„სააკაშვილის ტყუილებს მისი ბებია მზიაც კი აღარ დაიჯერებს“

„სააკაშვილის ტყუილებს მისი ბებია მზიაც კი აღარ დაიჯერებს“

მიხეილ სააკაშვილის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზოგადოების წინაშე გამოსვლა ჩაიშალა, რადგან ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მის მომლოდინე პოლიტპატიმრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა მისსავე რეზიდენციაში დაახლოებით 21.10 საათზე დაიწყო და მისგან საზოგადოებამ და მათ შორის, ხელისუფლებამ ერთი სერიოზული გზავნილი მიიღო - მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის დათხოვნას არ აპირებს და მზად არის მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც დაუჭიროს მხარი, რომელიც მისი უფლება-მოსილების განსაზღვრას ეხება. რას ფიქრობენ 8 თებერვლას განვითრებულ მოვლენებსა და პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე ხელისუფლებაში, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ესაუბრება.

ლევან ბერძენიშვილი: „ჩემი შეფასებით ევრონულ ბიბლიოთეკასთან მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული იყო გარკვეული ტიპის პროვოკაცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების პროვოცირება მოახდინეს. მათი თქმით, ხალხი ციხიდან გამოშვებული იმიტომ არის, რომ ცუდად მოიქცეს, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ეს ადამიანები აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები არიან. წინა ხელისუფლება მათ უსამართლოდ მოექცა, რის გამოც იმ ხელისუფლებასთან პრეტენზია აქვთ. რატომ არ ექნებათ მათ პრეტენზია, როდესაც ამ ადამიანებს თვეობით და ზოგს წლობით მოუწია ციხეში აბსოლუტურად უსამართლოდ ჯდომა, თან იმ პირობებში, რაც ქართულ ციხეებში იყო. ამდენად, იქ გაღიზიანებული ადამიანები იყვნენ შეკრებილები.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი წარმომადგენლები მდედრობითი და მამრობითი სქესის „გაპონებივით“ იქცეოდნენ და აღიზიანებდნენ ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ძალადობას ვერავინ, მათ შორის ვერც მე ვერ გავამართლებ, მაგრამ რასაც თბილისის მერი აკეთებდა, იმას უკვე, მე მგონი, პროვოკაციაც აღარ ჰქვია. ეს არის ჩეულებრივი კრიმინალი, რადგან უგულავა იწვევდა მოქალაქეებს და ითხოვდა, რომ კანონი დარღვეულიყო.

როგორ შეაფასებდით მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, რომ სიტყვით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსულიყო?

- მისი ეს გადაწყვეტილება იყო არა მხოლოდ პროვოკაციული, არამედ უგუნურიც. რა დარჩენია მას ეროვნულ ბიბლიოთეკაში? მე მაგ ბიბლიოთეკის დირექტორი ხუთნახევარი წლის განმავლობაში ვიყავი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა წევრის საბუთი მაქვს შესწავლილი და შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველი. ის ამ ბიბლიოთეკაში ნამყოფია ერთხელ, როდესაც იქ მისი წიგნის „გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. სინამდვილეში ეს იყო ინტერვიუების კრებული, რომელსაც სააკაშვილმა წიგნი უწოდა და ასეთი დრამატული სახელი დაარქვა. ეს მისთვის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლის პირველი შემთხვევა იყო და ერთი საათი ვუხდნიდი, როგორ მოეგნო ეროვნული ბიბლიოთეკისთვის. ასე რომ, სააკაშვილს ბიბლიოთეკაში არც არაფერი ესაქმებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას ეგონა, რომ იქ არც არაფერი მოხდებოდა, უბრალოდ პარლამენტის მაგივრად ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოვიდოდა სიტყვით.

