ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გმობს და მომხდარ დაპირისპირებაში პასუხისმგებლობას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. თბილისში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ქუთაისში, სპიკერმა საგანგებო განცხადება გააკეთა და მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა, რომელსაც for.ge გთავაზობთ:
დავით უსუფაშვილი: მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას არ აწყობს. თუმცა, ამ პროცესს თავისი წინაპირობები ჰქონდა. გუშინ, პარლამენტის ბიურომ სრულიად კანონიერი და კონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო. დღეს კი, არის სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ პარლამენტმა კონსტიტუციის საწინააღმდეგო რაღაც გააკეთა, რაც საფუძველს მოკლებულია. კონსტიტუცია პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას ითვალისწინებს და ჩვენ ვთქვით, რომ სააკაშვილს ამის საშუალება მიეცემოდა. საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე - 6 თებერვალს გამოსვლა, თავად პრეზიდენტმა არ ისურვა და მისი გამოსვლა 8 თებერვალს გაიმართებოდა თუ 25 თებერვალს, ამით არც კონსტიტუცია და არც რეგლამენტი არ დაირღვეოდა. უმრავლსობამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. ვისაც კიდევ გონიერება და ქვეყნის სიყვარული შერჩა და არა მხოლოდ პოლიტიკური ინტერესების მსახურება, მზად ვიყავით, რომ გარკვეული შეთანხმებებისთვის მიგვეღწია და შემდეგი გართულებები თავიდან აგვეცილებინა. წინა დღეს, უმცირესობის წარმომადგენლებს შევთავაზე, რომ პრეზიდენტის გამოსვლა მცირე ხნით გადაგვედო, მაგრამ მათ ამაზე უარი თქვეს იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ნებას წინ დღესაც ვერავინ აღუდგება. შესაბამისად, ჩვენ მისი გამოსვლის გადადების გადაწყვეტილება მივიღეთ და არა გაუქმების. ამითი კი, მასსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შანსი მივეცით, რომ დასკვნები გააკეთონ, თუ რა ხდება ქვეყანაში - მათ დაკარგეს ხალხის მხარდაჭერა და ძალაუფლება.
როგორ აფასებთ ეროვნული ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს?
- ჯერ კიდევ გუშინ მითხრეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და ღონისძიების ჩატარება ითხოვეს, რაც არის პროვოკაციის მცდელობა. საინტერესოა, მან რატომ გადადგა ეს ნაბიჯი? თუ მას თავისი მოხსენების გაკეთება უნდოდა და ასეთი მოუთმენლობა სჭირდა, სჯობდა, მას ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაეკეთებინა. ბოლოს იქამდე მივედით, რომ მან ღია სივრცეში ადგილი შეარჩია, სადაც, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომების დაცვა, რთული იქნებოდა. მან უნდა გაიაზროს, რომ საქართველოში დაგოვილია ძალიან დიდი უკმაყოფილება, გაბრაზება და ამას ანგარიში უნდა გაუწიოს, მაგრამ როცა ამას ანგარიშს არ უწევს, რაღაც სხვა მიზეზებთან გვაქვს საქმე და ეს ყველაზე უკეთ გიგი უგულავას ქმედებებით გამოჩნდა.
ყველამ ნახეთ, რომ უგულავამ 40 მეტრი ხელების ქნევითა და სკანდირებით „აბა მოდით, აბა ვინ ხართ“ გაიარა. რომელიმე პასუხისმგებელი პოლიტიკოსის მხრიდან, ამგვარი გამომწვევი ქმედების გაკეთება, დაუშვებელია.
აქციაზე უმცირესობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაგალითად ჩიორა თაქთაქიშვილს სისხლი სდიოდა . . .
