„თუ მთავრობას დაითხოვს, ბევრად მეტი გაბრაზებული ხალხი გამოვა ქუჩაში“

„თუ მთავრობას დაითხოვს, ბევრად მეტი გაბრაზებული ხალხი გამოვა ქუჩაში“

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია გამოიკვეთა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას უპრეცედენტოს უწოდებს და მას მადლობას უხდის.

„როცა ხელისუფლებისა და სპეცრაზმის წარმომადგენლები ჩვენ გვცემდნენ, არ მახსენდება შემთხვევა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს პროტესტი გამოეთქვა, პირიქით, მისი დავალების ფარგლებში გვცემდნენ. ამიტომ, უპრეცედენტო იყო ის, რომ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად მივიდა“, - აცხადებს ხიდაშელი. არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასებით კი შს სამინისტრომ ვერ დაგეგმა შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველეყო მონაწილეთა უსაფრთხოება.

„ჩვენ გვესმის იმ ადამიანების, ვისაც წლების განმავლობაში უსამართლობის განცდა დაუგროვდა, თუმცა მსგავსი განცდა ვერ იქნება კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამართლების საფუძველი“, - ნათქვამია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლებიც ერთი მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებდნენ, პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების უფლება მიეცათ იმ ადამიანთა მცირე რაოდენობისთვის, რომელთაც ამის სურვილი ჰქონდათ, მეორე მხრივ, სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პარლამენტს სთხოვდნენ დაუყოვნებლივ გადაეტანა პრეზიდენტის გამოსვლა და დებატები პარლამენტის შენობაში.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების შეფასება ექსპერტ კახა კახიშვილს ვთხოვეთ. 

ბატონო კახა, როგორ ფიქრობთ, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის გადადება რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო უმრავლესობის მხრიდან?

- არ შეიძლება 8 თებერვლის, როგორც მხოლოდ ერთი დღის განხილვა. ეს არ არის მხოლოდ ერთი დღის ეპიზოდი. ეს არის ის რიტორიკა, აგრესიული ტონი, რომელიც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ისმოდა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის 80%-ის მიმართ.

მას შემდეგაც კი, რაც ხელისუფლება შეიცვალა, საქართველოს პრეზიდენტი იმ ხალხს, რომელსაც პარლამენტმა მისცა პოლიტპატიმრის სტატუსი, იმ ხალხს, რომელმაც გამოიარა ჯოჯოხეთი და თვითონაც კარგად იცის, რა სისტემა ჰქონდა შექმნილი სპეციალურ დაწესებულებებში, მას შემდეგაც კი, რაც ეს ხალხი გათავისუფლდა, ყველა მიკროფონთან და ტრიბუნასთან ეძახდა ბანდიტებს, ჯაშუშებს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მომუშავე ადამიანებს. ფაქტობრივად, მათ ადამიანებად არ თვლიდა, ეს არის ამის გამოძახილი, ამიტომაც მივიდა ეს გაბრაზებული ხალხი იქ, რომ ეკითხათ, რატომ იყვნენ ჯაშუშები და ბანდიტები.

მეორე მხრივ, ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი ვარ, სერიოზულად აღმაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ქალბატონს ხელი დაარტყეს. ჩვენ გვახსოვს, რომ ზუსტადაც სააკშვილის ხელისუფლების დროს ქალებს სცემდნებნ, მოხუცებს ურტყამდნენ, ძალიან არ მომეწონა ჩიორა თაქთაქიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ თვითონ პრეზიდენტმა ჩააყენა ძალიან მძიმე მდგომარეობაში დღევანდელი ხელისუფლება - ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგად დაგეგმილი პიარი იყო, გათვლილი უმრავლესობის შეცდომაზე.

რას გულისხმობთ?

- თავიდანვე, როდესაც პრეზიდენტმა თქვა, რომ ის აპირებს კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და მიმართოს ხალხს პარლამენტიდან, უმრავლესობას უნდა განეცხადებინა, რომ „ჩვენ შენ აქ არ გელოდებით“. არ იყო საჭირო, ჯერ იმის თქმა, რომ მოდი, მერე - წადი.

თუმცა არსად არ წერია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ მაინც და მაინც 8 თებერვალს უნდა ისარგებლოს საქართველოს პრეზიდენტმა ამ უფლებით. მას შეეძლო გადაედო თავისი გამოსვლა. აღნიშნა კიდეც, თავის გამოსვლაში, რომ პრინციპულად ჰქონდა გადაწყვეტილი 8 თებერვალს გამოსვლა.

რაკი დავით აღმაშენებლის ხსენების დღე იყო? ვიცით სააკაშვილს როგორ უყვარს სიმბოლოები...

