იაკუტიის მცხოვრები ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც საკუთარ თავს შამან-მეომარს უწოდებს, მოსკოვზე ახალ ლაშქრობას გეგმავს. ამის შესახებ მან აუდიოშეტყობინებაში განაცხადა, რომელიც Youtube-ზე გავრცელდა.
Deutshe Welle-ს ინფორმაციით, ლაშქრობა 2021 წლის მარტში იგეგმება და იაკუტსკიდან დაიწყება. ირკუტსკში შამანს მოხალისეთა რაზმი შეუერთდება. გაბიშევი თეთრ ცხენზე ამხედრებული აპირებს გადაადგილებას, მისი მხარდამჭერები კი ამისთვის ავტომობილებს გამოიყენებენ.
ლაშქრობის მიზნის შესახებ გაბიშევს არაფერი უთქვამს.
გაბიშევმა ვლადიმერ პუტინის განსადევნად მოსკოვში მოგზაურობა 2019 წლის ივლისში დაიწყო. მას მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ბნელი ძალების პირმშოა“ და მასთან გამკლავება მხოლოდ შამანს შეუძლია.
რამდენიმე თვეში ის იაკუტიის ფედერალურ ტრასაზე 10 დეკემბერს დააკავეს. მისი ადვოკატი ამტკიცებდა, რომ გაბიშევის წინააღმდეგ საქმე პოლიციელზე ძალადობის გამო აღიძრა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ შამანი 1000 რუბლით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააჯარიმეს.
შემდეგ გაბიშევი იაკუტიის რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში მოათავსეს. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ შამანი გაათავისუფლეს და შეურაცხადად ცნეს. თუმცა მოგვიანებით დამოუკიდებელმა ექსპერტებმა გაბიშევის ქცევაში აგრესიის ნიშნები ვერ შეამჩნიეს და მისი იძულებითი მკურნალობა აუცილებლად არ ჩათვალეს.