- კადრები ვნახე, როდესაც პარლამენტის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილზე იყო შეხება, რომელსაც სისხლიც კი სდიოდა, რაც დაუშვებელია და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას მივესალმები, რომ კონკრეტული პირები აუცილებლად უნდა გამოვლინდნენ, რომელთაც ეს ჩაიდინეს და რომელთაც დეპუტატზე თუ ნებისმიერ მოქალაქეზე ხელი ასწიეს. „ნაციონალურმა მოძრაობის“ წარმომადგენლებმა იმ უფლებით არ ისარგებლეს, რაც ეროვნული ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე იყო გაკეთებული. ასე რომ, ფორმალური ძალაუფლების ამარა დარჩენილ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც პოლიტიკური გამოსავალი აღარ დარჩა, ყველაფერზე მიდის. იგი მზად არის საკუთარ ახირებებს ქვეყანა შესწიროს და აქ, ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დგას. ვინც ქვეყნის უკეთესი მომავლით დაინტერესებულია და რაღაც ემოციებს არ არის აყოლილი, ძალიან მკაფიოდ მინდა ვუთხრა, რომ ორი წუთის განმავლობაში, ქვეყნის მომავალი გულის მოფხანას არ უნდა შესწირონ. ნუ მივცემთ ამ ადამიანებს იმის საშუალებას, რომ ამ ქვეყანაში, სხვა დღის წესრიგი შექმნან და იმ პრობლემებს ნუ გაექცევიან, რომლის გამოც, მათ ხალხმა ხელისუფლებაზე უარი უთხრა. ყველას მივმართავთ, რომ კანონი და კონსტიტუცია დავიცვათ. ძალიან კარგი იყო, რომ იმ ადგილზე ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა, რადგან ეს მინისტრის მოვალეობაა, მაგრამ ყველას მინდა ვურჩიო, რომ საჭიროა მეტი ზომები პრევენციისთვის, რათა მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია და ის ხალხს გამოიყენებს, თუ მას ხალხი ჯერ აქამდე არ გამოუყენებია? მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ ასეთი ქმედებები არ დაუშვან და მას საშუალება არ მივცეთ, იმ პასუხისმგებლობას გაექცეს, რომელიც მას აკისრია და რომლისგანაც გაქცევას ცდილობს.
სააკაშვილი სადაც არ უნდა გამოჩნდეს, ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ და არავითარ შემთხვევაში, კანონის დარღვევა არ უნდა დავუშვათ. რაც კადრებში ვნახე, ეს ამაზრზენი იყო და ამისი არც მოთმინება შეიძლება და არც გამართლება. დარწმუნებული ვარ, პოლიცია საკუთარი ხელმძღვანელობით სათანადო დასკვნებს გამოიტანს, რომ კიდევ უფრო მეტი ზომების მიღება საწყის ეტაზეა საჭირო. ადგილზე უამრავი კამერა მუშაობდა და დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ეპიზოდი დაფიქსირების გარეშე არ დარჩება. დღესვე, ამაღამვე ვნახავთ ვინ ჩაიდინა ეს ვანდალური ფაქტები. თუმცა, როდესაც ვხედავთ, რომ ამ დონეზე პროვოკაციაზე წამსვლელი ადამიანია, გიგი უგულავას ვგულისხმობ, ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეუძლებელია.
ინციდენტამდე რამდენი საათით ადრე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოსალოდნელ პროვოცირებაზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრსა და თქვენს გუნდს დააკისრა...
- რა თქმა უნდა, ეს იყო გამოწვევა და მისი მხრიდან დადგმული სპექტაკლი, რომელსაც სამწუხაროდ, მოქალაქეები წამოეგენ და ეს სწორედ ამისთვისაც იყო გამიზნული. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პარლამენტმა, მთავრობამ და სამართალდამცავმა უწყებებმა მსგავსი პრობლემები თავიდან უნდა ავიცილოთ და თუ საჭიროა, თუნდაც, ერთი მოქალაქის დასაცავად, ხუთჯერ მეტი პოლიცია უნდა მივიყვანოთ, რადგან ეს ჩვენი ვალდებულებაა. ამ ნაწილში, პასუხისმგებლობას არ უნდა გავექცეთ. თუმცა, როდესაც, მსგავს მაპროვოცირებელ ქმედებებს თავად გეგმავენ იმისთვის, რომ რეალური პრობლემები გადაფარონ, აქ ვის პასუხისმგებლობაზე შეიძლება საუბარი? დღევანდელი დღე უნდა იყოს გაკვეთილი მათთვის, ვისაც გაგვეთილის მიღება შეგვიძლია, რადგან მიხეილ სააკაშვილს გაგება რომ შესძლებოდა, ამ საქმეს აქამდე არ მიიყვანდა. მათ არ მივმართავ, რადგან ამ მიმართვებმა აზრი დაკარგა და ამაში თვენახევარი დავხარჯე, რომ შეთანხმებადე მიგვეღწია. გვსურდა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თუნდაც ერთი სწორი ნაბიჯი გადაგვედგა, ეს კი მოსახლეობას დაამშვიდებდა და დაძაბულობას მოხსნიდა. სრული კატეგორიულობით ვაცხადებ, რადგან ამის დამალვას აზრი აღარ აქვს - „ნაციონალების“ უმრავლესობა ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად იყო, მაგრამ ერთმა ადამიანმა ეს არ დაუშვა, რადგან მას ნორმალიზაცია არ აწყობს. ნუთუ, ამის გააზრება იმ ხალხისთვის ძნელია, რომელიც აპირებს, რომ ამ პროცესში, მას ბოლომდე გაჰყვეს? შს მინისტრის განცხადებამ იმის რწმენა გაგვიჩინა, რომ ყველა დაისჯება, ვინც კანონი დაარღვია. სახელმწიფოს პატრონობა უნდა ვისწავლოთ და ის იმ პროვოკაციებს არ უნდა გადავაყოლოთ, რომელიც გიგი უგულავამ მოაწყო და თაქთაქიშვილი გაიალახა.
