ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და როგორც თავად ამბობს, აღარ დაბრუნდება, ქართულ პოლიტიკას მემკვიდრედ ირაკლი კობახიძე დაუტოვა, რომელიც ირწმუნება, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთიანი გუნდი და არავითარი კლანები არ არსებობს. რამდენად შეძლებს კობახიძე პარტიის თავმჯდომარეობას ისე, როგორც მისი წინამორბედი, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ამ ეტაპზე პროგნოზირება საკმაოდ რთულია, რადგან ირაკლი კობახიძე სირთულეების შემცველი ფიგურა არის.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე, ირაკლი კობახიძე რამდენად იქნება ისეთი ძლიერი ფიგურა, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე დგას ქვეყანა? ეს იმ ფონზე, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ისეთი ლიდერები, როგორიც არიან – გიორგი გახარია, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და იგივე მაია ცქიტიშვილი, მათ ფონზე რამდენად ძლიერი ლიდერი შეიძლება იყოს ირაკლი კობახიძე?
რამაზ საყვარელიძე: კობახიძე სირთულეების შემცველი ფიგურა არის. გავიხსენოთ პარტიის წევრების გასვლა, ეკა ბესელიას და დანარჩენების, მაშინ კობახიძე ადმინისტრაციულ მეთოდებზე მსჯელობდა. როგორც პარტიული დისციპლინა მოითხოვს, ისე მოვიქცეთო. იგივე დასავლეთში, როგორც წესი, ამ პუნქტის რეალიზაციას არ ახდენენ. პარტიის წევრს დაუწყო პარტიული ჭიდაობა იმიტომ, რომ მან რაღაცა აზრი გამოთქვა, ეს არადემოკრატიულად არის მიჩნეული, მაგრამ კობახიძეს ასეთი აზრი მოუვიდა. გახსოვთ იგივე კობახიძის უხეშობა ფილარმონიის დარბაზში ახალგაზრდების მიმართ და ა.შ. აქვს პრობლემური მხარე, რაც გაურთულებს პარტიასთან ურთიერთობას, თუ, რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვალა. მეტისმეტად ახალგაზრდაა კობახიძე საიმისოდ, რომ ვთქვათ, რაც არის, ეგ არის. უფრო ზრდასულ ადამიანებს ეცვლებათ ხასიათი იმისდა მიხედვით, რა დასკვნებს გააკეთებენ.
კობახიძესთან მიმართებაშიც შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, ვიმეორებ – ახალგაზრდაა. რა თქმა უნდა, კობახიძე ამ თანამადებობაზე სხვა კატეგორიის მოვლენაა, ვიდრე ივანიშვილი იყო და მათი შედარება შეუძლებელია. ის, რასაც ივანიშვილი ახერხებდა თავისი დიდი პოლიტიკური წონის გამო, შეიძლება კობახიძემ ვერ მოახერხოს იმიტომ, რომ ასეთი წონა არ გააჩნია, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, არის რამდენიმე „მაგრამ“ - გამარჯვეულ გუნდში იშვიათად არის დაპირისპირებები. დღეს „ქართული ოცნება“ გამარჯვებული გუნდია. გამარჯვეულ გუნდში დაპირისპირება ნაკლებია. იმიტომ რომ გამარჯვებულები არიან და კმაყოფილი არიან. ამ ლოგიკით, უახლოეს ხანებში გუნდში დაპირისპირების საკითხი არ ამოტივტივდება.
გვახსოვს, რომ პოლიტიკიდან ერთხელ წასული ივანიშვილი, პოლიტიკაში დაბრუნდა იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებაში“ კვირიკაშვილის ფიგურის გამო წარმოქმნილი პრობლემები მოეხსნა...
– და გააკეთა კიდეც. ახლა ის წავიდა. თან წავიდა ისე, რომ თქვა: მთავარია არ იყოს შიდა დაპირისპირებაო. ასეთი შიდა დაპირისპირება სამკაციან ოჯახშიც არის, არათუ ამხელა პარტიაში. ვერც ივანიშვილი და ვერც სხვა გამორიცხავს ამ დაპირისპირებას, მით უმტეს კობახიძეს გაუჭირდება დაპირისპირებების გადაფარვა. იქნება დაპირისპირება და გაიყოფა გუნდი.
