სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის არარსებული მუხლით

სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის არარსებული მუხლით

საქართველო ის იშვიათი ქვეყანაა, სადაც აბსურდული სასჯელის მოხდა კანონიერად ითვლება. საუბარია 2007 წელს გაუქმებულ მუხლზე, რომლის გამოც პიროვნებას სასჯელი დაეკისრა.  

For.ge-ს ადვოკატი მამუკა ნოზაძე ესაუბრება.

- 2007 წელს დეკრიმინალიზაცია განიცადა სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლმა, რაც გულისხმობს ავტომანქანის დროებით გამოყენების მიზნით გატაცებას. გიორგი მაზანაშვილი კი ამ მუხლით 2003 წელს გაასამართლეს, შემდგომ მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს და დაუმატეს ერთი წელი პირობითი სასჯელი. მართალია, 2007 წელს გაუქმდა 184-ე მუხლი, მაგრამ გიორგი მაზანაშვილს ეს ერთი პირობითი წელი ისევ რჩება. ამ დროს სისხლის სამართლის კოდექსში არ არის ზემოთაღნიშნული მუხლი. მოგეხსენებათ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება, ამდენად, ერთი თვის წინ მივმართე თბილისის სააპელაციო სასამართლოს და დავუსაბუთე, რომ სისხლის სამართლის კოდექსში თუ გაუქმდა მუხლი, ეს ან ამსუბუქებს მის მდგომარეობას, ან შეიძლება, სანქცია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში, ადამიანს ეხება ეს შეღავათი და სწორედ ეს არის ახლადგამოვლენილი გარემოება. შესაბამისად, გიორგი მაზანაშვილმაც მოითხოვა, გაეუქმებინათ ეს არარსებული მუხლი, ვინაიდან იურიდიულად კოდექსში აღარ არსებობს ასეთი მუხლი. ამას მოჰყვებოდა ის, რომ  ნასამართლობის მითითებაც უნდა ამორიცხოდა განაჩენიდან. სამწუხაროდ, კანონის უგულებელყოფით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მარინე ხოლოაშვილმა, მზია ლომთათიძემ და გიორგი ჩემიამ მიიღეს გადაწყვეტილება და იმ მოტივაციით მიიჩნიეს დაუშვებლად გიორგი მაზანაშვილის შუამდგომლობა, რომ, თითქოსდა, ეს არ არის ახლადგამოვლენილი გარემოება. მაშინ, როცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლში ნათლად არის მითითებული, რომ კოდექსიდან მუხლის გაუქმება, დეკრიმინალიზაცია ან მუხლის შეცვლა სანქციის ნაწილში - ეს არის ზუსტად ახლად გამოვლენილი გარემოება. 

თუკი კანონში არ არსებბს მუხლი და ადამიანები მაინც იხდიან სასჯელს არარსებული მუხლით, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება?

- ამ შემთხვევაში, სასამართლოები არ იღებენ შესაბამის ზომებს, რომ ადამიანები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან წარსულში არსებული მუხლით და რომელმა მუხლებმაც განიცადეს დეკრიმინალიზაცია, შესაბამისობაში მოიყვანონ ახალ კანონმდელობასთან. უზენაესმა სასამართლომ სექტემბერში განიხილა ეს საქმე და დაუშვებლდა გამოაცხადა ამ ბიჭის საკასაციო საჩივარი. ისიც კი არ უზრუნველყო, რომ გაუქმებული მუხლის მოტივით მაინც განეხილათ საქმე და ან 184-ე მუხლი ამოერეცხათ საქმიდან ან კიდევ, სხვა მუხლით გადაეკვალიფიცირებინათ.

ვინმეს დაინტეესე ხომ არ არ, რომ ეს ადამიანი ციხეში იყოს?

- არა, დაინტერესება არ არის. უბრალოდ, ეს არის უზენაეს სასამართლოში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა, ისინი საქმეებში არ იხედებიან, საერთოდ არ სწავლობენ საქმეებს და ყველა საქმეს დაუშვებლად აცხადებენ. არადა, საქმეში ნებისმიერ ჭკვიან თანაშემწესაც რომ ჩაეხედა, მიხვდებოდა, რომ ეს იყო აბსურდი და ამ მოტივით მაინც უნდა განეხილა საკასაციო საჩივარი და ახალ კოდექსთან მოეყვანა შესაბამისობაში მისი განაჩენი. დღეს არ არსებობს მუხლი და ამ ადამიანს დამატებული აქვს სასჯელი არარსებული მუხლის გამო. პრაქტიკაში ანალოგიური სიტუაცია შემხვედრია, სადაც მოსამართლეების დაუდევრობის შედეგად არარსებული მუხლების გამო არასწორად არის მისჯილი სასჯელი. ასეთია კიდევ ბახუტოვის ცნობილი საქმე, როცა ცოცხალი იყო ადამიანი და ამ დროს მკვლელობაზე გაასამართლეს კაცი. სწორედ ეს არის მართლმსაჯულების ხარვეზი და ასეთი რამ არ გამოეპარება არცერთ ცივილიზებული ქვეყნის მოსამართლეს, რადგან მოსამართლის ვალდებულება საქმის სრულყოფილად შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაა. აქ უკვე მოსამართლეების არაპროფესიონალიზმი იკვეთება და ამას მე ვერ დავარქმევ სახელისუფლო წრიდან ზეგავლენას. უბრალოდ, მოსამართლეები გააზარმაცეს, უზენაესი სასამართლოს კანონით დაუკანონეს, რომ მათ ყველა საქმის განხილვის ვალდებულება ამოურიცხეს კანონიდან და ამან გამოიწვია, რომ დღეს ადამიანი სასჯელს იხდის ხუთი წლის წინ გაუქმებული არარსებული მუხლით.

ხიდან გამოსვალი გესახებათ?

- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საკასაციო წესით და, იმედია, უზენაესი სასამართლო გამოასწორებს ამ ხარვეზს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არის ახლად გამოვლენილი გარემოება, რადგან მუხლი არ არსებობს და უნდა ამოირიცხოს ეს მუხლი. თუ ასე არ მოხდება, ეს იქნება მოსამართლეების მხრიდან განზრახ დანაშაულის ჩადენა, რადგან ლოგიკურია და იურისპრუდენციაში განსწავლულობა არ არის საჭირო, რომ ადამიანი სასჯელს არ უნდა იხდიდეს სისხლის სამართლის კოდექსის არარსებული მუხლით.