ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სდებს ბრალს და პირიქით, ამ მოვლენების შესახებ საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა - მე რომ პარლამენტში მივსულიყავი, ამგვარი არაფერი მოხდებოდაო. ვანო მერაბიშვილმა კი შინაგან საქმეთა სამინისტრო უმოქმედობაში და უუნარობაში დაადანაშაულა.
„საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი დღე იყო, იმიტომ, რომ ქალაქის ცენტრში საჯაროდ პარტიის წევრების სასტიკი თავდასხმები მოხდა. მე სამწუხაროდ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, პირველად ვნახე დაბნეული პოლიცია და გაფითრებული და დაბნეული შინაგან საქმეთა მინისტრი. ძალიან სინანულით ამევსო გული იმიტომ, რომ ქართულმა პოლიციამ უნდა დაიცვას საქართველოს მოქალაქეები იმ ყაჩაღებისაგან, ვინც ხელისუფლებამ მოედანზე მოიყვანა. ახლა მივხვდით ყველა თუ რატომ გამოიყვანა ხელისუფლებამ ეს ადამიანები ციხეებიდან, მათ უბრალოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ. ბოლოს მსგავსი ფაქტი მაშინ მოხდა, როცა ჯაბა იოსელიანმა ციხიდან გამოიყვანა ყოფილი მხედრიონელები და ისინი მიუქსია მაშინდელ პოლიტიკურ ოპონენტებს. სხვათა შორის, იგივე ადამიანები არიან ახლაც“, - აღნიშნა მერაბიშვილმა.
მეორე მხრივ, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პრეზიდენტზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოსვლისას ფიზიკურად, სულიერად და პოლიტიკურად დაკნინებული პოლიტიკოსი იყო.
„მე მომეჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა იანვარში გაუვიდა, კვლავ და კვლავ ხალხს ვერ გაუგო. ამავე დროს, ის ბრაზი, რაც როგორც ძალიან ბევრ მოქალაქეს, მეც მქონდა დაგროვილი მისი მმართველობის წინააღმდეგ, მისი მოსმენის შემდეგ მთლიანად გამიქრა. ეს იყო, ფიზიკურად, სულიერად და პოლიტიკურად დაკნინებული პოლიტიკოსი, რომლის გამონათქვამების კრიტიკას და შეფასებას ამიერიდან ფასი არ აქვს“, - განაცხადა წულუკიანმა.
8 თებერვლის მოვლენების გაგრძელება მელორ ვაჩნაძისა და მიშა მესხის 100-100 ლარით დაჯარიმება და მოქალაქე გიორგი მამალაძის დაკავება იყო. ეს პიროვნება ჩიორა თაქთაქიშვილის ფიზიკურ შეურაცხყოფაში არის ბრალდებული. ამან კი საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, რადგან კონფლიქტში მონაწილე მეორე მხრიდან პასუხისგებაში მიცემული არავინ არის.
შეიძლებოდა თუ არა ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების თავიდან აცილება, ვინ იყო კონფლიქტის მაპროვოცირებელი და რამდენად ადეკვატურად იქცევა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ თემებზე for.ge-ს პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ესაუბრება.