იგივე კობახიძე ამბობს, რომ შიდა კლანური დაპირისპირება გუნდში არ არსებობს...
– ეჭვი არ მეპარება, რომ ამჟამად არ იარსებებს. სანამ პარტიაში მიმდინარე პროცესები მათ რაიმე გამოცდის წინაშე არ დააყენებს, რაშიდაც მათი პოზიციები მკვეთრად განსხვავებული იქნება, იქამდე არავითარი შიდა კლანური დაპირისპირება არ იქნება. ჯერჯერობით გულახდილები არიან.
როდემდე გასტანს ეს გულახდილობა და ერთიანობა „ქართულ ოცნებაში“ მით უმეტეს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, კობახიძე არის სირთულეების შემქმნელი ფიგურა. შესაძლებელია „ოცნება“ გაიყოს ორ ნაწილად – ძლიერები და სუსტები, წინ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები.
– თვითმმართველობის არჩევნებმა შეიძლება კონტურები უფრო გამოკვეთოს, მაგრამ პრინციპში, არც გაყოფა არ არის მთავარი. ქართული პოლიტიკისთვის გაყოფა არ არის პრობლემა. შეჩვეული ვართ ჯერ კიდევ „მრგვალი მაგიდიდან“, რომ მმართველი პარტია იყოფოდა, მას უპირისპირდებოდა ოპოზიცია და მერე იმარჯვებდა მასზე. შევარდნაძესთანაც ასე მოხდა, შეჩვეული ვართ ამ სცენარს. თუკი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მოსახლეობა მიჰყვება ამ დაპირისპირებას და რომელიღაცას დაუჭერს მხარს. თუ მოხდა დაპირისპირება და გაიმარჯვებს ახალი ჯგუფი, მაშინ იქნება ის, რაც თქვა ივანიშვილმა – ახალი ჯგუფი ოპოზიციაში გადაიყვანს „ქართულ ოცნებას“.
დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ახალ ჯგუფში ვინ შეიძლება ვიგულისხმოთ?
– პერსონალურად როგორ გადანაწილდება ძველი და ახალი გუნდი, არ ვიცი, მაგრამ ის, რომ ამხელა ორგანიზმი როგორიც არის „ქართული ოცნება“, ვერ მოახერხებს ბოლომდე ჰარმონიულ თანაცხოვრებას და შიდა პროცესები წავა, ამას ადამიანთა ბუნება გვკარნახობს. თუკი ოჯახში ლიდერობაზე პრეტენზია ქმარსაც აქვს და ცოლსაც, დაპირისპირება იქაც ხდება და ამიტომ ინგრევა კიდეც ეს ოჯახი. ასევეა პოლიტიკაში, გამორიცხული არ არის ასეთი დაპირისპირება. ახლა, ამ მშვიდობიანი მსვლელობის ეტაპაზე დაპირისპირება რომ არ იქნება, ესეც ადამიანურად სწორი და გამართლებულია.
იმ გუნდში სადაც ლიდერშიპები არიან გახარია, კალაძე, ღარიბაშვილი და ასევე ცქიტიშვილი, ამ გუნდის თავმჯდომარეობა კობახიძეს აძლიერებს, თუ პირიქით, ასუსტებს?
– საერთოდ, ლიდერობას აქვს რამდენიმე მომენტი, ერთი ის, რომ თვითონ ადამიანს უნდა თუ არა ლიდერობა. მეორე, იმ ხალხს ვინც მის გარშემოა, მისი ლიდერობა უნდა თუ არა. ამ ფონაზე, როცა გუნდში ორ ადამიანს უნდა ლიდერობა, კონფლიქტები ხშირია. მაგალითად, ისევ ოჯახი ავიღოთ – ორივე მხარე კონფლიქტებს თავს არიდებს იმის გამო, რომ ფუნქციები არის განაწილებული. როცა ფუნქციები განაწილებულია, იქ კონფლიქტები ნაკლებია. თუ ფუნქცია განაწილებული არ არის, ერთი და იგივე ფუნქციის მატარებელ ადამიანებს შორის კონფლიქტი ხშირია.
რა ფუნქცია აქვს ირაკლი კობახიძეს?
