მაიკ პომპეო: ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოვითხოვთ

მაიკ პომპეო: ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოვითხოვთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო „შერემეტიევოს“ აეროპორტში ალექსეი ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა.

„აშშ მკაცრად გმობს ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას. სერიოზული შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ეს დაკავება ნავალნისა და სხვა ოპოზიციონერი ფიგურების გაჩუმების მორიგ მცდელობას წარმოადგენს. საკუთარ თავში დარწმუნებულ პოლიტიკურ ლიდერებს კონკურენტების არ ეშინიათ და არ ახორციელებენ ძალადობას ან პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას. დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის, რომლებიც ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ საარჩევნო პროცესს. ალექსეი ნავალნი პრობლემა არ არის. ჩვენ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“, - ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.

17 იანვარს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს.

რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების საბაბი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.

ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.