რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს.
რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების საბაბი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.
მანამდე ნავალნიმ აეროპორტში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო დღეა. მან აღნიშნა, რომ რუსეთში დაბრუნება უხარია, დაპატიმრების პერსპექტივა კი არ აშინებს.
ის დარწმუნებული იყო, რომ არ დააკავებდნენ. „არაფრის მეშინია და თქვენც მოგიწოდებთ, არაფრის გეშინოდეთ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.