პრეზიდენტის გზააბნეული დაცვა და ბიუჯეტიდან გასროლილი 50 ათასი ლარი

პრეზიდენტის გზააბნეული დაცვა და ბიუჯეტიდან გასროლილი 50 ათასი ლარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ტრადიციისამებრ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი დავითობას გელათს უნდა სწვეოდა, სადაც მეფე დავით აღმაშენებლის საფლავს მოილოცავდა. შესაბამისად, საზოგადოება დღეს, ქვეყნის პირველი პირის გამოჩენას გელათში ელოდა. თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა.

კერძოდ, გუშინ, დაანონსდა, რომ დილის 11:00 საათზე, ქვეყნის პირველი პირი გელათს ეწვეოდა, რის შემდეგაც, 18:00 საათზე საზოგადოებას, ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავდა, სადაც ყურადღებას იმ საკითხებზე გაამახვილებდა, რომელზეც საუბარი პარლამენტში სტუმრობისას ექნებოდა.

დილის 9:00 საათიდან, გელათის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები პატრულირებდნენ, თუმცა, როგორც ქუთაისელები ამბობენ, არა იმ რაოდენობით, როგორც ეს ადრე ხდებოდა. კერძოდ, მათი ცნობით, ყოველ სამ მეტრში, დაცვის ერთი წევრი იდგა და გელათისკენ მიმავალი გზა საფიჩხიიდან იკეტებოდა. დღეს კი, გელათის გზაზე, სახელმწიფო დაცვის თითო ოროლა წევრი პატრულირებდა, რომლებიც უსაფრთხოების ზომების დაცვის ნაცვლად, მზეს ეფიცხებოდნენ. რაც შეეხება პრეზიდენტის პირადი დაცვისა და სპეცნაზის წევრებს, ისინი ესკორტის ავტომობილებით გელათის ტაძრის ახლო პერიმეტრზე იყვნენ განლაგებულნი. თუმცა, დაახლოებით 12:00 საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პირველი პირი გელათს აღარ ეწვეოდა და დაცვამ ტერიტორია დატოვა. ვიზიტის ჩაშლის მიზეზად კი, ის დასახელდა, რომ სააკაშვილის გელათში სტუმრობა, პარლამენტში 8 თებერვლის სხდომის გამართვასთან იყო მიბმული და ვინაიდან, პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა გადაიდო, ქვეყნის პირველი პირი გელათს ვერ ეწვეოდა.  

გაურკვეველია, ის რეალური მიზეზები რის გამო არ ესტუმრა ქვეყნის პირველი პირი გელათს, მაგრამ როგორც  for.ge-ს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა, კოორდინატორმა განუცხადა, თითოეულ კოორდინატორს, გელათში სულ მცირე ხუთი პირის მიყვანა დაავალეს, თუმცა, პრეზიდენტის დასახვედრად მათ გელათში არავინ გაჰყვა.  

ამას გარდა, კოორდინატორმა ისიც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ ღონისძიებებზე, სულ მცირე, ათი ადამიანის მიყვანას სთხოვდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით უნდა გამოსულიყო.

მართალია, დღეს, პრეზიდენტი გელათს არ ესტუმრა, მაგრამ მას გულმხურვალე ნაციონალი ქალბატონი მაინც ელოდა, რომელიც გამვლელ-გამომვლელს მიხეილ სააკაშვილისადმი გამოთქმულ კრიტიკას არ პატიობდა და დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.

„მიშას ვენაცვალე, აბა, თოხზე გაზრდილი ბიძინა, რომელიც შემთხვევით გამდიდრდა, რა სარგებელს მოიტანს?“, - დასძენდა ნაციონალების აქტიური მხარდამჭერი.  

გელათში განვითარებული პროცესების შემდეგ, for.ge-მ პრეზიდენტის დაცვის წევრები ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მთავრობის სახლის პერიმეტრზე დააფიქსირა, სადაც მთავრობის მიერ დალუქული პრეზიდენტის რეზიდენცია გახსნილი იყო და დაცვის წევრებიც იქვე პატრულირებდნენ. მას შემდეგ კი, რაც დაცვის თანამშრომლებმა ადგილზე მედია შენიშნეს, რამდენიმე წუთში, პერიმეტრის დატოვების შესახებ  გადაწყვეტილება მიიღეს და ტერიტორიის დატოვებისას, ერთმანეთს მიმართავდნენ - „ხაშურში გავაჩეროთ“. გაურკვეველია, ამ შეძახილით, ესკორტის თანამშრომლები გზის აბნევას ჩვენთვის ცდილობდნენ, თუ გზა ქვეყნის პირველი პირისგან თავად ჰქონდათ არეული.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განუცხადა, ის პრეზიდენტის მიერ გელათში დაგეგმილი ვიზიტის გადადებამ მხოლოდ გააკვირვა.

„გელათის ამოსასვლელში დაცვის თანამშრომლები ვნახე და  ვიკითხე რაში იყო საქმე, რაზეც მითხრეს, რომ „მიხეილ ვადაგასული“ ჩამოდისო. შემდეგ გავიგე, რომ აღარ ჩამოვაო, რაც სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, რადგან ამ კაცის თითოეულ ასეთ სიარულს ასობით და ზოგჯერ, ათასობით ჩვენი დაცვის თანამშრომელი ემსახურება. მის ერთდღიან გადადაგილებას კი, 50 ათასი ლარი სჭირდება. დღეს, ამხელა ხარჯი გაწეულია და ახლა ამბობს, რომ აღარ მოვდივარო. ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაგრამ არავინ იცის, სად მიდის და სად მოდის“, - დასძინა საგანელიძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკოსების გარდა, გელათს ყოფილი პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძეს სტუმრობდა, რომლის განცხადებითაც, პრეზიდენტს ხალხში გამოჩენის უკვე ეშინია.

„მას საზოგადოებაში გამოჩენის ეშინია. ცხრა წლის განმავლობაში, მან ძალიან ბევრი რამ დააშავა და საქართველო ტერიტორიების დათმობასთან მიიყვანა, მან ქვეყნის ქონება გაასხვისა. მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრები ველოდებოდით, რომ მისი ცხრა-წლიანი მმართველობა გაგვეპროტესტებინა. ის, ხშირად, გელათს სტუმრობდა და დავითობის დღესასწაული პიარისთვის ჰქონდა გამოყენებული, რაც სირცხვილია. სააკაშვილმა ქართველ ხალხს მადლობა უნდა გადაუხადოს, რომ ის დღეს ციხეში არ ზის. ამას გარდა, მას ვაჟკაცობა უნდა ეყოს და სირცხვილის კორიდორში გაიაროს“, - განუცხადა for.ge-ს ვაჩნაძემ.

ამ დრომდე, გაურკვეველი რჩება, ქვეყნის პირველი პირი გელათს დღის ბოლომდე ეწვევა თუ არა და თუ არ ესტუმრება, მაშინ საინტერესოა, 50 ათასი ლარი რის გამო იქნა ბიუჯეტიდან გასროლილი. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი მოხსენებით, დღეს პარლამენტში უნდა გამოსულიყო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ამაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პირველ პირს უფლებამოსილება ეზღუდება. მმართველი გუნდი ცვლილებებთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პრეზიდენტის მოსმენაზე უარს ამბობენ.