– ჩემი აზრით, მას, ალბათ, საკმაოდ დიდი წონა ექნება, სხვებთან შედარებით დასავლეთთან ურთიერთობაში. ვფიქრობ, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება, კობახიძეს დაეკავებინა თავმჯდომარის პოსტი, ნაწილობრივ ამითაც იყო განპირობებული. დასავლეთს კარგად ესმის კობახიძის ენა, ასევე დასავლეთის ენა ესმის კობახიძეს. თუკი ამ ფუნქციებით შემოიფარგლება კობახიძე, მაშინ შეიძლება პროცესი დაპირისპირების გარეშე წავიდეს. თუ ამ ფუნქციებიდან ამოვა და უფრო მეტს მოინდომებს, მერე უკვე ძალა წყვეტს. ჩვენ ყოველთვის ვივიწყებთ, რომ პოლიტიკა ძალისმიერი მოვლენაა.
მემკვიდრედ კონფლიქტური პოლიტიკური ფიგურა მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ დასავლეთის ენა კარგად ესმის?
– კონფლიქტური არის, მაგრამ ბოლო ხანებში მისი კონფლიქტური ხასიათი ძირითადად ნაციონალების კისერზე ტყდება. შიდა პარტიულ საკითხებს ნაკლებად ეხება ხოლმე. ასეთი პროცესი იქნება თუ არა მშვიდობიანი, ეს უკვე კითხვის ნიშნებს აჩენს, მაგრამ თუ არ იქნება მშვიდობიანი, არც ეს არის პრობლემა. პროცესების ასე განვითარებას „ქართულ ოცნებაში“ შეიძლება უფრო მეტი დინამიზმი მოჰყვეს, ვიდრე მშვიდობიან ცხოვრებას.
ფიქრობთ, რომ ივანიშვილი საბოლოდ ჩამოშორდა ქართულ პოლიტიკას? მისი ფრაზა, რომ შეიქმნება ევროპულის სტილის ოპოზიცია, რომელიც კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებას“ და დაამარცხებს კიდეც, კითხვებს ხომ არ აჩენს?
– ძალიან საინტერესო ფრაზა იყო. ეს მაფიქრებინებს, რომ შეიძლება ასეთ ოპოზიციად ისევ „ქართული ოცნების“ განაყოფებს გულისხმობდეს. მან ვადაც კი დათქვა 4–5 წლის შემდეგო. ეს ოპოზიცია ხომ საიდანღაც უნდა გაჩნდეს? მეჩვენება, რომ ამ ნატვრაში, როგორც თვითონ თქვა, ერთ–ერთ ვარინატად იგიულისხმება ის, რომ ძლიერი ფიგურები გაჩნდება ისევ „ქართულ ოცნებაში“. ვეთანხმები თქვენს ჩამონათვალს, ამ ძლიერი ფიგურებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური ძალა და მათ შორის დაპირისპირება გახდეს მსჯელობის საგანი.
არსებული პოლიტიკური პარტიების მიმართ ნიჰილიზმი მზარდია, ამის ფონზე კვლავ არის მოლოდინი მესამე პოლიტიკურ ძალაზე. როგორ ფიქრობთ, მესამე პოლიტიკური ძალა იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 2024 წელს დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“ და მისი ლიდერი იქნება ირაკლი ღარიბაშვილი? არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო შეიძლება შეიქმნას ახალი პოლიტიკური გაერთიანება. აღსანიშნავია ისიც, რომ ღარიბაშვილი არის ივანიშვილის ერთ–ერთი ძლიერი მემკვიდრე, რომელიც მაღალი ნდობით სარგებლობს და ბევრი წარმატებაც ღარიბაშვილთან არის დაკავშირებული...
– გეთანხმებით. ამ ფიგურის თავისებურება ისიც არის, რაც ივანიშვილისთვის სულ ერთი არ არის, პრინციპულად უპირისპირდება „ნაციონალურ მოძრაობას“, ყოველგვარი ქვედა დინებებების გარეშე. ეს დაპირისპირება დეკორატიული ნამდვილად არ არის. ამ ფიგურის მიმზიდველობიდან გამომდინარე, გამორიცხული არაფერი არ არის. მოსახლეობაში რეიტინგი აქვს.