აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შტაბი „შერემეტიევოს“ აეროპორტში ალექსეი ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა.
„ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და მისი მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირები პასუხისგებაში უნდა მისცენ. კრემლის თავდასხმები ნავალნიზე არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევაა, არამედ რუსი ხალხის შეურაცხყოფაცაა, რომელსაც სურს, რომ მისი ხმა გაიგონ“, - დაწერა Twitter-ზე ჯეიკ სალივანმა, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტს დაიკავებს.
17 იანვარს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს.
რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების საბაბი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.
ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.