ამერიკელი დიპლომატები მოუწოდებენ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, ვაშინგტონში მომხდარ არეულობებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის როლი დაგმოს. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, 100-მდე დიპლომატი პომპეოს სახელზე მიმართვას ამზადებს. ისინი აცხადებენ, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის ხელისუფლებაზე განხორციელებულ თავდასხმაში პრეზიდენტის როლი უნდა დაგმოს“.
„ტრამპის განცხადებებს მოჰყვა ის, რაც კაპიტოლიუმში ვიხილეთ, მათ შორის 5 ადამიანის გარდაცვალება, არაერთი ადამიანის დაშავება, სახელმწიფო საკუთრების დაზიანება და ვანდალიზმი. საზღვარგარეთ აშშ-ის იმიჯს უდიდესი ზიანი მიადგა“, - აღნიშნულია მიმართვაში.
6 იანვარს ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.