წინა კვირის ქართული სპორტული ცხოვრება შედარებით „მშვიდი“ გამოდგა. გულშემატკივრების ყურადღება ამჯერად სპორტული ფუნქციონერების კინკლაობამ და დაპირისპირებამ არ მიიქცია.
ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე წლის პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა დაა სტუმრად „ტრადიციული“ მეტოქე ალბანეთი დაამარცხა. ბოლო წლებში ტირანაში გამარჯვება ჩვენებს ყოველთვის უჭირდათ. თემურ ქეცბაიამ ამჯერად ოპონენტები დროებით გააჩუმა და მსოფლიოს 2014 წლის პირველობის მორიგი შესარჩევი შეხვედრისთვის საფრანგეთის წინააღმდეგ გუნდის წყნარად მომზადების საშუალება მიეცა.
ალბანეთი-საქართველოს მატჩის წინ ქართველი ფეხბურთის თაყვანისმცემლები საზოგადოებრივი ტელევიზიის წინ საპროტესტო გამოსვლის მოწყობას გეგმავდნენ. ამისი მიზეზი ის გახლდათ, რომ ხალხის ფულით მომუშავე ეს ორგანიზაცია ალბანეთიდან ტრანსლაციას არ გეგმავდა. საბოლოოდ საღმა აზრმა იმარჯვა და ქართველების წარმატება პირდაპირ ეთერში ვიხილეთ.
„ერთა თასზე“ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს ქართველმა მორაგბეებმა. მეტოქე ძლიერი არ გახლდათ, მაგრამ „ბორჯღალოსნებს“ წარმატების მოპოვება მაინც გაუჭირდათ. ნაკრების ნამდვილი და რეალური ძალა რუსეთთან შეხვედრისას გამოჩნდება. მიმაჩნია რომ გუნდი განვითარების სწორ გზას ადგას და მწვრთნელის მიერ დანერგილ ახალ სათამაშო სქემებს თანდათან ეჩვევა.
წინა წერილში ჭიდაობის ფედერაციაში არსებული კონფლიქტის შესახებ ვისაუბრე. ამ თემის გაგრძელება მიმდინარე კვირაშიც მსურდა და ორივე დაპირისპირებულ მხარეს შევეხმიანე. მათ მთხოვეს რომ ამ საკითხს დროებით არ დავბრუნებულიყავი. მალე თბილისი ჭიდაობაში ევროპის პირველობას უმასპინძლებს და კონფლიქტის მონაწილეებმა ერთგვარი ტაიმ-აუტი აიღეს. ის დაპირისპირება დროებით დავიწყებას კი მიეცა, მაგრამ დარწმუნებული გახლავართ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მხარეები ურთიერთობას საბოლოოდ გაარკვევენ. იმედია ამით ქართულ ჭიდაობას ზიანი არ მიადგება და ამ თემის განხილვა აღარასოდეს მოგვიწევს.
დღვანდელ წერილში კი ბატონი გოგი დემეტრაძე მსურს რომ გავიხსენო. ეს პიროვნება 28 იანვარს გარდაიცვალა და შეიძლება შემეკამათოთ, მაგრამ ეს სამწუხარო ამბავი ჭიდაობის ფედერაციაში განვითარებულმა მოვლენებმა ნაწილობრივ დაჩრდილა.
ფეხბურთით წინა საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში დავინტერესდი. ბატონი გოგის სახელი ჩემთვის იმ წლებიდან გახდა ცნობილი. სამწუხაროდ ვერის ბაღში არსებულ გულშემატკივართა კლუბთან ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ იქ გაჩაღებული საფეხბურთო კამათებისა და სხვა პერიპეტიების შესახებ ახლობლები მუდმივად საქმის კურსში მაყენებდნენ.
ქართლოს სვანიძე, გიგლა ფირცხალავა, მურმან ლებანიძე, ზურაბ მაისურაძე, ნოდარ დუმბაძე, ელგუჯა ამაშუკელი, ლევან ჭაჭიაშვილი, გოგი დემეტრაძე. ეს ხალხი ამ კლუბის აქტიური წევრები ბრძანდებოდნენ. მათ შორის გოგი დემეტრაძე გამორჩეული ფიგურა გახლდათ.
ეს ადამიანები დილიდან საღამომდე, თამაშიდან თამაშამდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე ხარობდნენ და სწუხდნენ ჩვენს ფეხბურთზე. მათ მაგალითზე ახალგაზრდა გულშემატკივრებიც იზრდებოდნენ.
1982 წელს ესპანეთში მსოფლიოს მორიგი პირველობა ჩატარდა. მოგეხსენებათ იმ დროს კომუნისტების ბატონობის ხანა იდგა და საზღვარგარეთ გასვლა გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. გოგი დემეტრაძემ საკუთარი მანქანა გაყიდა და საბჭოთა ტურისტული ჯგუფის რიგებში ესპანეთს მიაშურა.
ორი ათეული წლის წინ წაკითხული მაქვს და დღემდე მახსოვს ბატონი გოგის ერთი თამამი ნაბიჯი. მსოფლიოსა თუ ევროპის პირველობაზე ქალაქი ოდესიდან მიემგზავრებოდა. რუსს მესაზღვრეს დემეტრაძემ განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში უცხოეთში უკვე თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოდან გაემგზავრებოდა. იმ დროს ეს სარისკო ნაბიჯი გახლდათ, მაგრამ თბილისელი ისტორიკოსი საკუთარი ქვეყნის დიდი პატრიოტი იყო და ამ სიტყვების გამო მომავალში წარმოქმნილ შესაძლო დაბრკოლებებს არ შეშინებია.
მოგვიანებით ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარება დავიწყეთ. გოგი დემეტრაძესა და მის ვერელ მეგობრებს ყოველთვის სტადიონის ტრიბუნებზე იხილავდით. ალბათ გახსოვთ, თბილისის „დინამოს“ თამაშებს რამდენიმე ასეული, ზოგჯერ ათეული გულშემატკივარი ესწრებოდა. მათ შორის ყოველთვის გოგი დემეტრაძეც იმყოფებოდა.
ქართული ფეხბურთის პრობლემები მისთვის მძიმე იყო და სიმართლეს დაუფარავად ლაპარაკობდა. იმდროინდელი ფეხბურთის ფუნქციონერებს მისი მართალი სიტყვის ყოველთვის ეშინოდათ.
ბატონ გოგი დემეტრაძის შესახებ საუბარი უსასრულოდ შეიძლება. ცოტა ხნის წინ მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს გადავაწყდი და ნება მომეცით დღევანდელი წერილის დასასრულს რამდენიმე ნაწყვეტი შემოგთავაზოთ. იმედია ფეხბურთის ახალგაზრდა თაყვანისმცემლებს ამ პიროვნების შესახებ სრული წარმოდგენა შეექმნებათ.
„ავთანდილ ჭკუასელის კლასელი გახლდით და ფეხბურთის სიყვარულიც იქიდან მომდევს, თავად მხოლოდ სამოყვარულო დონეზე ვთამაშობდი.
1939 წელს ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც 1 : 4-ს ვაგებდით ცსკა-სთან. ბევრი წავიდა სტადიონიდან, მე და ბებიაჩემი დავრჩით და ის თამაში 5 : 4 მოვიგეთ, მაგრამ „დინამოს“ ვერცერთ თამაშს ვერ გამოვარჩევ: როცა 11 შვილი გყავს, იცით განა, რომელი გიყვარს ყველაზე მეტად?
„დინამოს“ სტადიონი ლავრენტი ბერიამ ააშენა. მან დამიხვრიტა მამის ორი ტყუპი ძმა. როდესაც დედაჩემი ჩემზე ფეხმძიმედ იყო, ბერიამ და აგენტმა ჯანაშიამ მტკვარში გადააგდეს ბაბუაჩემი, მაგრამ ლავრენტი ბერიამ მე „დინამოს“ სტადიონი ამიშენა და თბილისის „დინამო“ შექმნა! მე არც ვაქებ და არც ვაძაგებ, უბრალოდ, ჩემს ისტორიას ვყვები - თბილისის „დინამო“ ჩემი სამშობლოა, მიუხედავად იმისა, რომ „დინამო“ მაშინ მილიციის გუნდი იყო!
თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს ვუსმენდი, შემდეგ სკოლაში მივდიოდი და ყველას ვუყვებოდი. ამიტომაც მთელი სკოლა მელოდებოდა. ერთხელაც, გამოვიდნენ და ლაპარაკობენ ძიაპშპა, ელოშვილი და სხვები. ვლადიმერ ელოშვილი პირველი შემტევი მარჯვენა მცველი იყო. მე, რა თქმა უნდა, თავი შევყავი, უცბად ელოშვილმა თქვა: „ეს ჭირი ვერ მოვიშორეო“ და წიხლი ისე დამარტყა, ლამის მუშთაიდის ბაღში გადავვარდი.