- მოვლენების გამომწვევი და გამწვავების მსურველი, ალბათ, ქალაქის ხელისუფლება და საპრეზიდენტო ხელისუფლება იყო, რადგან შემდეგი ნაბიჯებიც ასეთი გამწვავების ტენდენციაზე მიუთითებს. მაგალითად, უგულავას ქცევის სტილი და ა.შ. სავარაუდოა, რომ პროვოკაციის ნიშანი დევს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაშიც, რომ სიტყვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოეთქვა. მას თუ ხალხისთვის მიმართვა სურდა, შეეძლო წმინდა სატელევიზიო მიმართვა გაეკეთებინა, მაგალითად იმ სტილში, ახალ წელს რომ კეთდება ხოლმე, როდესაც სტუდია რეზიდენციაში ეწყობა და ზედმეტი ნერვიულობა არავის უწევს. ან, საერთოდ გაჩერებულიყო სააკაშვილი და დაეცადა იმ მომენტისთვის, როდესაც პარლამენტში მისი გამოსვლა ხელახლა მომწიფდებოდა. მას უთხრეს, არ გამოხვიდეო, მაგრამ მან მაინც დაიწყო ადგილის ძებნა ისეთ ადგილებში, სადაც რაც შეიძლება მეტი ხალხი მოიყრიდა თავს. ტერორისტი ისლამისტები რომ ეძებენ ხოლმე ხალხმრავალ ადგილებს, რათა ნაღმი იქ ააფეთქონ, დაახლოებით ასეთი ტაქტიკა გამოვლინდა სააკაშვილის ქმედებაში. ასე რომ, მე მგონი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონფლიქტი მოხდა, უპირველეს ყოვლისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება, მაგრამ სასურველია, მათ გაიგონ, რომ ასეთი კონფლიქტები მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს.
ბატონო რამაზ, მოვლენების ასე განვითარების შემდეგ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში საუბრობენ, რომ შესაძლოა, ახალი ხელისუფლება, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოტა უსუსურად გამოიყურებოდა, რადგან მან ვერ შეძლო, კონტროლი აეღო მიმდინარე მოვლენებზე. საზოგადოების მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ღარიბაშვილიც იმავე სასტიკ მეთოდებს ხომ არ გამოიყენებდა, რასაც თავის დროზე მერაბიშვილის სამინისტრო იყენებდა მომიტინგეების წინააღმდეგ. თქვენი აზრით, რამდენად ქმედითი იყო ამ შემთხვევაში ხელისუფლება?
- ჯერ ერთი, იმისთვის, რომ პოლიციის გუშინდელი საქმიანობა შევაფასოთ, ალბათ, უნდა წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, იქ რომ პოლიცია საერთოდ არ ყოფილიყო. ხალხის ეს მასა შეიკვრებოდა, ეროვნულ ბიბლიოთეკასაც აიღებდა და ბარამიძე შენობაში ასეთ დასვენებული სახით რომ იყო, ისიც ასეთი სახით ვეღარ იქნებოდა. ეს რომ არ მოხდა, პოლიციის დამსახურებაა. იმედია შეამჩნიეთ, რომ ხალხის მასა პოლიციის კორდონებით სეგმენტებად იყო დაყოფილი, რაც მის გამთლიანებას და ერთ დიდ ზვირთად ქცევას ბლოკირებას უკეთებდა. რაც შეეხება იმას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გალახვას რატომ არ აარიდესო, პოლიციამ მათ მისცა დერეფანი, რითაც ბარამიძემ გაიარა და არ გაილახა. ხომ არ გაკოჭავდნენ ამ ჩიორებს და უგულავებს და ამ დერეფანში ასე ხომ არ გაატარებდნენ?
„ნაციონალური მოძრაობა“ ახალ ხელისუფლებას უმოქმედობაში სდებს ბრალს, თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ გარკვეული პირები, მათ შორის ,მელორ ვაჩნაძე და მიშა მესხი, ასევე ადამიანი, რომელმაც ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დააკავეს. როგორ ფიქრობთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებები მომხდარის ადეკვატურია?
- ადეკვატური რომ იყოს, მაშინ ჩიორაც უნდა იყოს დაკავებული და ქალაქის მერიც. თვითმკვლელობის პროვოცირებას ვინც ახდენს, დამნაშავეა. ვინც ჩხუბის პროვოცირებას ახდენს, ასევე დამნაშავეა. ამიტომ უნდა შეფასდეს, ახდენდნენ თუ არა ეს ადამიანები ჩხუბის პროვოცირებას. ასეთი შეფასების გარეშე მხოლოდ იმათ მხარეს დამნაშავეების ძიება, ვინც ხელი მოიქნია, არაადეკვატურია.
