ვენდეტა ნაციონალებისთვის

ვენდეტა ნაციონალებისთვის

პარლამენტის მსგავსად, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც პრეზიდენტის გამოსვლა არ შედგა და პრეზიდენტმა მიმართვა საკუთარი რეზიდენციიდან გააკეთა. ეროვნული ბიბლკიოთეკის წინ მთელი დღის მანძილზე მოვლენები დაძაბულად ვითარდებოდა. დღეს შუადღიდან პოლიტპატიმრები და უფლებადამცველები ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის მისვლას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ვადაგასულ დამნაშავე პრეზიდენტს არანაირი უფლება არ ჰქონდა, საზოგადოებისთვის მიემართა. თუ ასე მოხდებოდა, პრეზიდენტს პოლიტპატიმრების სირცხვილის დერეფანში მოუწევდა გავლა.

ამასთან, პოლიტპატიმრები და უფლებამდამცველები შენობაში შესვლას მოითხოვდნენ, რათა პრეზიდენტისთვის უშუალოდ დაესვათ შეკითხვები მათი უკანონო დაპატიმრებისა და ყველა იმ დარღვევის შესახებ, რაც სააკაშვილის მმართველობის წლებში დაგროვდა. მოგვიანებით პოლიტპატიმრებს არაერთი მოქალაქე შეუერთდა და პრეზიდენტის „მომლოდინე“ ადამიანთა რიცხვი ძალიან გაიზარდა.

ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის განცხადებით, მას პრეზიდენტთან შეკითხვები ჰქონდა. არასამთავრობოების წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკის შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა ისინი იქ დაცვამ არ შეუშვა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
„ვისაც რეალურად აქვს პრეზიდენტთან კითხვა, სწორედ ის ხალხი ითხოვს, რომ წარმომადგენლების სახით რამდენიმე კაცი შეუშვან და მისცენ კითხვების დასმის საშუალება. ვითხოვთ, რომ მოვიდეს ის ადამიანი, ვისაც ევალება ამ საკითხის მოგვარება, შეადგინოს სია და მოგვცეს დასწრების საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად დავესწრებით ამ სხდომას“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

არც პრეზიდენტის მომხრენი დარჩენილან პოზიციის გამოუხატავად. ისინი კინოს სახლთან შეიკრიბნენ და მოგვიანებით ეროვნული ბიბლიოთეკისკენ გადაინაცვლეს. მათი საქციელი პროვოცირების საშუალებას იძლეოდა და მართლაც პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის არაერთი ლოკალური დაპირისპირება მოხდა. თუმცა, ვითარება ექვსი საათისთვის კიდევ უფრო დაიძაბა, როცა ნაციონალების ცნობადი სახეები მიუახლოვდნენ ეროვნულ ბიბლიოთეკას და მაინცდამაინც აგრესიულად განწყობილი ხალხის ტალღის გარღვევა მოიწადინეს.

დაპირისპირების შედეგად ნაცემი აღმოჩნდა ჩიორა თაქთაქიშვილი, მას ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, გიგი უგულავას კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც მან ქაშუეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა, სადაც სააკაშვილის მომხრეები იყვნენ შეკრებილნი. სამეგრელოს „გუბერნატორს“, თენგიზ გუნავას ბოთლები და ქაღალდები დაუშინეს, ამის მიუხედავად, გუნავამ ბიბლიოთეკაში შეღწევა მოახერხა. ასევე, მოქალაქეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიგა ბოკერიას, გიგა ნასარიძეს, გოკა გაბაშვილს. ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლა შეძლო შიდა ქართლის გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმა. პოლიტპატიმრებს მის მიმართ აგრესია არ ჰქონიათ და შენობაში შედარებით უპრობლემოდ შეაღწია. ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებმა - ლევან ბეჟაშვილმა, ხათუნა გოგორიშვილმა, აკაკი მინაშვილმა, ხათუნა ოჩიაურმა და დავით დარჩიაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, სადაც პრეზიდენტის მოსმენას აპირებდნენ.

ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან დაძაბული მდგომარეობის გამო ადგილზე პრეზიდენტი არ გამოჩენილა. თუმცა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისულები იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მომხდარის შემდეგ მათ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. საინტერესო იყო, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის მოსასმენად არ გამოჩენილა პატრიარქი.

რამდენიმესაათიანი დაძაბული სიტუაცია შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენისას განიმუხტა. მან აქციის მონაწილეებს ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა, იქვე განმარტა, რომ ნაციონალებმა არ ისარგებლეს მათ მიერ შეთავაზებული ალტერნატიული გზით და პირდაპირ შევიდნენ კონფლიქტში დემონსტრანტებთან.

კერძოდ, მობილიზებული იყო მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გააკეთეს კორდონი, რომ პრეზიდენტის გადაადგილება უსაფრთხო ყოფილიყო და დაცულიყო პრეზიდენტისა და სტუმრების უსაფრთხოება.

ამასთან, ღარიბაშვილმა დემონსტრანტებს მოუწოდა, პატივი სცენ ქვეყნის პრეზიდენტს, რადგან ეს ქმედება პოლიტიკური ოპონენტების წისქვილზე ასხამს წყალს. ამასთან, მან ყველა კანონისდამრღვევის პასუხისგებაზეც ისაუბრა.

ამის შემდეგ ყოფილმა პოლიტპატიმრებმა და უფლებამადმცველებმა აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, ნაწილი კი პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართა.

მომხდარის შემდეგ ნაციონალები სამოქალაქო ომის საშიშროებაზე ალაპარაკდნენ და აღნიშნეს, რომ სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა სააკაშვილმა რეზიდენციაში სიტყვით გამოსვლა. თუმცა, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პრეზიდენტს თავიდანვე შეეძლო საკუთარი რეზიდენციიდან მიემართა მოქალაქეებისთვის და ეს პროვოკაცია არ დაეგეგმა.

შეეძლო თუ არა ახალ ხელისუფლებას ამ პროვოკაციის აცილება, ამის შესახებ For.ge აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, პოლიტპატიმარ ნორა კვიციანსა და ექსპერტებს ესაუბრა.

ნორა კვიციანი აცხადებს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის წინ პოლიტპატიმტრები სააკაშვილის მისვლას აპროტესტებდნენ, რადგან მას მორალური უფლება არ აქვს, გამოვიდეს და ხალხს ელაპარაკოს.

„პროვოკაცია აშკარად ჩანდა, დაცვასაც ვუთხარი, პროვოკაციას რატომ აწყობ, არავინ ჩხუბობს და შენ რატომ აკეთებ ამას-მეთქი?! იქ სია იყო ჩამოწერილი და უნდა შევეშვით. თუმცა ვინ შემიშვებდა იქ?! ექვსი წელი და ოთხი თვე მომახდევინეს და პირადად მაინტერესებდა, დღეს სად არის  ჩემი დალის ხეობა, რომელსაც მან ზემო აფხაზეთი დაარქვა და საქართველოს ჩამოაშორა?!“

ნორა კვიციანის თქმით, ამ ხეობას არაერთი ბიჭის სიცოცხლე შეეწირა, ბევრი დასახიჩრდა. თუმცა ამის მიუხედავად, სააკაშვილმა ამდენი პოლიტპატიმარი გაამწარა და კრიმინალად მონათლა ისინი. უფრო მეტიც, იგი იმას ლაპარაკობს, რაც სურს, მისი ტყუილებით კი ხალხი დაიღალა.

„იმისთვის ჩამსვა ციხეში, რომ ხეობა ჩაებარებინა. ჩემი ძმა, რომელიც გმირობასა და გენერლობაზე იყო წარდგენილი, მოღალატედ გამოაცხადა და დღემდე იძებნება. თუმცა, დღეს მე პატიმრობის შემდეგ უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე სააკაშვილია. მას არც სულიერად აქვს მომავალი, არც ხორციელად. მე კი ამ მხრივ გავძლიერდი“, - აცხადებს ნორა კვიციანი. 

