როგორ გააგრძელებს ოპოზიცია შიდა კონსულტაციებს, ისევ გაურკვეველია. ახალი ინიციატივით გამოდის „გირჩი“, რომელიც საუბრისთვის მზადაა მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებსაც სადეპუტატო მანდატი აქვთ. ოპოზიციის შიდა მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში განახლდება. უახლოესი შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩსა“, და „მოქალაქეებს“ შორის არის დაგეგმილი. შესაბამისად ჩნდება განცდა, რომ შესაძლოა, ოპოზიციის ნაწილმა „ნაციონალების“ და „ევროპელების“ გარეშე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები განაახლოს. როგორც „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, ჩნდება საფრთხე, რომ ოპოზიციის ჩამოუყალიბელი პოზიიცის გამო მოლაპარაკების მე-5 რაუნდი საერთოდ არ გაიმართოს.
„გირჩში“ კი რჩებათ განცდა, რომ „ევროპელებს“ ამ მოლაპარაკების რეალური შედეგით დასრულება არ უნდათ. მიზეზად „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მხრიდან არაერთი მცდელობა სახელდება, რომ თითქმის შეთანხმებამდე მისული მოლაპარაკებები ჩაშლილიყო.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ბუნებრივია, ნებისმიერი მოლაპარაკების დროს ყველა პარტიას თავისი მოსაზრება აქვს. შესაბამისად, მათ აქვთ განცდა, რომ „ევროპულ საქართველოში“ პიროვნულ დონეზე არ არიან დაინტერესებულები, რომ ეს მოლაპარაკება შედგეს.
„ვერ ვხედავ, რომ ეს ხალხი ამ მოლაპრაკების პროცესში რამე რეალურ შეთანხმებას ცდილობდეს. ან უფრო სწორად ისეთი შეთანხმების, რომელიც უმრავლესობას უნდა. მაგალითად „ევროპულ საქართველოში“ პიროვნულ დონეზე არ არიან დაინტერესებულები მოლაპარაკების წარმატებულად დასრულებაში. ვერ ვხედავ, რომ ისინი ამ კონკრეტულ მომენტში ჩემი თანამოაზრეები არიან, ამის გამო ხომ მაქვს უფლება სხვა ადამიანებსაც ვკითხო, იქნებ სხვები არიან ჩემი თანამოაზრეები?“, - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის აზრით, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ჩაიშლება.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საერთოდ ჩაიშალოს მეხუთე რაუნდი და ამ შემთხვევაში, თუ ჩაიშლება, ჩვენ მზად ვართ ინდივიდუალურად, თუმცა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უკეთესი იქნებოდა, ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“ და ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესად.
ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, ეს არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება და საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილება, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა, ასევე, ძალიან კარგი იდეაა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებაზე“ ჯამურად მეტს აიღებს ოპოზიცია, მაშინ ეს ავტომატურად იყოს 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ჩვენ ამომრჩეველმა პარტია „მოქალაქეებს“ მოგვცა ხმა. ჩვენ არც სააკაშვილთან, არც ივანიშვილთან და არც მით უმეტეს გიგა ბოკერიასთან არაფრის შეთანხმებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით კი, ოპოზიციის შიდა შეხვედრები კონკრეტული შედეგებით ვერ დასრულდება მაშინ, როდესაც პოლიტიკური პატიმრების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება.
„იმ ხალხს, ვინც „ევროპული საქართველოს“ სიით პარლამენტში შედიოდა, ყველას უარი აქვს მანდატებზე ნათქვამი. ვახო მეგრელიშვილი შეხვდება, დაარწმუნებს მათ? პატარა ბავშვები არიან? არ მჯერა, რომ ახლა ამ მოცემულობით რაიმე შეთანხმება შედგება, რომელიც დასრულდება იმით, რომ ოპოზიცია ბოიკოტს მოხსნის და პარლამენტში შევა. არ ჩანს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, შესაძლებელი იყოს შეთანხმების მიღწევა, ეს საკითხი საერთოდ, არც კი განიხილება“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
„ლელოში“ კი აცხადებენ, რომ მსჯელობა საერთო ოპოზიციურ ფორმატში უნდა მოხდეს.