- არ ვიცი, მან თქვა, რომ რაკი არ მიმიწვიეს პარლამენტში, მაგრამ პრინციპულად ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ დღეს მიმემართა ხალხისთვისო. თვითონ კი ამბობს, რომ ხალხისთვის უნდა მიემართა, მე ჩემი საუბარი კი არა მათთვის მოსმენა მაინტერესებდაო, მაგრამ სთხოვეს 5 თუ 10 კაცი შეუშვიო და უარი მიიღეს. იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილი ხალხად არ თვლის, პოლიტპატიმრები არიან ხალხის ნაწილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციამ დროულად ვერ უზრუნველყო წესრიგის დაცვა...

- რაც შეეხება პოლიციას, მას მომზადებული ჰქონდა ორი მიმართულება სადაც შეეძლოთ კორიდორის მოწყობა დეპუტატებისთვის და პრეზიდენტისთვის ისე, რომ შენობაში შესვლის პრობლემა არ შექმნოდათ. მხოლოდ წინა შესასვლელთან იდგა ხალხი.

ნებისმიერ დროს, როდესაც პრეზიდენტი გადაადგილდება, მისი გადაადგილების მარშრუტს არ ადგენს პოლიცია, მარშრუტს ადგენს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ სამსახურს უნდა უზრუნველეყო და პოლიციისთვის მიეცა მითითება იმისათვის, რომელი კორიდორი უნდა გაძლიერებულიყო იმისათვის, რომ პრეზიდენტი შესულიყო.

მაგრამ დაგეგმილი იყო სხვა რამ - ნაცმოძრაობას სერიოზული მცდელობა ჰქონდა, ჩიხში შეეყვანა ახალი მთავრობა. ან ახალი მთავრობის შს მინისტრს უნდა ეცემა ხალხი, როგორც სცემეს 26 მაისს, დაღუპული ადამიანები კი შენობების სახურავებზე შემოაწყვეს, რადგან მას პრინციპულად გადაწყვეტილი ჰქონდა რაღაც, მაგრამ მას დაავიწყდა, რომ არ იყო 2011 წლის 26 მაისი, როდესაც პოლიცია საკუთარ ხალხს უმოწყალოდ სცემდა და კლავდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას პრინციპულად უნდოდა, ან აღლუმში მონაწილეობის მიღება, ან სიტყვით გამოსვლა. ალბათ, ძალიანაც უნდოდა პოლიციას ასე გაეკეთებინა, მაგრამ პოლიციამ ეს არ გააკეთა.

მან შეგვებულად შეკრიბა ელჩები იქ, სადაც იცოდა, რომ თვითონ არ მივიდოდა, რადგან ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანი იდგა. რეალურად, მას მცდელობა ჰქონდა, რომ ელჩები იმ შეხლა-შემოხლაში მოხვედრილიყვნენ, რომ შემდგომში ძალიან სერიოზულად გამწვავებულიყო საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ახალი  ხელისუფლების მიმართ. კიდევ კარგი, რომ პოლიციამ მოახერხა და უზრუნველყო ელჩების თავისუფლად შესვლა და გამოსვლა იმ ტერიტორიიდან.

ხომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი ჩანაფიქრი, ამ გამწვავების საუძველზე მთავრობის დათხოვნა გამოეცხადებინა?

- თუ განხორციელდებოდა მათი გეგმა, რომ ელჩები, დიპლომატიური კორპუსი, შეხლა-შემოხლაში აღმოჩნდებოდა და მათ ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებდა, ალბათ, ასეც იქნებოდა. მათ ვერ გათვალეს, რომ ჩვენი ხალხი ძალიან  კულტურულია და პოლიციამაც კარგად იმუშავა, რომ ელჩებს პრობლემა არ შექმნოდათ.

ფაქტობრივად ყველაფერი კეთდება, რომ მოახერხონ საერთაშორისო აზრის ფორმირება ახალი მთავრობის მიმართ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის აბსოლუტურად უსუსური და რეალურად ამზადებენ ნიადაგს, რომ დაითხოვონ მთავრობა.

პრეზიდენტი დღეს კი აცხადებს, რომ ის არ ისარგებლებს ამ უფლებით და მთავრობას არ დაითხოვს. კი თქვა, ახლა ამ უფლებას როგორ გამოვიყენებ და მთავრობას სამ თვეში როგორ დავითხოვო, მაგრამ სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ის სამ თვეში კი არ აპირებდა მთავრობის დათხოვნას, არამედ ოქტომბრამდე. ის მხოლოდ და მხოლოდ ნიადაგს ამზადებდა.

ის დესტრუქციული რიტორიკა, მისი და მისი გუნდის წევრებისა ჩანს - ყველა ტრიბუნას იყენებენ იმისათვის, რომ მოახდინონ აზრის ფორმირება - კარგად მოიქცა პრეზიდენტი, ეს მთავრობა რომ დაშალა..

კოჰაბიტაციაზე კი საუბრობს, მაგრამ თუ არ სურს მთავრობის დაშლა და იმ უაზრო უფლებით სარგებლობა, რომელიც საკუთარ თავს 2004 წელს მიანიჭა, ადგეს და მხარი დაუჭიროს ცვლილებებს, რა პრობლებაა? შემდგომში დაწყნარდება ყველაფერი.

