სააკაშვილი პროტესტისა და ჩხუბის ფონზე ყოველწლიურ მიმართვას წარმოთქვამს

სააკაშვილი პროტესტისა და ჩხუბის ფონზე ყოველწლიურ მიმართვას წარმოთქვამს

თბილისი – საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში, მზარდი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელმაც მას გამოსვლის ადგილისა და დროის შეცვლა აიძულა, ყოველწლიური მიმართვა წარმოთქვა.

8 თებერვალს, საპრეზიდენტო სასახლეში, სიტყვით გამოსვლისას, მას შემდეგ, რაც მას გამოსვლის დაგეგმილი სივრცე საპროტესტოდ გამოსულმა ხალხმა დაუბლოკა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფუნდამენტური განსხვავებები აქვს პარლამენტთან, რომელსაც მისი მეტოქე, პრემიერმინისტრი ივანიშვილი აკონტროლებს, მაგრამ ივანიშვილის მმართველ კოალიციას „კოაბიტაციისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა“.

„პირველი, რისი გაკეთებაც უნდათ, საქართველოს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაა. მე ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები და ასევე არ ეთანხმება უმცირესობის ყველა ის წევრი, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს“, განაცხადა სააკაშვილმა.

„ეს არის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენსა და საქართველოს მთავრობას შორის. მათ ძალიან ღიად განაცხადეს ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოტანის მოტივაციის შესახებ. მათ, მთავრობას უნდა, რომ რეალურად დაამყაროს კონტროლი პარლამენტზე“.

მან ისიც განაცხადა, რომ ორ მხარეს განასხვავებს დამოკიდებულება პრეზიდენტის არჩევის წესისადმი.

„მეორე საკითხი, რომელზეც ჩვენ, უმცირესობა და მე, პრეზიდენტი არ ვეთანხმებით, არის ახალი ინიციატივა – გაუქმდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები საქართველოში“, განაცხდა სააკაშვილმა, „ამიტომ მათ სჭირდებათ საპარლამენტო უმრავლესობა და ეს განაცხადეს კიდეც ღიად და წინასწარ. აი, ამის გარშემოა ბრძოლა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში არ ჩატარდეს“.

მოწოდება სიმშვიდისკენ

სააკაშვილმა გადასდო თავისი გამოსვლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში მას მერე, რაც მას გზა გადაუკეტა საპროტესტო აქციის 200-იოდე მონაწილემ, რომელთა შორის იყვნენ ყოფილი პოლიტიკური პატიმრები.

ჩხუბი დაიწყო მას შემდეგ, რაც ხალხმა პრეზიდენტის გამოსვლის მოსასმენად სააკაშვილის თანაპარტიელი ოფიციალური პირები ბიბლიოთეკაში არ შეუშვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა რადიო „თავისუფლების“ ქართულ სამსახურს განუცხადა, რომ „პოლიტიკური ოპონენტები, კერძოდ კი პრეზიდენტ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუსტად იმ მხრიდან მივიდნენ შესასვლელთან, სადაც ადამიანთა ჯგუფები იყო თავმოყრილი.

„შესაბამისად, მათ არ გამოიყენეს პოლიციის მიერ ორგანიზებული დერეფანი. ჩვენ გვაქვს საფუძველი ეჭვისთვის, რომ მათ გამიზნულად მოაწყვეს პროვოკაცია“, განაცხადა ღარიბაშვილმა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა მომიტინგეებს სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა.

„გზავნილი დღეისთვის, ამ ღამეს ასეთია, ერთ რამეზე უნდა ვკონცენტრირდეთ: თუ პრობლემა გვაქვს, ჩვენ ამ პრობლემას მშვიდობიანად ვაგვარებთ, მშვიდობიანი, დემოკრატიული მეთოდებით“, განაცხადა ნორლანდმა. „არსებობს აშკარა პრობლემები. არსებობს პრობლემები, რომლებიც პრეზიდენტის და მთავრობის გადასაწყვეტია. მე თქვენი სრულიად მესმის. მაგრამ მთავარი გზავნილი დღეისთვის ასეთია, თუ პრობლემა გაქვთ, თუ განაწყენებულნი ხართ, ეს მშვიდობიანი, დემოკრატიული მეთოდებით უნდა გადაწყდეს“.

დემონსტრატდებმა თქვეს, რომ მათ ე.წ. სირცხვილის კორიდორის გაკეთება უნდოდათ პრეზიდენტისთვის, სადაც მას ბიბლიოთეკაში შესვლამდე უნდა გაევლო. სხვები ამბობდნენ, რომ „არ გაატარებდნენ პრეზიდენტს, სანამ ის არ გასცემდა პასუხს კითხვაზე რატომ დააპატიმრეს და რატომ მიუსაჯეს პატიმრობა უკანონოდ (პოლიტიკურ პატიმრებს)“.

ჟურნალისტმა და სააკაშვილის ოპონენტმა ზაზა დავითაიამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მყოფ რეპორტიორებს განუცხადა, რომ სააკაშვილი არ არის ნამდვილი პრეზიდენტი და „ძალაუფლება გაყალბებული არჩევნებით მიიტაცა“.

სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა ოქტომბერში იწურება; მას ახალ არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება.

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა, ჩვეულებრივ, პარლამენტში იმართება, მაგრამ სააკაშვილმა გადაწყვიტა იქ არ გამოსულიყო მას შემდეგ, რაც 7 თებერვალს დეპუტატებმა ხმა მისცეს მისი გამოსვლის გადადებას გაურკვეველი ვადით.

პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა 7 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოსვლა გადაიდო საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიმდინარე დებატების გამო. ამ ცვლილებებით პრეზიდენტს უნდა შეეზღუდოს მთავრობის დათხოვნის უფლება პარლამენტის თანხმობის გარეშე.

პარლამენტში უმრავლესობას ფლობს კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელსაც სათავეში ივანიშვილი უდგას.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა უარყო ნებისმიერი ვარაუდი, რომელთა თანახმად, ის პარლამენტის დაშლას შეეცდება.

„პრეზიდენტის ეს უფლება (დაითხოვოს პარლამენტი და კაბინეტი) ეფემერული რამაა კონსტიტუციაში“, განაცხადა მან. „მე არაერთხელ მივანიშნე, რომ არ ვაპირებ ამ უფლების გამოყენებას, კონკრეტულად კი – სულ რამდენიმე თვეში არჩევნების შემდეგ“.

„მე კარგად ვხედავ პოლიტიკურ დინამიკას და მშვენივრად მესმის, რომ ნებისმიერი მცდელობა, დაითხოვო მთავრობა ახლა, (არჩევნებიდან) სამ, ოთხ, ხუთ თვეში, თვითდესტრუქციულია იმ პოლიტიკური ძალისთვის, ვინც ამ ინიციატივას გამოიჩენს“.

კრიზისმა ხაზი გაუსვა დაძაბულობას საქართველოში, რომელიც მას მერე შეიქმნა, რაც დიდი ხნის მმართველი ძალა, პრეზიდენტის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. მისი ოპონენტი, ივანიშვილი, პრემიერმინისტრი გახდა და მათ შორის კოაბიტაციის რთული პროცესი დაიწყო.

foreignpress.ge