თბილისის მერია თავის ფავორიტ კომპანიებს ქალაქში ჯიხურებს ისე ადგმევინებდა, რომ ისინი ელექტრონულ აუქციონში არც კი მონაწილეობდნენ. ე.წ. პრივილეგირებული კომპანიები ნუსხა კი ასეთია: შპს “ექსპრესი”, შპს “აუთდორ.ჯი”, შპს “საქართველოს ლატარიის კომპანია”, შპს “მაგი სტილი მედია” და შპს “ნუგეში”.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პროექტის -„ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა“ - ფარგლებში კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელიც ეხება თბილისის მერიის პროექტს „სავაჭრო ჯიხურები ქალაქის მასშტაბით“.
კვლევის თანახმად, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური არ გასცემდა გარკვეულ პირებზე მშნებლობის ნებართვას, მიუხედავად იმისა, რომ ნებართვის გაცემა სწორედ მისი კომპეტენცია იყო.
აღნიშნული უწყება დაინტერესებულ პირებს გარე ვაჭრობის შესახებ თანხმობის მიღების მიზნით თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში ამისამართებდა, თუმცა არ ასაბუთებდა ამის მიზეზს.
კვლევის შედეგების თანახმად, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ არ მომხდარა ე.წ. პრივილეგირებული კომპანიების: შპს “ექსპრესის”, შპს “აუთდორ.ჯი”, შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიის”, შპს “მაგი სტილი მედიის” და შპს “ნუგეშისათვის” საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობის განხორციელების თაობაზე გაცემული თანხმობების ვადის გაგრძელება. გაცემული თანხმობების ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ კი, ამ კომპანიების სავაჭრო ჯიხურები კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის განთავსებული.
„თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, რომელიც მყისიერ რეაგირებას ახდენს ხოლმე კონკრეტული მოქალაქეების მხრიდან მშენებლობის ნებართვის დარღვევაზე, ამ შემთხვევაში ყველაფერს იგნორირებას უკეთებს. ისინი არაფერს აკეთებდნენ, რათა მშენებლობის წესების დარღვევის გამო რეაგირება მოეხდინათ და სანქციები გაეტარებინათ ზემოთაღნიშნული კომპანიების მიმართ“, - განაცხადა საია-ს თამჯდომარემ კახა კოჟორიძემ.
როგორც პროექტის ავტორმა სულხან სალაძემ განაცხადა, აღნიშნულ კომპანიებს არ გაუმარჯვიათ და მაღალი ალბათობით მონაწილეობაც არ მიუღიათ თბილისის მერიის მიერ ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონში. ეს ფაქტი კი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ამ კომპანიების სავაჭრო ჯიხურები უკანონოდ იყო განთავსებული თბილისში, მით უმეტეს, ქალაქის ცენტრში, სადაც სხვა პირებს აკრძალული აქვთ სავაჭრო ჯიხურების განთავსება.
„თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არ ჩატარებულა კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება და მას არ მიუღია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა აღნიშნული სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი. ამასთან, ე.წ. პრივილეგირებული კომპანიებიდან ორში, შპს “ექსპრესსა” და შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიაში”, სახელმწიფო საკუთრებაში დღემდე რჩება კომპანიების წილის 70-70 პროცენტი“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
საია მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, აუცილებლად დაინტერესდნენ თუ რის საფუძველზე არის განთავსებული აღნიშნული კომპანიების სავაჭრო ჯიხურები დღემდე ქალაქის ქუჩებში.
საქმე ისაა, რომ ეს კომპანიები მანამდეც პრივილეგიებით სარგებლობდნენ. კერძოდ, ახალი პროექტის გამოცხადებამდე, 2009 წლის 24 მარტიდან 2011 წლის 14 ივლისის ჩათვლით, გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის განთავსების ნებართვა 739-მა მიიღო, საიდანაც 443 ე.წ. პრივილეგირებულ კომპანიებზე მოდიოდა. ასეთი სულ 11 კომპანიაა, თუმცა საია 4 მათგანს გამოყოფს, ესენია: “უაიდ დისტრიბუშენი, “ნუგეში”, “აუთდორ.ჯი”, “საქართველოს ლატარიის კომპანია” და “მაგი მედია”.
2011 წლის ოქტომბრიდან სავაჭრო ჯიხურების იჯარით სარგებლობის მსურველებს ელექტრონულ აუქციონში უნდა მიეღო მონაწილეობა. გაცემული 244 ლოტიდან შპს “ნუგეშმა” 20 ლოტი მიიღო, თუმცა არქიტექტურული სამსახურის ინფორმაციით, ამ კომპანიას თბილისის მასშტაბით 83 ჯიხური აქვს განთავსებული. სხვა ზემოხსენებულ პრივილეგირებულ კომპანიებს საერთოდ არ მიუღიათ აუქციონში მონაწილეობა და არც გახანგრძლივებაზე მიუღიათ თანხმობა, თუმცა მათი სავაჭრო ჯიხურები ქალაქის მასშტაბით მაინც დგას.
აღნიშნული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ზემოხსენებულ კომპანიებს მხოლოდ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში ექნებოდათ სავაჭრო ჯიხურების განთავსების შესაძლებლობა, რის საფუძველზეც საია მიიჩნევს, ზემოხსენებული კომპანიების ყველა სავაჭრო ჯიხური კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო განთავსებული.
იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული კომპანიები კანონს არღვევენ, თბლისის მერიის ცნობით, ქალაქის ზედმხედველობის საქალაქო სამსახურში ამ კომპანიების ჯიხურების შესახებ ადმინისტარციული წარმოება არ დაწყებულა: „სწორედ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უშუალო ფუნქციას წარმოადგენს საზოგადოებრივ ადგილებში გარევაჭრობაზე კონტროლის განხორციელება. მათ შორის დარღვევების გამოვლენა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება”, - აღნიშნულია საიას კვლევაში.
საია თბილისის მერია რეკომენდაციით მიმართავს, რათა ზედამხედველობის სამსხურმა შესაბამისი ზომები მიიღოს და მოხდეს ყველა იმ კომპანიის ჯიხურების დემონტაჟი, რომელიც კანონის დარღვევით არის განთავსებული: „შესაბამისი სტრუქტურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ყველა იმ გარემოებით, რომლეთა შესახებაც წარმოდგენილ კვლევაში არის საუბარი”.
მიუხედავად ამისა, თბილისის მერიას იურსიტთა კვლევა სულაც არ აღელვებს. უგულავას უწყება კონკურსით თუ უკონკურსოდ კვლავაც ახდენს ჯიხურების გასხვისებას. მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ შემდგომი ჯიხურების აუქციონი, რომელზეც 590 ლოტი იქნება გამოტანილი, 12 თებერვლისთვისაა ჩანიშნული.
სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აუქციონზე 900 ლოტი იყო გამოტანილი, რომელთაგანაც 310 ლოტი უკვე გაცემულია. ამ დრომდე თბილისის მერიამ 18 აუქციონი გამართა.