ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპს პუტინის მოსამსახურე უწოდა

ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპს პუტინის მოსამსახურე უწოდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინის მოსამსახურე უწოდა და დაუშვა, რომ რუსეთს დონალდ ტრამპზე კომპრომატი აქვს.

„არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვთ რუსებს პრეზიდენტ ტრამპზე, პირადი, პოლიტიკური თუ ფინანსური. სხვა განმარტება იმისა, თუ რატომ არის აშშ-ის პრეზიდენტი პუტინის ასეთი მოსამსახურე, არ არსებობს“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში.

ნენსი პელოსიმ ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

„სამწუხაროდ, ადამიანი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს, გაუწონასწორებელი და საშიში პრეზიდენტია. მან ისეთი სერიოზული რამე ჩაიდინა, რაც სამართლებრივ დევნას საჭიროებს“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ.

მანამდე წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს კაპიტოლიუმზე განხორციელებული შეტევის გამო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კონსტიტუციაში 25-ე შესწორების გამოყენებით გადაყენებისკენ მოუწოდებს.

ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.