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ მისასვლელის ერთი მხარე მთლიანად ჩაკეტილი იყო, ხალხი იმ მხარეს არ იდგა და ნაციონალებს  ბიბლიოთეკაში მისვლა იმ მხრიდან თავისუფლად შეეძლოთ. თუმცა, დაპირისპირება მოხდა იმის გამო, რომ გარკვეული ადამიანები - ბოკერია და მისნაირები, რომლებიც მთელ ცხოვრებას პროვოკაციაში ატარებდნენ, შეეცადნენ, ზუსტად იმ მხრიდან შესულიყვნენ, სადაც ხალხი იდგა. ხალხის მასის კონტროლი კი შეუძლებელია.

„ბოდიში ამ სიტყვაზე, მაგრამ ნაციონალები შეგნებულად შეეკვეტენ იქ, სადაც არ უნდა შესულიყვნენ. ჩიორა თაქთაქიშვილი, შეიძლება, არ მომწონდეს, მაგრამ ძალიან ვწუხვარ ნანახი კადრების გამო და მას თანავუგრძნობ. პირადად მას დანაშაული არ მიუძღვის და არ გამიხარდება მის მიმართ აგრესია. ძალიან მძიმე იყო ამის ნახვა, მაგრამ ეს პატარა გოგო მის გვერდით მდგარმა მამაკაცებმა ყველაზე ცუდი ადგილიდან რომ შეიყვანეს, შემოევლოთ და უსაფრთხოდ მიეყვანათ, ამის საშუალება იქ იყო“.

ამასთან, გია ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტი ცნობილი პროვოკატორია და მთელი თავისი პოლიტიკა ქვების სროლით დაიწყო. ბოლნისის ამაზრზენი კადრები ყველას ახსოვს და ეს იყო მათი სტილი და მათ მიერ დარბეული ეკლესიები.

„სხვათა შორის, ბატონი უგულავაც მაინცდამაინც ხალხის მხრიდან მოძრაობდა. მასაც შეეძლო, შედარებით უსაფრთხოდ შესულიყო. გინების მოსმენა ნამდვილად მოუწევდა, რადგან ხალხს პირზე ხელს ვერავინ ააფარებდა. ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც ცხრა წელი სცემდა იმ ხალხს, რომელიც ცდილობდა, რაღაც ფორმით პროტესტი გამოეთქვა. ფიზიკურ ძალადობას არ ვამართლებ, ყველა უნდა ეცადოს, ასეთი ტიპის ქმედება არ ჩაიდინოს, რაც არ უნდა გამწარებული იყოს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და აშკარად გამოხატული ხულიგნობის შემთხვევაში, სამართალდამცავებს კანონის შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებს.

პოლიტიკური ექსპერტი  ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ხალხს შეეძლო ასეთი პრინციპით ემოქმედა - გიჟი მიუშვი ნებასაო. თუმცა, ფაქტია, რომ ნაციონალებმა ვერ გაიგეს და არ გაიგეს, 1-ელ ოქტომბერს ხალხმა მათ რა განაჩენი გამოუტანა. ამდენად, ექსპერტის თქმით, დღევანდელი დღეც ამის შედეგია.

„1-ელი ოქტომბრის შემდეგ მათი ცინიზმი ზღვარს გადავიდა. ხალხს აწამებდნენ, მიწაში ფლავდნენ, აუპატიურებდნენ. მონანიების ნაცვლად, პირიქით, ამ ადამიანებს დღესაც სულში აფურთხებენ. დღევანდელი შედეგის პროვოცირებაშიც მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.  

მისი თქმით, თუ შს მინისტრის განცხადებას დავეყრდნობით, ნაციონალების მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, რადგან მათი უსაფრთხო გადაადგილებისთვის კორიდორები იყო გახსნილი.