წარმომადგენელთა პალატაში სულ მცირე 218 „დემოკრატი“ კონგრესმენი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს

წარმომადგენელთა პალატაში სულ მცირე 218 „დემოკრატი“ კონგრესმენი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში სულ მცირე 218 „დემოკრატი“ კონგრესმენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.

აღნიშნული ხმები საკმარისია იმისთვის, რომ წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის რეზოლუცია მიიღოს.

წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში, იმპიჩმენტი აშშ-ის სენატს გადაეცემა განსახილველად. თუმცა, სენატის მუშაობის გრაფიკის თანახნმად, სენატი იმპიჩმენტის განხილვას დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ შეძლებს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა.

იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.

ინიციატივის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ დონალდ ტრამპმა თავისი საქციელით აშშ-ის კონგრესთან არეულობა წააქეზა და ცხადყო, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიასა და კონსტიტუციისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუ მას თანამდებობაზე დარჩენის საშუალება მიეცემა.

ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.