დააკავეს. ჯერჯერობით მას ბრალი შენობაში ძალადობრივ შეღწევასა და კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში აქვს წარდგენილი.
უილიამსის წინააღმდეგ ჩვენება ერთ-ერთმა მოწმემ მისცა. მან განაცხადა, რომ ნახა ვიდეო, რომელზეც ახალგაზრდა ქალს პელოსის კაბინეტიდან კომპიუტერი ან მყარი დისკი მიაქვს. მოწმის განცხადებით, რაილი ჯუნ უილიამსი აპირებდა, ლეპტოპი მეგობრისთვის რუსეთში გადაეგზავნა, ის კი კომპიუტერს რუსეთის საგარეო დაზვერვას მიჰყიდიდა.
ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.