პროვოკაცია მოაწყვეს მას შემდეგ, რაც ეს ხალხი დაინახეს. ნაციონალები პრაქტიკულად ცეცხლს ეთამაშებოდნენ, როდესაც ეს ადამიანები გააღიზიანეს. ცუდია ის რეაქცია, რაც ამას მოჰყვა და მე ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ვთხოვთ და როგორც პარლამენტის წევრი, მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ ყველა დამნაშავე გამოავლინოს და დასაჯოს, მაგრამ მათ შორის უნდა დაისაჯონ პროვოკატორები. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ თბილისის მერმა სხვა ეკონომიკურ და კორუფციული დანაშაულის გარდა, რაც ჩადენილი აქვს, ამ დანაშაულისთვისაც უნდა აგოს პასუხი. ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა დამარცხებული გუნდის მხრიდან. ისინი თავს იტყუებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის 40% მათი მხარდამჭერია, რადგან ეს 40% არჩევნებში გაიფორმეს, თორემ დღეს როგორი 40%-ც არიან, თვითონ არ იციან?

ამდენი მხარდამჭერიც რომ ჰყავდეთ, პროვოკაცია პარლამენტის წევრების მხრიდან არ არის საკადრისი. მათ სურთ, მთელს მსოფლიოს აჩვენონ, როგორ ჩაგრავენ „ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტის წევრებს რომ ცხვირ-პირი დაულეწეს, რუსეთის აგენტებად შერაცხეს და ხალხი ციხეში უკანონოდ ჩაყარეს, ეს კიდევ არაფერი, მათ ადამიანები ჰყავთ დახოცილი. ამ დროს კი გვეუბნებიან, რომ გაკრიალებული ქვეყანა ჩაგვაბარეს. ამ მოვლენებმა კარგად დაგვანახა როგორი გაკრიალებული საზოგადოება გვყავს გინდ ერთი და გინდ მეორე მხრიდან. საუბარია დაბალი სოციალური და რაც მთავარია, პოლიტიკური კულტურის მქონე საზოგადოებაზე, რომლის აღელვება თბილისის მერს ძალიან ადვილად შეუძლია.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არავის ვამართლებ, ვინც გამოიწვიეს, რადგან პროვოკაციაში, პროვოკატორის გარდა ამ პროვოკაციაზე წამოგებულიც მონაწილეობს, მაგრამ ასე სახელდახელო პროვოკაციებით „ნაციონალური მოძრაობა“ შორს ვერ წავა.

მიხეილ სააკაშვილის შემდეგ გარკვეული განცხადებებინაციონალური მოძრაობისგენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმაც გააკეთა. მის გამოსვლას როგორ შეაფასებდით?

- რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის გამოსვლას, ადამიანი შეიძლება იყოს გონებასუსტი, მაგრამ არ არის აუცილებელი, ყოველდღე და ყოველ წუთს ამის ტირაჟირება ხდებოდეს. ვანო მერაბიშვილი ყოველთვის იყო საშუალოზე დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ადამიანი. სააკაშვილმა მას ხერხემალი უწოდა, კი ბატონო, თუ თანამდებობას მისცემ, ხერხემალიც იქნება და ყველაფერიც. ახლა მისი, როგორც პრაქტიკურად არარსებული  პოლიტიკური ძალის გენერალური მდივის ყველა განცხადება პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და სამოქალაქო დაპირისპირების სურვილს. ქვეყანაში არ არის ის ვითარება, რომ სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს თუნდაც ისეთი დაბალი შესაძლებლობების მქონე ადამიანმა, როგორიც ვანო მერაბიშვილია. მოწოდება ბრძოლისკენ, დამხობისკენ დანაშაულია და შესაბამისად ისჯება.

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დაიბნა, ამბობენ, დებატები მოვიგეთო. როგორ უნდა მოეგოთ მათ ჩვენთვის პარლამენტში დებატები, როდესაც ჩვენ ვეუბნებოდით, კონსტიტუციაზე ვილაპარაკოთო, ისინი კი გვეუბნებოდნენ, სოფლის მეურნეობაზე ვილაპარაკოთო. ეს არის დებატების მოგება? თან გვაბრალებენ, რომ თურმე მათი შეგვეშინდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინ არ შეგვშინებია, როდესაც ძლევამოსილები იყვნენ და ახლა ვის ეშინია მათი? მართლა ჰგონია ჩიორა თაქთაქიშვილს, რომ მისი შიშით ღამე არ მძინავს, რადგან ისეთ სიტყვას იტყვის, რომ ცა ქუხილს დაიწყებს?

