სიახლეები ბუტა რობაქიძის და ბაჩო ახალაიას საქმეებში

სიახლეები ბუტა რობაქიძის და ბაჩო ახალაიას საქმეებში

მართალია, დღის თემა მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე, ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისში გამოსვლა იყო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტოს წარმოებაში არსებულ გახმაურებულ საქმეებში სიახლეებია. კერძოდ, საქმე ეხება ბაჩო ახალაიას მიმართ ბრალდების დამძიმებას და ბუტა რობაქიძის საქმეში ახალი დეტალების აღმოჩენას.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რის შედეგადაც საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ მიქაძის გარდა, ბრალდება წარედგინათ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსს, გურამ დონაძს, ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს ყოფილ უფროსს, დავით იაშვილს, დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი ფირცხალავას, ამავე პოლიციის მესამე განყოფილების ყოფილ უფროსს, ალექსანდრე გვაზავას, თბილისის შს მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, ლევან გვაზავას და თბილისის შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს, ზაზა ბაქრაძეს. ამასთან დაკავშირებით განცხადება მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.

„ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. დადგენილია, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე, ხოლო ბუტა რობაქიძის თანმხლები ახალგაზრდები  ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ყალბი ბრალდებით მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

2005 წლის 29 დეკემბერს უდანაშაულო ახალგაზრდების მიმართ ყალბი ბრალდებით შედგენილი სისხლის სამართლის საქმე გადაიგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც საქმე 7 წლის განმავლობაში არ განიხილა და საბოლოოდ ახალგაზრდები ბრალდებისაგან მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდნენ, როდესაც საქართველოს პროკურატურის ახალმა ხელმძღვანელობამ 2012 წლის დეკემბრში ახალგაზრდებს ბრალი მოუხსნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულის პარალელურად, 2006 წლის 15 აგვისტოს თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტზე. საქმის აღძვრა იმთავითვე ატარებდა ფორმალურ, თავლთმაქცურ ხასიათს, გამიზნული იყო გარდაცვლილის ოჯახის წევრთა თვალის ასახვევად და საზოგადოებრივი პროტესტის ჩასაცხრობად. პროკურატურის განცხადებით ამის დასტურია ის, რომ საქმის აღძვრის შემდეგ საქმე თაროზე შემოდეს და 6 წლის მანძილზე არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაატარეს.

2012 წლის 12 ნოემბერს გამოძიება განახლდა. დადგინდა, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამოძიება მიკერძოებული და არაობიექტური იყო. გამოძიება ცდილობდა არა რეალური სურათის დადგენას, არამედ არსებული ხელისუფლების სურვილის დაკმაყოფილებას, რათა არ მომხდარიყო საპატრულო პოლიციის იმიჯის შელახვა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ: თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს  უფროსის მოვალეობის შემსრულებლი - ზურაბ მიქაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  უფროსი - გურამ დონაძე, თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს  უფროსი - დავით იაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი - ირაკლი ფირცხალავა, ამავე პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი - ალექსანდრე გვაზავა, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი - ლევან გვაზავა და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი - ზაზა ბაქრაძე. 

„აღმოაჩინეს რა, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ზურაბ მიქაძემ, ზაზა ბაქრაძემ, გურამ დონაძემ, ირაკლი ფირცხალავამ, დავით იაშვილმა და ალექსანდრე გვაზავამ გადაწყვიტეს ცეცხლსასროლი იარაღების შემთხვევის ადგილზე მიტანა და ჩალაგება, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბუტა რობაქიძის მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის გასანეიტრალებლად მოხდა. სწორედ ამიტომაც ბუტა რობაქიძის მკვლელობა მის ლიკვიდაციად მოინათლა. ზურაბ მიქაძემ და ზაზა ბაქრაძემ შემთხვევის ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები გადაუნაწილეს გარდაცვლილ ბუტა რობაქიძეს და  მის მეგობრებს. ამის შემდეგ, გურამ დონაძის მითითებით და ინსტრუქტაჟით, წინასწარ მომზადებული შემთხვევის ადგილი გადაიღეს დონაძეს დაქვემდებარებული სამსახურის ოპერატორის ვიდეოკამერით და ამგვარად მოპოვებული მასალა გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, ხსენებულ საქმეზე გამოძიება გრძელდება და საქართველოს მთავარი პროკურატურა პროკურატურის მუშაკთა და სასამართლო ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა ვინაობას, რომლებიც ამა თუ იმ დოზით მონაწილეობდნენ გამოძიების არასწორი მიმართულებით წარმართვასა და დაუსაბუთებელი ბრალდებით სასამართლოში შეტანილი სისხლის სამართლის საქმის განხილვის გაჭიანურებაში, საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს.

დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩო ახალაიას ბრალდება დაუმძიმა, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია საზოგადოებას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა მიაწოდა. მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო გამოძიება.

ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ბაჩანა ახალაიამ ინფორმაცია მიიღო შს სამინისტროს შვიდი თანამშრომლის შესახებ, რომ მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გააჩნდათ. ამ საბაბით ახალაიამ ამ თანამშრომელთა დასჯა-წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება და შესრულება დაავალა თავის ნდობით აღჭურვილ, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს დავით ვეკუას, მამუკა აბაშიძეს და დავით ჩუბინიძეს.

„2012 წლის 18 აგვისტოს ბაჩანა ახალაიამ ბრძანება გასცა, სასწრაფოდ შეეკრიბათ პირველი სამმართველოს პირადი შემადგენლობა, რასთან დაკავშირებითაც პირველი სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა დავით ვეკუამ შს სამინისტროს ბაზაზე პირადი შემადგენლობის სრულად შესაკრებად განგაში გამოაცხადა. დაახლოებით საღამოს 21.00 საათისთვის შს მინისტრი ბაჩანა ახალაია ბაზაზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. სამწყობრო მომზადების მოედანზე შეკრებილი იყო პირველი სამმართველოს მთელი პირადი შემადგენლობა“, - აცხადებს ნინო გიორგობიანი.

მისი თქმით, ოფიცრები შეიყვანეს დარბაზში, სადაც ბაჩანა ახალაიამ შვიდ მათგანს მიმართა და უთხრა, რომ არსებობდა ჩანაწერები იმის შესახებ, რომ ისინი თანაუგრძნობდნენ ოპოზიციურ პარტიებს. ახალაიამ მათ მოღალატეები უწოდა. ყველა მათგანი პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა. დავით ვეკუამ კი შვიდივეს სამხრეები ჩამოახია და უთხრა, რომ მათი კარიერა დამთავრდა.

ბაჩანა ახალაიასგან წინასწარ მიღებული ბრძანების თანახმად, დავით ვეკუამ, მამუკა აბაშიძემ და დავით ჩუბინიძემ ზემოთ აღნიშნული პირები და მათთვის საეჭვო რეპუტაციის მქონე 38 თანამშრომელი, თითქოსდა რეინჯერთა მომზადების კურსის გავლის საბაბით, მიიყვანეს შს სამინისტროს სპეციალური მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც მიყვანისთანავე შვიდივე დააცალკევეს და მათი ხელმძღვანელობა დაავალეს თავდაცვის სამინისტროდან თითქოსდა გადმოყვანილ, სინამდვილეში კი ამ უწყებასთან კონტრაქტგაწყვეტილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსი დავითაშვილს, დავით გიორგაშვილს, რობერტ სუთიძეს და ვლადიმერ ზანგიევს.

„შსს-ს ეს თანამშრომლები ერთი თვის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც შვიდივე პირმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება, მოტეხილობა თუ დაჟეჟილობა. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულია შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე, შს სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის საკონტრაქტო თანამშრომელი დავით ჩუბინიძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, კაპრალი დავით გიორგაშვილი, კაპრალი ალექსი დავითაშვილი, რიგითი ვლადიმერ ზანგიევი და რიგითი რობერტ სუთიძე. საქმეში სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შს სამინისტროში.