„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე, რომ აუცილებელია დემოკრატიული, გამჭვირვალე, სანდო არჩევნები, მაგრამ ძალიან იშვიათად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დავფიქრდეთ და კარგად გავიაზროთ, რისთვის არის ეს საჭირო. არჩევნები, რა თქმა უნდა, თვითმიზანი არ არის, ეს მხოლოდ ინსტრუმენტია“, - განაცხადა for.ge-ს პრეს-კლუბში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა.
მისი თქმით, არჩევნები პოლიტიკური ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ძალაუფლებისთვის ბრძოლის პროცესი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ნებისმიერი საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი საზოგადოებისთვის სასარგებლო ფორმით იყოს წარმართული, რადგან კაცობრიობის მთელი ისტორია ძალაუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა, ეს ბრძოლა კი უძლიერეს იმპერიებსაც ანგრევდა, რადგან თუ ხელისუფლების გადაცემის პროცესი ცივილიზებული და მშვიდობიანი არ არის, ის ნებისმიერი სახელმწიფოსთვის დამანგრეველია. ხარატიშვილი აღნიშნავს, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ხელისუფლების გადაცემის ეფექტური მეთოდის არარსებობამ მიგვიყვანა სამოქალაქო ომამდე, ოკუპირებულ ტერიტორიებამდე და ისეთ ეკონომიკამდე, რომელიც ოცი წლის შემდეგ ძლივს დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რაც მაშინ იყო.
ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ისტორიის უდიდესი მონაპოვარია, რომ შარშან ოქტომბერში საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა მოხერხდა და ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს.
„მოხარული ვარ, რომ ეუთომ, რომელიც ძირითად სადამკვირვებლო მისიად ითვლება (მასთან ერთად ოთხი საპარლამენტო ასამბლეა იყო და სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია), გააკეთა დასკვნა, რომელშიც ჩვენს საარჩევნო ადმინისტრაციას საკმაოდ მაღალი შეფასება მიეცა“, - აცხადებს ზურაბ ხარატიშვილი და აქვე ეუთოს დასკვნიდან ამონარიდი მოჰყავს.
„მთლიანობაში საარჩევნო ადმინისტრაციას მაღალი ნდობა ჰქონდა და იგი არჩევნების მზადების პროცესს პროფესიონალურად და ყველა ვადის დაცვით წარუძღვა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ეფექტურად და გამჭვირვალედ მოქმედებდა, ატარებდა ხშირ შეხვედრებს, რომლებიც ღია იყო დამკვირვებლებისათვის, პარტიების წარმომადგენლებისთვის და მედიისთვის.
საარჩენო გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო. იგი მკვეთრი რიტორიკის გამოყენებით და ზოგ შემთხვევაში ძალადობის გამოვლინებით ხასიათდებოდა. საარჩევნო კამპანია ხშირად კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის წარმოჩენის მაგივრად, ერთი მხრივ, თანამდებობის და მეორე მხრივ, კერძო ფინანსური რესურსის გამოყენებაზე ფოკუსირდებოდა“, - ნათქვამია ეუთოს ანგარიშში.
ხარატიშვილი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამგვარ პოლარიზებულ გარემოში ჩატარებული არჩევნები ეუთომ დემოკრატიულად შეაფასა. აქვე ცესკო-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ძალიან საგანგაშო ფაქტი დაფიქსირდა აჭარის უმაღლეს საბჭოში. კერძოდ, მიღებული იქნა კანონი, რომლის ძირითადი არსი უმაღლესი საარჩევნო კომისიის ექვსივე წევრის კომისიიდან დათხოვნაა.
„ეს პრეცედენტი ძალიან ცუდია, მით უმეტეს - იმ ფონზე, როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ ასეთი მაღალი შეფასება მიიღო, ხოლო უსკო-ს მიმართ საერთოდ არანაირი პრეტენზია არ ყოფილა. ის ადამიანები, რომლებმაც ეს კანონი მიიღეს, თავად უსკო-ს წევრების ხელმოწერით არიან დანიშნულები თანამდებობებზე. მთავარი აქ არის არა მხოლოდ ის, რაც მოხდა. კერძოდ, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებისთვის უფლება-მოსილების შეწყვეტა ტრაგედია არ არის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა ფორმით განხორციელდა ეს აქტი“, - ამბობს ზურაბ ხარატიშვილი.
მისი თქმით, კომისიის წევრებზე იყო პირდაპირი ზეწოლა, რომ მათ საკუთარი თანამდებობები დაეტოვებინათ და ამ ზეწოლას აჭარის რეგიონში მაღალი რანგის ჩინოვნიკები ახორციელებდნენ. ხარატიშვილის თქმით, უსკო-ს წევრებს პროკურატურითაც დაემუქრნენ და ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც შემაშფოთებელი ტენდენციაა. ცესკო-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს კანონი დაჩქარებული წესით იყო მიღებული და საარჩევნო ადმინისტრაციას, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ამ კანონის განხილვაში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მიეცათ. აქვე ხარატიშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამად ეს კანონი აჭარის მთავრობის მეთაურთან ხელმოსაწერად არის გადაგზავნილი და მხოლოს ამის შემდეგ შევა ძალაში.
ბატონო ზურაბ, ვინ არიან ის პირები, რომლებიც უსკო-ს წევრებზე ზეწოლას ახორციელებდნენ?