ახლა თქვენს ძირითად პროფესიას, ფსიქოლოგიას მივმართოთ და კითხვას დაგისვამთ როგორც ფსიქოლოგს. თუ შეიძლება პრეზიდენტის გამოსვლის დროს მისი მდგომარეობა რომ შეაფასოთ.
- იმ დროს მე ქალაქში არ ვიყავი და მანქანაში რადიოს მეშვეობით ვუსმენდი მის გამოსვლას, ხოლო თვალმა, ასე ვთქვათ, ინფორმაცია ვერ მიიღო.
იმ ყველაფრის შემდეგ, რაც სააკაშვილის თანაგუნდელებთან დაკავშირებით მოხდა, ბუნებრივი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი გაღიზიანებული და გაბრაზებულიც ყოფილიყო, მით უმეტეს, ყველამ ვიცით მისი ხასიათი, თუმცა მოხდა პირიქით, მისი ტონი შერბილებული იყო და იგი გარკვეულ დათმობაზეც წავიდა, როდესაც განაცხადა, რომ მთავრობას არ დაითხოვს და მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მხარი დაუჭიროს.
- გარდა ამისა, როდესაც კითხვა დაისვა, მივიდოდა თუ არ იგი პარლამენტში, მან უპასუხა - რა თქმა უნდაო, ანუ ამაში პრობლემას ვერ ხედავდა.
თქვენი აზრით, რატომ მოხდა მასში ასეთი გარდატეხა? პრეზიდენტმა ხალხის ძალა დაინახა?
- მოდით, ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, რადგან მიმაჩნია, რომ ამ კონტექსტში მისი გახსენება სრულიად ადეკვატურია. ჯერ კიდევ ნაციონალების ეპოქის შუა პერიოდი იყო და მომიყვნენ ასეთ ფრაგმენტს - გახსოვთ, ალბათ, ნაციონალები ახალ ციხეებს რომ აშენებდნენ. პრეზიდენტი და მისი გუნდი ერთ-ერთი ასეთი ახალაშენებული ციხის სანახავად უნდა წასულიყო, თურმე აგვიანდებოდათ და ერთ-ერთმა დაუძახა, - „მიშა წამოდი დროზეო“ და თან ხუმრობით მიაყოლა - „შეიძლება მერე ჩვენც გამოგვადგეს ეს ციხეო“. მიშას კი ამაზე უპასუხია - ჩვენ რომ რამე დაგვემართოს, ციხემდე მისვლას ვერ მოვასწრებთო.
ამით იმის თქმა გინდათ, რომ მას თავიდანვე ძალიან კარგად ჰქონდა გაანალიზებული, რა პოლიტიკასაც ეწეოდა და რაც შეიძლებოდა ამისთვის მიეღო?
- ეს ძალიან საინტერესო რეაქციაა ხუმრობაზე და თან ეს არახუმრობით რეაქციაა. ყველა ხუმრობას გარკვეული ჭეშმარიტება ახლავს, მაგრამ ამ ხუმრობაში ჭეშმარიტების ნაწილი უფრო მეტი იყო. ასე რომ, სხვებს შეიძლება ხალხის დამოკიდებულება ეშლებათ, ან თავს ისულელებენ, მაგრამ მიშამ ძალიან კარგად იცის, რას უნდა გრძნობდეს ხალხი მისი და მისი ხელისუფლების მიმართ. ხომ იცით, ცოდნა ერთია და დანახვა - მეორე. მაგალითად, ასე დაგვემართა ცოცხების შემთხვევაში, ჩვენ ყველამ ვიცოდით რა ხდებოდა ციხეებში, მაგრამ ეს კადრები რომ ვნახეთ, რეაქცია სულ სხვა იყო. მიშამ იცის რა ხდება ხალხის განწყობილებაში, მაგრამ 8 თებერვალს დაინახა კიდეც ეს განწყობა. ამ დასისხლიანებული, საწყალი ჩიორას დანახვა მიუთითებს იმაზე, თუ რა შეიძლება დაემართოს მიშას.