გავიდა წლები და „კიროვის" ბაღში მითხრეს, ელოშვილია მოსული და ქეიფობსო, გავეშურე მისკენ - მერე რა, რომ წლების წინ წიხლი ჩამარტყა, - უკნიდან მივეპარე, თვალებზე ხელი ავაფარე და კისერში კოცნა დავუწყე. თუ მიხვდები ვინ არისო? ვოვამ კი ამოიხვნეშა: „დემეტრაძის მეტი ვინ იქნებაო”!
ნოდარ ახალკაცი იშვიათი პიროვნება იყო, უაღრესად განათლებული, თუმცა, ვერის (კიროვის) ბაღში მოსვლა არ უყვარდა! „კიროვის“ ბაღში მრავალნაირი მიმართულების გულშემატკივარი იყო. როდესაც „დინამო“ გასვლაზე თამაშობდა და იქიდან ღამის 2 საათზე ჩამოვიდოდი, მთელი ბაღი მელოდებოდა და ამბებს მაყოლინებდნენ. ასევე იყო მუშთაიდის ბაღიც. ნოდარ დუმბაძეს „მზიან ღამეშიც“ ვყავარ მოხსენიებული!
მე ისტორიკოსი გახლავართ, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ასპირანტი. 1951 წლიდან უნივერსიტეტში ვმუშაობ. ამიერკავკასიაში არ ვაცდენდი „დინამოს“ თამაშებს. რაკი ვკითხულობდი საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორიას, პრაქტიკანტები სსრკ-ს ქალაქებში დამყავდა. კალენდარი მქონდა თბილისის „დინამოსი“ და ამის მიხედვით ვადგენდი გეგმას, თუ სად უნდა წამეყვანა.
1965 წელს, როდესაც მოსკოვში პელე იყო ჩასული, გავქანდი, მივვარდი და ავტოგრაფი ავიღე. მსოფლიო ჩემპიონატებზე ყოველთვის ბრაზილიელებში ვჯდებოდი, ძლიერი ხმა მქონდა. 1970 წელს კი, როდესაც იტალიელებთან ფინალს თამაშობდნენ და 3 : 1-ს იგებდნენ, ბურთი პელემ წამოიღო, მარჯვნიდან კი კარლოს ალბერტო ერთვება. გასუსულია „აცტეკას“ ტრიბუნები, უცბად წამოვხტი და ვღრიალებ: „კარლოს ალბერტო, პელე!“, „კარლოს ალბერტო, პელე!“ პელემაც არ დააყოვნა, ზღაპრული პასი გაუკეთა და კარლოს ალბერტომაც გაიტანა - 4:1!
1982 წელს ესპანეთში ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი, ფული არ მქონდა, ჩემი „ნოლ-შესტ“ გავყიდე და წავედი! სევილიაში გახლდით - ამ ქალაქის საპატიო მოქალაქე ვარ! ბრაზილიასთან თამაშამდე ნიძლავი დავდე, რომ რამაზი 2 გოლს გაიტანდა! ბუნებრივია, ბრაზილიელებში ვიჯექი და ომახიანად ვყვიროდი: „მიდი რამაზ!“ შენგელიას ეს ძალიან სიამოვნებდა. ბრაზილიასთან რამაზმა თავის კარიერაში ულამაზესი გოლი გაიტანა, მაგრამ... მსაჯმა არ ჩათვალა. ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავს ავტეხდი? ჩემს გარშემო უამრავი ბრაზილიელი იყო, ყველა წამოდგა და თავის დაკვრით ბოდიში მომიხადეს. ამის შემდეგ, ისევ შენგელიაზე 100%-იანი პენალტი არ დაგვინიშნეს, მაგრამ მაინც მოვიგე ნინძლავი!
2006 წელს ნიურნბერგში იყო თამაში მსოფლიო პირველობაზე, ჰოლანდია – პორტუგალია. მამუკა კვარაცხელია დამხვდა, წავედით სტადიონზე, თამაშის მერე გამოვედი, მამუკას ველოდები და რას ვხედავ - ხურცილავა, შენგელია, ჩივაძე, ბარქაია და კიდევ ოციოდე ვარსკვლავი. რამაზი ყვირის - შეხედეთ ეს კაცი რა მაგრად ჰგავს გოგია დემეტრაძესო! დამაკვირდნენ - მართლა როგორ ჰგავსო! მოვიდნენ ახლოს და მიხვდნენ რომ მე ვიყავი! ასე მოულოდნელად აღმოვჩნდებოდი ხოლმე ყველგან.
ერთხელ, სმოლენსკში გავიპარე უნივერსიტეტიდან, სტადიონზე მივდივარ, უცბად ქუჩაში კინაღამ ავტობუსი დამეჯახა - „დინამოს“ ავტობუსი იყო! გადაირია გუნდი, აქაც მოგვაგნო დემეტრაძემო!“