მმართველმა გუნდმა ქვეყნის პირველ პირს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგომის უფლება არ მისცა, ხოლო ქართულმა საზოგადოებამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლის საშუალება. ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს, უმცირესობა კი, დაპირისპირების „დამკვეთების“ დასჯას ითხოვს.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, for.ge ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა:
პრეზიდენტი მისთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლებების ამოქმედების მიზნით, გუშინ მომხდარ დაპირისპირებას გამოიყენებს?
- თუ სააკაშვილის გამოსვლას დააკვირდით, ნახავდით, რომ პრეზიდენტი სრულიად უუნარო იყო. იმის გამო, რომ პოლიტიკური პროცესები მისი სცენარით ვერ წარიმართა, ეს ადამიანი, ლამის, კანკალებდა. ჩვენს ქვეყანაში, პრეზიდენტი ვერაფერს ვეღარ შეცვლის, გარდა იმისა, რომ ნაციონალურ პროვოკაციებს მოაწყობს, რის გამოც, პროვოკაციებს უნდა ვერიდოთ და მისი თავიდან აცილება უნდა შევძლოთ. რა თქმა უნდა, თუ ნაციონალური პროვოკაციები იქნება, ეს უნდა დავძლიოთ.
გამოსვლისას, პრეზიდენტს ის შემართება აკლდა, რაც მას სჩვევია, მაგრამ გამორიცხავთ, რომ მისი ზომიერება დიპლომატებთან შეხვედრით ყოფილიყო განპირობებული?
- პრეზიდენტს შინაგანი კონსტიტუცია არ აქვს, რომ საზოგადოების შემადგენლობიდან გამომდინარე მოხსნება ააწყოს. ის ყოველთვის თავისი ლექსიკით გაუწონასწორებელი პიროვნებაა. უბრალოდ, პირველად მოხდა, როდესაც, მისი სცენარით პროცესები არ წარიმართა. მისი სცენარი კი იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, უმცირესობაში მყოფ დეპუტატებს პერსონალური დამოკიდებულება არ გამოეხატათ და მთავრობის დანიშვნასთან დაკავშირებით, წართმეული უფლებების ხალხისთვის დაბრუნება მისი თანხმობით მომხდარიყო. ეს მას ამ შენობაში უნდა გაეკეთებინა, მაგრამ როცა აღმოაჩინა, რომ ამ განცხადებას მის მიერ შერჩეულ ბიბლიოთეკაში ვერ აკეთებდა, ის პანიკურ მდგომარებაში ჩავარდა და სამჯერ ახსენა, რომ აი, აქ ბუნკერები არ არის, აქ, ხომ არ ჩამკეტავთ და ა.შ. მარტივი ფსიქოლოგიური მომენტია - ადამიანი იმას გამოხატავს, რისიც ეშინია.
მისი მტკიცების მიუხედავად, იქ ბუნკერებიც არის და გასასვლელი გვირაბებიც, რის შესახებაც მთელმა თბილისმა იცის. იმის გამო, რომ პოლიტიკური პროცესები მისი სცენარით ვერ წარიმართა, ის სტრესში აღმოჩნდა და ყოველგვარი ვაჭრობის გარეშე იძულებული გახდა, წართმეული უფლების უკან დაბრუნებაზე თანხმობა გაეცხადებინა. მთელი ეს თვენახევარი კი გვევაჭრებოდნენ, რაღაცა მოგვეცით და მოვდივართ, მაგრამ ჩვენ ვუთხარით, რომ ეს ვაჭრობას არ ექვემდებარება.
პარლამენტში ელჩების კანდიდატების წარდგენის სანაცვლოდ, პრეზიდენტს დაცვის სამსახურის ერთი სამმართველო გადაეცა. ამჟამად, რას ითხოვდნენ?
- ისინი საჯაროდ, საკონსტიტუციო ქვორუმის 3/4-მდე გაზრდის წესის ამოქმედებასა და საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ ცვლილების მხარდაჭერას ითხოვდნენ, მაგრამ რეალურად, მათი ინტერესი იმაში მდგომარეობდა, რომ სამართლიანობის აღდგენის კამპანიის შეჩერება მომხდარიყო, რაც ფაქტიურად, სააკაშვილმა თავად აღიარა, რადგან გამოსვლისას, მას წამოცდა - რატომ უნდა მოვთხოვოთ პასუხი იმ ხალხს, ვინც ხუთი წლის წინ გადასახადს არ იხდიდა, ან შვიდის წლის წინ ჩხუბობდა. ვინაიდან, დღეს, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის შანსი გაჩნდა, მან ფაქტიურად აღიარა, რომ მისი მმართველობის დროს, ჩინოვნიკები დანაშაულს სჩადიოდნენ - ფულის მოპარვის, ჩხუბებისა თუ სხვა ძალადობრივი ქმედებების ჩადენის სახით. მათ გარანტიები ვერ მიიღეს და იმიტომ არიან გაგიჟებულები, რომ ცვლილებებზე თანხმობა არაფრის სანაცვლოდ განაცხადეს.