გულწრფელად ვწუხვარ, რომ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მრცხვენია ჩემი ქვეყნის სახელით, მაგრამ იმისიც მრცხვენია, რომ ჩიორა თაქთაქიშვილი ჩემი კოლეგაა პარლამენტში. იმისიც მრცხვენია, რომ გია ბარამიძე ისევ პარლამენტის წევრია, ხოლო მიხეილ სააკაშვილი რომ ისევ პრეზიდენტია, ამ სირცხვილს საქართველო მე მგონი თავისი ისტორიიდან ვერასოდეს ამოშლის.

პრეზიდენტმა თქვა, რომ მზად არის სადავო საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს

- მერე სად იყო აქამდე, რას აღიზიანებს ამ ხალხს და რას „აგაპონებს“ ჩიორა თაქთაქიშვილს?რას მიუსია თავისი ხალხი იმ გამწარებულ ადამიანებს?

ბატონო ლევან, პრეზიდენტმა თქვა, რომ ის სიტყვა წაიკითხა, რომლითაც აპირებდა პარლამენტის წინაშე წარმსდგარიყო. როგორ ფიქრობთ, ეს მართლაც ის მიმართვა იყო?

- რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო. მას საერთოდ არ წაუკითხავს არაფერი, ზეპირად საუბრობდა და ნამდვილად არ იყო ის მიმართვა, რადგან მის ტექსტში მთავარი იყო ის მოვლენები, რაც 8 თებერვალს მოხდა. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ? ამ ტყუილებს მისი ბებია მზიაც კი არ დაიჯერებს, რომელსაც ის ასე ძალიან უყვარს. საერთოდაც, ეს მე მგონი ერთადერთი ადამიანია დედამიწის ზურგზე, ვისაც სააკაშვილი უყვარს.

უნდა გითხრათ, რომ ამ მიმართვაში საღი ნაწილიც იყო, რასაც სხვათაშორის, არ ველოდი.

პრეზიდენტის ტონი გარკვეულწილად დამთმობი იყო, მეთანხმებით?

- დიახ, ერთი დათმობა იყო. სააკაშვილმა თქვა, რომ ნაციონალები პრეზიდენტისთვის იმ „ეფემერული“ უფლება-მოსილების ჩამორთმევას დაუჭერენ მხარს, რაც მთავრობის დათხოვნასთან არის დაკავშირებული. კიდევ კარგი, სააკაშვილს ესმის, რომ ეს უფლება მართლაც ეფემერულია, რადგან ვანო მერაბიშვილს და სხვებს ეგონათ, რომ ეს მართლაც შესაძლებელია. ისინი ამით გვაშინებდნენ და აშინებდნენ საზოგადოებას. საზოგადოება არჩევნებიდან ჯერ ვერ გამოვიდა, ჯერ ვერ გავარკვიეთ, ვინ მოიგო არჩევნები, რადგან ეს ხალხი ისე იქცევა, ვითომ არ წაუგიათ. თუმცა, დღეს ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ მათ ყველაფერი წააგეს. საქართველოს პრეზიდენტს კი ამ ყველაფრის შემდეგ ერთი საღი აზრი მაინც წამოსცდა, რომ არ უნდა ჰქონდეს ის უფლება, რომელიც 2004 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის გაუპატიურებით მიიტაცა.

სხვათაშორის, თუ გახსოვთ, მაშინ მან არარსებული, გაუქმებული პარლამენტი გააცოცხლა და ამ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის მიაცემინა ხმა. როგორც ირკვევა, მას ეს მიტაცებული უფლება არ სჭირდება, რადგან სანამ პარლამენტი მისი იყო, ეს უფლება არ სჭირდებოდა, ხოლო ახლა, როდესაც პარლამენტი მისი არ არის, ამას ვეღარ ბედავს. როგორ უნდა დაითხოვოს მან მთავრობა, რომელიც გაცილებით მეტი მხარდაჭერით სარგებლობს, ვიდრე პრეზიდენტი? ის რომ მთავრობას რაღაც ნაკლი აქვს, ხომ არ ნიშნავს, რომ მისი ხმები „ნაციონალური მოძრაობისკენ“ წავა?