- უსკო-ს თავმჯდომარემ, არჩილ მიქელაძემ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, თუ როგორ ხდებოდა მასზე ზეწოლა და თან აქ არა მხოლოდ მასზე, არამედ კომისიის სხვა წევრებზეც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირების მიერ ხდებოდა ზეწოლა. ყველაზე საყურადღებო მომენტი, რასაც ბატონი არჩილი მიუთითებს არის ის, რომ ამ პროცესში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძეც მონაწილეობდნენ, თუმცა იქ საუბარი იყო კიდევ სხვა პირებზეც. იმ წერილში, რომელიც ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გავაგზავნეთ, ეს ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი. ამ წერილის ასლი ასევე მთავარ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილსაც გავუგზავნეთ და ამ წერილს ბატონი მიქელაძის განცხადებაც დავურთეთ, რათა პროკურატურამ ეს საკითხი შეისწავლოს, რადგან ჩვენი აზრით აქ დანაშაულის ნიშნები იკვეთება. არ ვიცი, რამდენად დაადგებიან პირზე იმ თანამდებობის პირებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დღეს თუ არა ხვალ, სიმართლე დადგინდება და ამ ფაქტს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცემა.
ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ უსკო-ში ეს მუდმივი ექვსი წევრი აღარ იქნება?
- არა, ისევ ექვსი წევრი იქნება, ოღონდ სხვა ექვსი პიროვნება. აქ საყურადღებოა ისიც, რომ აჭარის უახლოესი არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზე ტარდება (ადგილობრივ არჩევნებს უსკო არ ატარებს, მას ჩვენ ვატარებთ). ამიტომ, არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ უსკო-ს კომისიის წევრებთან დაკავშირებით კანონი ასეთი დაჩქარებული ტემპით მიიღეს. ერთადერთი ის არის, რომ „რატომ უნდა იყვნენ ესენი და არ უნდა იყვნენ ჩვენები“.
ყველაზე მიზანშეწონილი იქნებოდა, მთავრობის მეთაურს ეს კანონი შემდგომი განხილვისა და დახვეწისათვის უმაღლესი საბჭოსთვის დაებრუნებინა, თუმცა მთავარი იდეა არის ის, რომ საარჩევნო რეფორმა უკვე დაწყებული პროცესია. მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით ინტერფრაქციული ჯგუფიც იქმნება. აჭარაც საქართველოს სამართლებრივი სივრცის ნაწილია. ამიტომ, თუ საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო გარემოს შეცვლაზე, რა თქმა უნდა, აჭარაშიც ეს ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ასე ნაჩქარევად რაღაცის შეცვლა აბსოლუტურად მიზანშეუწონელია და ასეთ პრეცედენტს შეიძლება ძალიან არასასურველი შედეგები მოჰყვეს, რადგან თუ ასეთ რეჟიმში ვმუშაობთ და საარჩევნო რეფორმაც ასეთ რეჟიმში წარიმართება, ძალიან ცუდად წავა ის პოლიტიკური პროცესებიც, რომლებიც ამ მიმართულებით განვითარდება.
არ მგონია, საქართველოს პარლამენტიც ასე არაპროფესიონალურად და ყოველგვარი ეთიკის გარეშე მოიქცეს, მაგრამ როდესაც ასეთ პრეცედენტს ხედავ, ბუნებრივია, არსებობს საშიშროება, რომ ეს პროცესი უფრო ფართოდაც გავრცელდეს და აჭარის რეგიონს გასცდეს.
ამ შემთხვევაში პარლამენტს რისი გაკეთება შეუძლია?
- საქართველოს პარლამენტს - არაფრის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის მისი პარლამენტი და მისი წევრები გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებლები არიან. აქვე აღვნიშნავ, რომ მათ ხელისუფლება ხალხისგან გადაცემული აქვთ არა იმისათვის, რომ პოლიტიკური ძალაუფლება თავიანთი პირადი მიზნებისთვის ბოროტად გამოიყენონ.
თქვენს მიერ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოქვეყნებულ ღია წერილში თქვენ ამ ზეწოლაში მურმან დუმბაძეს ადანაშაულებდით, თუმცა ის ასეთი ფაქტის არსებობას კატეგორიულად უარჰყოფს და კონკრეტული ფაქტების დასახელებას ითხოვს.
- მან რომ ეს დაადასტუროს, თანამდებობიდან უნდა გადადგეს და ჩვენების მისაცემად უნდა მივიდეს მთავარ პროკურატურაში. როგორც წესი, ამას თავისი ნებით არავინ აკეთებს. რაც შეეხება კონკრეტული ფაქტების დასახელებას, მე მგონი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რიგითი ადამიანი არ არის. სხვათაშორის, შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნის შესახებ ოქმს უსკო-ს თავმჯდომარე და მდივანი აწერენ ხელს და სწორედ ამ ორი ადამიანის ხელმოწერით ხდება ლეგიტიმური მათი ამ თანამდებობებზე არჩევა. თუ ჩვენ ბატონი მიქელაძის ხელმოწერას ამ შემთხვევაში ვენდობოდით, მაშინ რატომ არ უნდა ვენდოთ ახლა მის ნათქვამს?! ხოლო თუ ჩვენ მას არ ვენდობით, მაშინ აჭარის უმაღლეს საბჭოში მყოფი ბატონების იქ ყოფნაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
უსკო-ს თავმჯდომარე მთავარ პროკურატურას თუ მიმართავს, მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების გამოძიების თხოვნით?
- მე არ ვიცი, ბატონი არჩილ მიქელაძე მთავარ პროკურატურას მიმართავს თუ არა, მაგრამ ეს საჯაროდ გახმაურებული ფაქტია და როგორც მოგახსენეთ, მთავარი პროკურორისთვის გაგზავნილ წერილს არჩილ მიქელაძის განცხადებაც დავურთეთ, სადაც ის ამ ყველაფერს დეტალურად აღწერს. შესაბამისად, როდესაც ცნობილი ხდება ფაქტის შესახებ, რომელშიც დანაშაულის ნიშნები იკვეთება, პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს მოკვლევა.