საუბარია, რომ მსგავსი დაპირისპირება ქვეყანას სამოქალაქო ომამდე მიიყვანს და აშ. სამოქალაქო ომის საფრთხეს ხედავთ?
- ბოლო დღეებში, სახიფათო სიტყვები მესმის, რომელიც აშკარად დაგეგმილია. არის საუბარი, კონსტიტუციის სივრციდან, ვითომ პარლამენტის მხრიდან გასვლაზე, ასევე ლაპარაკია სამოქალაქო ომსა და სისხლისღვრაზე, რაც სახიფათო სიტყვებია. მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა სახიფათო სიტყვებს იყენებენ და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. სწორედ, ამიტომ საჭიროა მეტი სიმშვიდე და კეთილგონიერება. უნდა გავიაზროთ, რომ ხელისუფლება სხვა ადამიანების ხელშია, ფორმალური ძალაუფლება სააკაშვილს დარჩა ხელში და ამას ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ. ამ სახიფათო სიტყვების ხმარებას, ჩვენი მხრიდან კეთილგონიერება სჭირდება და არა ემოციური გაბრაზება.
პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მოხდება? როდის?
- პრეზიდენტის გამოსვლა არ გაგვიუქმებია, არამედ ვთქვით, რომ იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რაც პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის უფლებამოსილების გადანაწილებას ეხება, მიღებული იქნება თუ არა გადაწყვეტილება, მზად ვართ, მას მოვუსმინოთ. ასევე ვამბობთ, რომ თუ ის იტყვის, რომ მზად არის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით ხალხს ძალაუფლება დაუბრუნოს, მზად ვართ მოვუსმინოთ. ამ საკითხთან თავს სიტუაციის ნორმალიზაციის გასაღები იყრის.
ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ პრეზიდენტის პარლამენტში არმოსვლასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო...
- ნუგზარ წიკლაურზე, რა მოგახსენოთ?
როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი რომ დღეს პარლამენტში მოსულიყო, ეს დაპირისპირება თავიდან იქნებოდა აცილებული?
- არ იქნებოდა, რადგან იმ გეგმის შესრულება, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის გარშემო შეასრულა, ამის განხორციელება შესაძლებელი ქუთაისშიც იქნებოდა. წარმოიდგინეთ, მსგავსი რამ პარლამენტთან რომ მომხდარიყო, ამას გაცილებით მეტი რეზონანსი ექნებოდა და როგორც ჩანს, ეს მისი გეგმა იყო. როგორც ჩანს, მას საქმე აქეთ მიჰყავდა, მაგრამ ამ საქმის ეს არის ერთი მხარე, ხოლო მეორეა, რაც მოქალაქეების გასაკეთებელია და მათ მივმართავ, რომ ნებსით თუ უნებლიედ იმ საქმეს ნუ აკეთებთ, რომელიც პრობლემებს გაართულებს და რომელიც, ვიღაცეებს საშუალებებს აძლევს, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად არგუმენტების რაღაც მსგავსი შექმნან.
დაპირისპირებაში ის ადამიანებიც აქტიურობდნენ, რომელთაც საკანონმდებლო ორგანომ პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭათ. პარლამენტს რაიმე პასუხისმგელობა ეკისრება?
- ადამიანები, რომლებიც ციხეში პოლიტიკური ნიშნით იყვნენ გამოკეტილნი და ახლა, პროტესტს გამოხატავენ, ამაზე პასუხისმგებელი პარლამენტია? პასუხისმგებელი ის ხალხია, რომელთაც ეს ხალხი ციხეში გამოკეტეს. აქციაზე ბუტა რობაქიძის მამა შევნიშნე და ბუტა რობაქიძის ამბავზე, ვინ არის პასუხისმგებელი?