სხვათა შორის, ძალიან ვწუხვარ, რომ მათ რიგებში ვისაც აზროვნების უნარი აქვს, არ ალაპარაკებენ. ასეთ დროს წინა რიგებში ჩნდებიან ან პროვოკატორები, ან გულწრფელად დარწმუნებული ჭკუასუსტები. ზოგი გულწრფელად არის დარწმუნებული, ზოგი საერთოდ მე მგონი ავად არის, მაგრამ ჭკვიანი ვინც არის, ის ასეთ დროს არ ლაპარაკობს და შეწუხებული სახით ზის. კიდევ კარგი, ის მაინც წასმოცდა სააკაშვილს, ამ უფლებას დავთმობო. მოგეხსენებათ, როდესაც ვუთხარით, რომ მას პარლამენტში არ მოვუსმენდით, სწორედ ეს პირობა დავუთქვით, რომ გაარკვიოს თავისი დამოკიდებულება ამ მიტაცებული უფლების მიმართ - რაში სჭირდება ეს უფლება, თუ ხელისუფლების კრიზისის გამოწვევას და სამოქალაქო დაპირისპირების ინიცირებას არ აპირებს? ახლა თქვა, რომ ამ უფლებას თმობს, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოტანას არასოდეს დათმობს, რადგან თურმე დედაქალაში პარლამენტის ყოფნა ტრაგედიაა. ამის შემდეგ ელაპარაკე ამ კაცს და პრეზიდენტი და ამერიკაში განათლებამიღებული უძახე. ეს არის სრული პოლიტიკური კრახი, რადგან როგორ შეიძლება თქვა, რომ პარლამენტი დედაქალაქში არ უნდა იყოსო?

ნაციონალების ერთადერთი არგუმენტი ის არის, რომ ეს თურმე რეგიონებს განავითარებს. კაი, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და სულ ორი დიდი ქალაქი გვაქვს და რა ქნან დიდმა ქვეყნებმა? ანდა, სულ გვაქვს პარლამენტი და ორი სასამართლო და რა ვუყოთ თელავს, როგორ განვავითაროთ? თითქოს, ქართველ ხალხს თავისი გასაჭირო არ ეყოფოდა, ეს კაცი ამ თავისი სისულელეებით კიდევ გვიმატებს საფიქრალს.

ბატონო ლევან, არ მოგეჩვენათ, რომ პრეზიდენტი ამ სიტყვის წარმოთქმისას ძალიან ნერვიულობდა და აშკარად ცუდად იყო?

- მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ვითარებას ჩაწვდა. იგი უნდა ხვდებოდეს, რომ ეს მოვლენები არ არის ორგანიზებული. მათ ყველაფერში ჩვენი ორგანიზაცია ელანდებათ. თან ამბობენ, რომ არაფრის უნარი არ გვაქვს, თან მოგვაწერენ ხოლმე იმის ორგანიზებას, რისი ორგანიზების უნარიც ნამდვილად არ გვაქვს. როგორ შეიძლება პოლიტპატიმრებს ორგანიზება „ქართულმა ოცნებამ“ გაუკეთოს? იმათ რა, უყვართ სააკაშვილი, მიაჩნიათ, რომ მათ სიკეთე გაუკეთა? მელორ ვაჩნაძეს რა პასუხი უნდა გასცენ? ვინმეს აქვს პასუხი კითხვაზე - რისთვის იჯდა მელორ ვაჩნაძე? ჩიორას ყველაფერზე აქვს პასუხი, მე რომ რამე ვთქვა, იტყვის, ეგ რუსეთის აგენტიაო და ეს გასაგებია. რა ვქნა ახლა, ჩემი ყოფილი მოსწავლის მეუღლეა, ჩემი უსაყვარლესი ყოფილი მოადგილის ბიძაშვილია და ყველანაირად ვცდილობ, რომ მასზე არაფერი წამომცდეს. ჩემს პირად შეურაცხყოფასაც ვიტან, მაგრამ ასე მარტივი არ არის ცხოვრება ქვეყანაში, სადაც არჩევნები წაგებული გაქვს. მათ კი ამის გაგება არ სურთ. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ მომხრეები არ გვყავს, მომხრეები მხოლოდ მათ ჰყავთ და ამით თავს იტყუებენ