გარდა ამისა, მიშამ იცის, როდის იგიჟოს და როდის - არა. თავის გამოსვლაში რომ ის აგრესული და მკაცრი არ იქნებოდა, ეს უკვე სავარაუდო იყო არა მხოლოდ ამ ინციდენტის გამო. მას რომ პარლამენტში გამოსვლის შესაძლებლობა ჰქონოდა, იქაც არ იქნებოდა აგრესიული, რადგან ასეთ მომენტში აგრესიულობაზე მოპასუხე პარლამენტშიც იქნებოდა საპარლამენტო უმრავლესობის სახით, ბიბლიოთეკის შემთხვევაში კი, მოპასუხე, ფაქტობრივად, ქალაქი იყო. ასე რომ, სადაც მიშა პასუხს გრძნობს, იქ აგრესიული არ არის. მაგალითად, ბავშვებს რომ დაპატიჟებს ხოლმე და იმათ ელაპარაკება (ადამიანებს, რომლებიც პასუხისთვის არ წამოდგებიან), იქ არის მიშა ვაჟკაცი, თორემ როცა საფრთხეს გრძნობს, იქ როგორ იქცევა, ეს უკვე არაერთხელ გვინახავს.
სააკაშვილის სიტყვიდან გამომდინარე, იგი მაქსიმალურად ეცადა, რომ ასეთი ინციდენტები თავიდან აეცილებინა. მან განაცხადა, ქუთაისში რომ ჩავსულიყავი, არაფერი მოხდებოდაო, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ქუთაისში მას ხალხის საკმაოდ სერიოზული მასა ელოდა და სირცხვილის კორიდორის მოწყობას უპირებდნენ. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ამ ინციდენტის თავიდან აცილება?
- ქუთაისში მისი ჩასვლის შემთხვევაშიც ინცინდენტი, რა თქმა უნდა, მოხდებოდა და ოქტომბრამდე ასეთ ინცინდენტებს ყველგან უნდა ელოდოს პრეზიდენტიც და უკვე ვფიქრობ, უგულავა და საპარლამენტო უმცირესობის ბევრი წევრიც. საუბარი მაქვს თვალშისაცემ ფიგურებზე, რომლებიც შეიძლება ისევ საცემად გადაიქცნენ.
თქვენ ფიქრობთ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარმა მოსახლეობის ნაციონალებისადმი განწყობა უფრო უარყოფითი გახადა?
- არა მხოლოდ ამ მოვლენამ. გავიხსენოთ, ბევრი თვლის, რომ პრეზიდენტი ამ პოსტს უკანონოდ იკავებს. კერძოდ, კანონში კი წერია, მაგრამ ეს უსამართლოდ წერია. უსამართლობის განცდა პრეზიდენტის ვადის გაგრძელებაზე და შესაბამისად, ნაციონალების ქედმაღლობაზეც, საზოგადოებაში არსებობს. უსამართლობაზე ეს რეაქცია კი (რომელიც ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა) ოქტომბრამდე გაგრძელდება. მით უმეტეს, რომ უმცირესობა ამ კონსტიტუციური უსამართლობის გამოსწორებაში უმრავლესობასთან პარტნიორობას არ აპირებს. ამიტომ, იქამდე, მოსახლეობა ამ ბრძოლაში იმ გზით და მეთოდებით იქნება ჩამბული, რაც თვითონ ხელეწიფება. დეპუტატები ტრიბუნიდან იბრძვიან, მოსახლეობა კი ასეთი მეთოდით, თუ შეიძლება ასე დავარქვათ, ლინჩის წესით იხელმძღვანელებს. ამ ლინჩის წესს პროვოცირება არ სჭირდება და ნაციონალები, ეტყობა, ზიზღის იმ ხარისხს ვერ იაზრებენ, რაც მოსახლეობაში მათ მიმართ არის დაგროვილი. ამ ზიზღის ციფრობრივი მონაცემი არჩევნებში მეტნაკლებად გამოჩნდა. ეს მაჩვენებელი გაყალბებით შეამსუბუქეს, თორემ ნაციონალების წინააღმდეგ, ალბათ, 90% იქნებოდა.