„ყველა ინიციატივა, რომელზეც ჩვენ, შესაძლოა, მსჯელობა გვქონდეს, უნდა განიხილებოდეს საერთო ოპოზიციურ ფორმატში. კონსესუსი არის ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენ ახალ მოთხოვნებზე და ინიციატივებზე უნდა ვმსჯელობდეთ“, - აღნიშნავს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი პარლამენტში უნდა შევიდეს, ხოლო ხელისუფლებას კონსტრუქციული, შინაარსობრივი და არგუმენტირებული პოლემიკა უნდა გაუმართოს. აბაშიძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს და ეს ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა. ამიტომ ანალიტიკოსი ელის, რომ წელს თუ არა, გაისად ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიციური ძალები შეიქმნება.
„რაც შეეხება პარლამენტში ვიღაცეების შესვლა-არშესვლას, ეს, რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ დავამატებდი, თუ გინდა რომ კონსტრუქციული პოლიტიკოსი იყო, პარლამენტში უნდა შეხვიდე და მმართველ გუნდს ოპონირება გაუწიო, თებერვალი იქნება, მარტი თუ სხვა თვეები. ნებისმიერი ელჩი და საელჩო, ასეთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს იგნორირებას გაუკეთებს. მე-5 რაუნდი დაერქმევა თუ მე-17 ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, რომელსაც ამომრჩეველმა ხმა მისცა, პარლამენტში შედის.
თუ ოპოზიციური აქტორები ნაცების და ევრონაცების გავლენისგან გათავისუფლდებიან, მაშინ ყველანაირ პოლიტიკურ აქტიურობას აზრი აქვს. თუ ისინი კვლავ პოლიტიკური ბულინგის და დამუნათების ქვეშ იქნებიან, ეს პოლიტიკური ჩიხი ისევ გაგრძელდება. ბოკერიამ და უგულავამ თავის სამაჟორიტარო ოლქებში 6% დააგროვეს. ასეთი პოლიტიკოსები არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არაფერში არ სჭირდება. ამიტომ ჯობია, ოპოზიციის ნაწილმა ეს ხალხი საერთოდ თამაშგარეთ გაიყვანოს“, - აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი მიხვდა, მოთხოვნილი თამასა ძალიან მაღალია და პრაგმატულად ფიქრი დაიწყეს. ძაბირაძე ამბობს, რომ ამასთანავე ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ფასილიტატორ ელჩებს ანგარიში უნდა გაუწიონ. მისი თქმით, ეს პოზიციები ოპოზიციის ნაწილში კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მათი პარლამენტში შესვლით დასრულდება.
„არ მგონია, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტში შესვლას ბოიკოტს კვლავ ჯიუტად უწევენ, შევიდნენ. თანდათანობით გარდაქმნაა საჭირო იმისთვის, რომ არჩევნების სანდოობა გაიზარდოს. არ ველი, რომ დასავლეთი თუნდაც ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში „ოცნებაზე“ ზეწოლას განახორციელებს, რათა ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აიძულოს. „ოცნება“ კი მხოლოდ იმიტომ არ დანიშნავს არჩევნებს, რომ ეს ოპოზიციას უნდა. ასეთ კრიზისში კი ყველაზე კარგი გამოსავალი ისაა, რომ მაქსიმალური შედეგი იქნას მიღებული და კრიზისი განიმუხტოს.
გასაგებია ის შიში, რომ ოპოზიციის ნაწილს ამ შეთანხმების შემდეგ გარანტია არა აქვს, რომ ხელისუფლება მას შეასრულებს. თუმცა თუკი ეს პირობა ფასილიტატორი ელჩების წინაშე დაიდება და ამის შესრულების გარანტორები ისინი იქნებიან, ოპოზიციას უფრო მეტი სათქმელი ექნება. თუ ხელისუფლება ასეთ დროსაც შეთანხმებას დაარღვევს, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის მხადაჭერა ოპოზიციის მხარეს გადაინაცვლებს. მაშინ ამით იმის დამტკიცებას შეძლებენ, რომ მართლები არინ. შემდგომი არჩევნებისთვის ოპოზიციას დასავლეთის მხადაჭერა გარანტირებული ექნება. თუ ეს მხარდაჭერა არ იქნება, შემდგომ არჩევნებშიც ოპოზიცია ისევ ქუჩაში დარჩება“, - აცხადებს ძაბირაძე.