სოციალურ ქსელებში წერენ ხოლმე, 54%-იანი ნაგავიო და ა.შ. ჩვენი ხალხის ბუნება მათ არ იციან. თუკი არჩევნების პერიოდში ჩვენი მხარდამჭერთა რაოდენობა 54% იყო, ახლა 90%-ია. კახა კუკავამ ამას ხუმრობით უწოდა - „ვინც მოვიდა, გაუმარჯოს“ და ეს სიმართლეა. ეს არ არის კარგი და ამას არ მივესალმები, მაგრამ რად უნდა იმას ლაპარაკი, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ 90%-იანი  მხარდაჭერა აქვს? დანიშნოს სააკაშვილმა ახალი არჩევნები და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინ მოხვდება პარლამენტში, ამასაც ნახავს. ისინი ბარიერს ვერ გადალახავენ.

საერთოდ დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში მანამდე ნამყოფი რომ ყოფილიყო, ხოლო მოქალაქეები მას რომ კარებს არ უმტვრევდნენ, ისე შედიოდნენ და წიგნებს კითხულობდნენ, უკეთესი იქნებოდა. მე მაგალითად, ძალადობას ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაზე ასევე ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ და სწორად არ მიმაჩნია, მას რომ ცოცხები მიაწებეს. ამ ბიბლიოთეკას მთელი მისი ისტორიის მანძილზე არაფრით დაუმსახურებია, რომ ეს ძალადობის სიმბოლო მის კარებზე მიეჭედებინათ. არავინ დაუფიქრდა იმას, რომ სააკაშვილის გარდა, აქ 1910 წელს აგებული უნიკალური შენობაა, რომლის აღდგენაზეც სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე მილიონი დახარჯა, მაგრამ ახლა ვინ უხსენებს ამ სიკეთეს.

ერთი რამ მინდა გითხრათ, - ვინც ამ მოვლენებში საქართველოს პოლიციას და ბიძინა ივანიშვილს დასდებს ბრალს, ის მართალი არ იქნება. პოლიციამ ყველა საშუალება გამოიყენა, მათ შორის იყო ალტერნატიული შესასვლელი და როცა ასეთი გადარეული, შენს მიერ დაჩაგრული პროტესტერები გიდგანან წინ, თავი უნდა გაარიდო და სხვა შესასვლელით შეხვიდე. სტალინი თუ კადრულობდა ამას, ვინ არის გოკა გაბაშვილი, ვერ შევიდოდა უკანა შესასვლელით? თბილისის მერი ვინ არის საერთოდ? ის ხომ ვიგინდარაა? ეს არის კაცი, რომელსაც ფაქტობრივად ცალი ფეხი ციხეში აქვს, პარტიული მიზნებით 1000 კაცი ჰყავს დასაქმებული და 5 მილიონი აქვს გაფლანგული და ასეთი მერი ისე იქცევა, თითქოს რამე კაცური ჰქონდეს გაკეთებული. ამ ადამიანმა ქალაქიდან საერთოდ ნაგვის გატანა შეწყვიტა, გზები დანგრეული დატოვა და საბოტაჟს უწყობს ქალაქს, რომლის მერიც არის. ამ დროს კი ხალხს იწვევს - აბა მიდით დადგით შოუ და ა.შ. რა თქმა უნდა, ხალხს თავი უნდა შეეკავებინა, მაგრამ როდესაც ასეთი მასხარა და ორკაპიკიანი პროვოკატორი მერი გყავს, ალბათ, ძნელია თავის შეკავება. თუმცა მომხრე ვარ, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს. იმედი მაქვს, რომ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, კრიმინალს ამაში ვერ ვხედავ და ვის მოქმედებაშია კრიმინალი, ამაში, ალბათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერკვევა.

ასევე დასჯადია პროვოკატორობა. ეს ის არ არის, შენობაზე რომ დაწერო - „მე მიყვარს სამშობლო“, ან მსგავსი რამ. დანაშაულის პროვოცირება სისხლის სამართილს წესით დასჯადი ქმედებაა.