როგორ ფიქრობთ, სააკაშვილისთვის პარლამენტში გამოსვლის უფლება რომ მიგეცათ, ამით ეს დაპირისპირება არ იქნებოდა თავიდან აცილებული?
- მისთვის პარლამენტში გამოსვლის უფლება არ ჩამოგვითმევია, არამედ დავინტერესდით, აპირებდა თუ არა უფლებების დაბრუნებას. თუ ის იმის თქმას გეგმავდა, რომ პარლამენტს მთავრობის დანიშვნის უფლებას უბრუნდებდა, ეთქვა და პარლამენტში ისე მოსულიყო.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა for.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ამის დამალვას აზრი აღარ აქვს - ნაციონალების უმრავლესობა ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად იყო, მაგრამ ერთმა ადამიანმა ეს არ დაუშვა, რადგან მას ნორმალიზაცია არ აწყობს“. ამ ცვლილებებს, კონკრეტულად, ვინ უჭერდა მხარს?
ის ჯგუფი, რომელიც აცნობიერებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური მომავალი არ ექნება, თუ კრიმინალებს ჩამოეკიდება და კრიმინალური დანაშაულით დამძიმებული წარსულის მქონე პოლიტიკოსებისგან არ გათავისუფლდება. უმცირესობაში დაახლოებით ოცი პირია, რომელთაც პოლიტიკური წარსული იმდენად დამძიმებული აქვთ, რომ ისინი დანაშაულის მძევალნი არიან. გამოსვლისას, სააკაშვილმა იბჟუტურა, რომ დებატებზე, თურმე, პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხს ვიხილავდით, რაც დიდი აბსურდია. ვინაიდან, მას ამ უფლებების არდაბრუნების საწინააღმდეგო არგუმენტი არ ჰქონდა, ის შეეცადა, რომ იმ კანონპროექტზე ესაუბრა, რომელიც განხილვის საგანი საერთოდ არ იყო. ამით კი სურდა, რომ საკუთარი გაჯიუტება აეხსნა, მაგრამ ამით უხერხულ ვითარებაში უმცირესობის ის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ, რომლებიც გულზე მჯიღს იცემდნენ, რომ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთო. ახლა რას აპირებენ, როცა მათი ლიდერი ამ უფლებას პარლამენტს უბრუნებს?
თქვენ აცხადებთ, რომ ნაციონალები პროვოკაციაზე წავიდნენ, მაგრამ ამ გამოწვევის წინაშე, რამდენად ადეკვატური იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო?
- ნაციონალური პროვოკაციის თავიდან აცილება ვერ შევძელით.
ანუ, მთავრობაში მეტი მობილიზაცია არ იყო, რომ ეს პროვოკაცია თავიდან აგეცილებინათ?
- რა უნდა გაკეთებულიყო, ეს აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა. გიგი უგულავა გინებით მოვა, ხელების ქნევით თუ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, სამივე სცენარში ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი და ფაქტია, რომ ეს პროვოკაცია ვერ ავიცილეთ. იმის მისახვედრად დიდი პოლიტიკოსობა არ არის საჭირო, რომ ნაციონალები დარჩენილ პერიოდს პროვოკაციებისთვის გამოიყენებენ.
ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებას, პრეზიდენტი საერთაშორისო არენაზე ყურადღების მიპყრობის მიზნით გამოიყენებს?
- ეს პროვოკაცია, მისთვის მნიშვნელოვანი იყო და ადგილზე გიგი უგულავა ხელების ქნევითა და გინებით სწორედ იმიტომ გამოუშვა, რომ ეს პროვოკაცია შემდგარიყო და გამოჩენილიყო, რომ პრეზიდენტს პარლამენტში არ უშვებენ, ასევე მის ხალხს სცემენ და ა.შ.
უმცირესობა აცხადებს, რომ პრეზიდენტის პარლამენტში არმისვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. ამ ნაბიჯის გადადგმაში, რა როლი ითამაშა ბიძინა ივანიშვილმა?
- ამ საკითხზე, პრემიერთან მოთათბირება რაიმე დანაშაულს არ წარმოადგენს, რადგან ჩვენ სამოქალაქო მშვიდობასა და წართმეული უფლებების დაბრუნებაზე ვსაუბრობთ. შესაბამისად, საზოგადოებას შეცდომაში არ შევიყვანთ და არ ვეტყვით, რომ ეს საკითხი, არ იყო განხილული, მაგრამ გადაწყვეტილება უმრავლესობამ მიიღო.