საკუთარ ხალხს მიუხედავად იმისა, ვინ რაზე გასამართლდა, ვინ იყო მის გუნდში და ვინ არა, მოექცეს ისე, როგორც საკუთარ ხალხს, რადგან ის არის ქვეყნის პრეზიდენტი და არა ნაცმოძრაობის.

თუ პარლამენტი მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ ქუთაისში მოესმინა სააკშვილისთვის სცენარი როგორი იქნებოდა?

- სცენარი იქნებოდა იგივე, მეტი ხალხი დახვდებოდა. გააკეთებდნენ პარლამენტთან სირცხვილის კორიდორს და უმრავლესობასაც მოუწევდა ამ კორიდორში გავლა, რადგან ეს ხალხი  აცხადებდა - რატომ იბარებენ იმ ადამიანს, რომელსაც ვადა გაუვიდა, პარლამენტშიო.

თვითონ პრეზიდენტიც სულ სხვა მიმართვით წარსდგებოდა საქართველოს პარლამენტის წინაშე. ის, რაც მან 8 თებერვალს თქვა, ეს არ იქნებოდა ის ტექსტი, რითაც გამოვიდოდა პარლამენტში. ბუნებრივია, ის დაიწყებდა კოჰაბიტაციაზე ლაპარაკს იმიტომ, რომ ეს უცხოელებს მოესმინათ. მაგრამ ერთი რამ არ მესმის, კოჰაბიტაციაა, როცა სტრასბურგში დგახარ და საკუთარ ქვეყანას უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავ? მითუმეტეს - უსაფუძვლოდ. კოჰაბიტაციაა როდესაც ნებისმიერ ტრიბუნას იყებნებ იმისათვის, რომ ახალი ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინო?

როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ამბავს?

- შოკში არიან თვითონაც. პრეზიდენტი ძალიან განერვიულებულია იმიტომ, რომ 9 წელი ფაქტობრივად პრეზიდენტი მეფის როლში იყო და რაც მას უნდოდა, ყოველთვის ხდებოდა. 26 მაისი იმის დადასტურებაა, რომ ზუსტადაც იქ უნდოდა აღლუმის ჩატარება და ის ადგილი მისმა პოლიციამ  გაუსუფთავა და სისხლზე ჩაატარა აღლუმი. ახლაც უნდოდა, ალბათ, სისხლზე შესვლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მაგრამ დაავიწყდა, რომ ეს სხვა პოლიციაა.

გაგრძელება იქნება ისევ და ისევ დესტრუქცია და ნიადაგის მომზადება მთავრობის დასათხოვად. სააკშვილს სხვა გამოსავალი არ აქვს. ამიტომაც ხელს არ უწყობს საკონსტიტუციო ცვლილებებს. სააკაშვილმა კარგად იცის, რომ თუ ოქტომბრამდე ვერ მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია, მას არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს. ამიტომაც შეეცდება ყველანაირი გზებით მოახერხოს ეს. სააკაშვილმა, რომელიც არ იყო პრეზიდენტი, 2003 წელს მოახერხა პოლიციის კორდონით გამაგრებული პარლამენტის შენობაში უპრობლემოდ შეღწევა, მაგრამ ისე წაიყვანა საქმე, რომ ახლა, როდესაც ის პრეზიდენტია, პარლამენტის შენობაშიც კი აღარ უშვებენ.

თუ საკონსტიტუციო უმრავლესობის ხმები ვერ შეკრიბა, რა უნდა ქნას ხელისუფლებამ, სააკაშვილს ელოდოს, როდის გადაწყვეტს მის გარეკვას?

- სააკშვილმა ისიც კარგად დაინახა, რომ თუ მთავრობას დაითხოვს, ბევრად მეტი გაბრაზებული ხალხი გამოვა ქუჩაში. მთლად იმის იმედადაც  არ არის, რომ ხვალ დაითხოვს მთავრობას და მერე თვითონ წყნარად დაჯდება. მან ისიც ძალიან კარგად იცის, რა მოჰყვება მთავრობის დათხოვნას, მაგრამ შეეცდება ნიჰილიზმში ჩააგდოს ჯერ საკუთარი მოსახლეობა, ფონი შექმნას გარეთ, რომ საქართველოში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ის ხალხი, რომლებიც განაწყენებულები არიან ან ვერ დაინიშნენ ვერსად, მათზე აქვს ორიენტაცია, რომ შემდგომში დესტაბილიზაციის შედეგად განახორციელოს ხელისუფლების უზურპაცია. გამოუვა თუ არა, ეს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ თანამიმდევრულ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. თუმცა ისიც რეალურია, რომ ხალხი მას არ აპატიებს მთავრობის დაშლას და კოჰაბიტაცია მოგონებად დარჩება - ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის.