პრეზიდენტ სააკაშვილის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა გადაიდო, რადგან უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს მოხდეს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება, ან როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.
თუმცა, იქამდე, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს წარედგინებოდა, საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებდა, რომ ამ კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირებით ბიძინა ივანიშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე მოახდინა პრევენცია იმისა, რომ სააკაშვილმა ამ კონსტიტუციური უფლებით ვეღარ ისარგებლოს.
„მთავარი არის არა ის, კონსტიტუციაში ესა თუ ის ნორმა წერია თუ არა, არამედ ამ ნორმას მისი აღსრულების სათანადო გარემო სჭირდება. მიხეილ სააკაშვილს გეგმები ჩაეშალა, როდესაც ჩვენ ამ კონკრეტული ინიციატივით, ერთი მხრივ, მსოფლიოს ვამცნეთ რა წერია კონსტიტუციაში, რა სახიფათო იარაღი უჭირავს მას ხელში და მეორე მხრივ, რას ემსახურება მისი პიარ-კამპანია, რომ ქვეყანა დაიქცა, რომ ეს ემსახურებოდა იმას, რათა მთავრობის დათხოვნისთვის ნიადაგი მოემზადებინა. ჩვენ ეს გეგმა გავშიფრეთ. ასე რომ, ეს არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პროცესი. ჩვენ ამ ცვლილებებით არ მივცემთ მას პოლიტიკურ საშუალებას ეს ნორმა გამოიყენოს და სამართლებრივ საშუალებას ეს ცდუნება ჰქონდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
არის თუ არა პრევენცია ამ თემაზე საუბარი და განახორციელებს თუ არა სააკაშვილი სცენარს, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია პარლამენტის თანხმობის გარეშე შეკრიბოს ახალი მთავრობა და არჩევნებიც მას ჩაატარებინოს. საკმარისია თუ არა ამ თემის ტირაჟირება იმისათვის, რომ ქვეყანა ასეთი საფთხისგან დაცული იყოს, თუ უმრავლესობის მხრიდან მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ სიტუაციის გამწვავება თავიდან ავირიდოთ, ამ თემაზე ექსპერტი არმაზ ახვლედიანი გვესაუბრება.
ბატონო არმაზ, არა მხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ არამედ მსოფლიომაც გაიგო, რა „ნაღმია“ ჩადებული მოქმედ კონსტიტუციაში. როგორ ფიქრობთ, საკმარისია ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკი იმისათვის, რომ სააკაშვილმა ვერ გაბედოს საკუთარი, ასე ვთქვათ არადემოკრატიული, გადაჭარბებული ძალაუფლება გამოიყენოს?
- სწორი იქნება, ყველა დეპუტატის მხრიდან, თუ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. სხვა შემთხვევაში, არა მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალა, არამედ მთელი ქვეყანა, მთელი საზოგადოება ამ ქვეყნისა, დგება დიდი ხიფათის წინაშე.
პრობლემა ის არის, რომ საქართველო ამ კონსტიტუციური ცვლილების გარეშე შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისში. ეს ნაღმი დევს დღევანდელ კონსტიტუციაში და კარგად იცით, რომ სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით მომზადდა ეს ცვლილება.
რაც შეეხება გავრცელებულ აზრს, რომ ამ თემაზე საუბარი ამ ცვლილებების დამტკიცების გარეშეც შეიძლება პრევენციულ ზომად ჩავთვალოთ, მე ნაწილობრივ დავეთანხმები, რადგან ეს პრევენციად შეიძლება იმდენად ჩაითვალოს, რამდენადაც მთელი ქვეყანა მკაფიოდ გაიგებს ამ საფრთხის შესახებ, მაგრამ რეალურად საფრთხეს მაინც ვერ გამოვრიცხავ. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები იყოს მიღებული.
რაც შეეხება პრევენციას, როდესაც ამბობენ, რომ ამით ჩვენ სააკაშვილს ნიღაბს ჩამოვხსნით და მთელ მსოფლიოს დავანახებთ ვინ არის იგი, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გავიხსენოთ სააკაშვილის რიტორიკაც 2008 წლის აგვისტოში, როდესაც აცხადებდა, რომ რუსეთს ნიღაბი ჩამოგლიჯა და მისი სახე მთელ მსოფლიოს დაანახა...
- ამ პარალელს ვერ გავავლებ და იმ სიტუაციას დღევანდელს ვერ შევადარებ. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი პარტნიორები უცხოეთში, დაინტერესებული ორგანიზაციები თუ კონკრეტული ადამიანები, მხოლოდ ვენეციის კომისიას არ ვგულისხმობ, კარგად ხვდებიან, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს საქართველოს პრეზიდენტის ამგვარმა უფლებამოსილებამ და რა საფრთხის შემცველია იგი.
როდესაც საფრთხეებზე ვსაუბრობთ, რა სცენარი შეიძლება განვითარდეს, დავუშვათ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და დაითხოვა მთავრობა, შემდეგ რა იქნება, სად არის საფრთხე?
- დავიწყოთ იმით, რომ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ კი არ მიიღებს, არამედ კანონიერად. სხვაა, რომ ეს იქნება ძალიან სახიფათო პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ ეს მოხდება კანონიერად.
მოხდება მთავრობის დათხოვნა იმ ფონზე, როდესაც სულ რამდენიმე თვეა გასული არჩევნებიდან, ახლად ჩამოყალიბებულია მთავრობა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გამოუცხადა ნდობა. წარმოგიდგენიათ, ეს რას გამოიწვევს? საზოგადოება ფაქტობრივად, აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში, როდესაც მას პრეზიდენტი წაართმევს სულ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ არჩევანს. ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება ძალიან მძიმე პროცესი გამოიწვიოს საზოგადოებაში.
ჩვენ ვამაყობთ, რომ უსისხლოდ და დემოკრატიულად ჩავატარეთ არჩევნები. როდესაც ევროსაბჭოში გამოვიდა სააკაშვილი, პირველი რასაც ხაზი გაუსვა იყო ის, რა დემოკრატიულად გადააბარა ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვებულ ძალას. როგორც ჩანს სააკაშვილი ნანობს ამ ნაბიჯს...
- ხელისუფლება, რომელიც არჩევნებამდე იქცეოდა საერთოდ არადემოკრატიულად, იძულებული იყო, არჩევნების შედეგებს შეგუებოდა ორი მიზეზის გამო - დაინახა, რომ ეს იყო საზოგადოების დიდი უმრავლესობის ნება, ვერდიქტი და მეორე - დაინახა, დასავლეთი ამ თამაშში მონაწილეობას აღარ მიიღებდა და აღარ დახუჭავდა თვალს გაყალბებაზე.
ასეთ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, დღეს აჰყვეს დასავლეთი სააკაშვილს ამ თამაშში, თუ ეს აღარ აინტერესებს და შესაძლებელია, ვა-ბანკზე წავიდეს?
- ვფიქრობ, ეს სცენარია ყველაზე სახიფათო. პრეზიდენტს თითზე ჩამოსათვლელი თვეები დარჩა ხელისუფლებაში, ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს ხელისუფლება და მზად არის, რომ არაფერზე დაიხიოს უკან.
არსებობს მოსაზრება, რომ თუკი სააკაშვილის პირად უსაფრთხოებას დაემუქრება რამე, მაშინ წავა ასეთი სცენარის განხორციელებაზე. უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაძლოა დაიკითხონ ჟვანიას გარდაცვალების თემასთან დაკავშირებით.
- ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია არა მხოლოდ ჟვანიას, არამედ სხვა თემებთან დაკავშირებითაც დაიკითხოს. მსოფლიოში არსებობს პრაქტიკა, როდესაც პრეზიდენტები მიბრძანდებიან დაკითხვაზე, აძლევენ ჩვენებას გარკვეულ საქმეზე, ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუ ადამიანი მართალი ხარ, მაშინ რატომ უნდა დარდობდე? თუ ყველაფერი კარგად არის, რაა სადარდებელი?
პირად უსაფრთხოებას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ არავინ არ უქმნის პრეზიდენტის პირად გარემოს რაიმე საფრთხეს, მთავარია თავად არ შეუქმნას საკუთარ თავს ეს საფრთხე...
თინა ხიდაშელი როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე ლაპარაკობდა, აღნიშნა, რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რა შეიძლება მოჰყვეს ამ უფლების გამოყენებას პრეზიდენტის მხრიდან და, რომ ეს უარეს შემთხვევაში, შეიძლება იყოს სამოქალაქო დაპირისპირება. თქვენი შეფასებით, არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე?
- ვერ ვხედავ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, რადგან ვერ ვხედავ ასეთ გამოკვეთილ მხარეებს ამ სავარაუდო დაპირისპირებისათვის. აქ არის გამოკვეთილი ერთი მხარე, რომელმაც მხარი დაუჭირა ახალ ხელისუფლებას 1 ოქტომბერს. ვინც იყო მეორე მხარე და მხარი დაუჭირა „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩემი აზრით, ბევრი დღეს იმედგაცრუებულია და გაცილებით უკეთ დაინახა, რომ ეს არ იყო სწორი არჩევანი. დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“, ივანიშვილის პოლიტიკური გაერთიანება, გაცილებით მეტ ხმას მიიღებს ვიდრე პირველ ოქტომბერს.
წესით, სააკაშვილს არც უნდა აწყობდეს, საქმე ხელახალ არჩევნებამდე მივიდეს...
- არ უნდა აწყობდეს პრაგმატულად, მაგრამ ამ პრაგმატულ გათვლებს სჭირდება გონიერება და საღი აზრი, მე კი ვატყობ, რომ ბოლო დროს საღი აზრი და გონიერება ნაკლებად არის ყოფილ ხელისუფლებაში.
როდესაც ვლაპარაკობთ გარკვეულ პრევენციაზე, არსებობს გარანტიები, რომ საფრთხეებზე ხმამაღლა ლაპარაკი აღმოჩნდეს შემაკავებელი, მით უმეტეს, სააკაშვილის ბუნებიდან გამომდინარე?
- კვლავ გავიმეორებ, რომ ეს შეიძლება იყოს გარკვეულწოლად პრევენციული ზომა, მაგრამ არასაკმარისი, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რეალური საფრთხე, რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს ქვეყანა უახლოეს ხანებში.
როდესაც ვენეციის კომისია ასე ღიად და პირდაპირ აკეთებს განცხადებას, რომ აუცილებლად მიაჩნია პრეზიდენტისთვის გაზრდილი უფლებამოსილების შეზღუდვა, ეს ნიშნავს თუ არა, რომ საქმე სერიოზულად ცუდად არის?
- პრეზიდენტ სააკაშვილს ვენეციის კომისიის დასკვნა მხოლოდ მაშინ აწყობს და უხარია, როცა სათავისოა ეს დასკვნა. როდესაც მის აზრს, მის პოზიციას ეწინააღმდეგება, მაშინ არად დაგიდევთ არც ვენეციის კომისიას და არც ერთ სხვა, რომელიმე მაღალ საერთაშორისო აზრს.
რაც შეეხება საფრთხეებს, ვფიქრობ, სააკაშვილი ყველანაირად ეცდება, როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება, თუმცა ამის არც თეორიული და არც პრაქტიკული შესაძლებლობა, არანაირი კანონიერი გზა აღარ გააჩნია. გამოდის, რომ ვიღაცამ უნდა მოიფიქროს მორიგი ავანტურა.
რა შეიძლება იყოს ეს მორიგი ავანტიურა?
- არ ვიცი, მაგრამ რა გამრუდებული აზრი არ დაიბადება იმათ თავში, ვისაც თავის დროზე არაერთი ასეთი ავანტიურა მოუფიქრებია და განუხორციელებია წლების განმავლობაში.
ვანო მერაბიშვილი და ნაციონალთა სხვა ლიდერები აცხადებენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ეს მოხდება აუცილებლად ზეწოლით. არსებობს თუ არა საფუძველი ვიფიქროთ, რომ უმცირესობის დეპუტატებზე მართლაც ხდება ზეწოლა, იმის გათვალისწინებით, რომ დეპუტატები ტოვებენ უმცირესობის რიგებს?
- არ ვიცი, ვინ რა სახის ზეწოლას განიცდის, მაგრამ ამ შემთხვევაში ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა განიცდიდეს მხოლოდ სინდისის ზეწოლას. ყველამ უნდა იგრძნოს, რა სახის პასუხისმგებლობაა ახლა ეს გადაწყვეტილება, რას ნიშნავს, ამაღლდე შენს ვიწრო პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე და გააკეთო არჩევანი ქვეყნის მომავლის სასარგებლოდ.
კარგად მახსოვს, როგორი ზეწოლა იყო ყოფილი ხელისუფლების მხრიდან სულ რამდენიმე თვის წინ ოპონენტების მიმართ. დღეს ასეთი ფაქტების შესახებ არაფერი გამიგია და თუ სადმე ვინმემ იცის, რომ ასეთი ზეწოლა ხორციელდება, მაშინ რატომ დუმან და რატომ არ ამბობენ კონკრეტულად სად რა მოხდა? კარგად ვიცი, რომ დღევანდელ ოპოზიციას არ გაუჭირდება ეს ინფორმაცია, თუკი დასაბუთებული სახით არსებობს, მიიტანოს არა მხოლოდ დასავლელ პარტნიორებთან, არამედ ობიექტურ მსაჯულამდე განსასჯელად. როგორც ჩანს, არის მხოლოდ განცხადებები, არის მხოლოდ გამუქება ამ სიტუაციისა და სხვა არაფერი. თორემ თუ იქნება ასეთი ფაქტები, არა მხოლოდ ოპონენტებმა არამედ, ჩვენც, საზოგადოებამაც უნდა ავიმაღლოთ ხმა. მაგრამ ამის შესახებ არაფერი გამიგია და თუ ვინმე მეტყვის, მეც შევუერთებ ჩემს ხმას. ვიღაცას ავიწყდება, რომ ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც საქართველოში შექმნა ზეწოლის და წარმოუდგენელი წნეხის მექანიზმი.
რაც შეეხება უმრავლესობას, რას ისურვებდით, რომ მოახერხოს, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩათვალოს პრევენციად თუ გააგრძელოს ოპონენტების დარწმუნება, რომ ეს მართლაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა?
- ვისურვებ, მშვიდად და წყნარად გააგრძელოს ქვეყნის მართვა. ეს კონკრეტული ცვლილება შევა თუ არა კონსტიტუციაში, ამის მიუხედავად, მტკიცე ნაბიჯებით გააგძელონ იმ დაპირებების შესრულება, რაც მივიღეთ არჩევნებამდე და არავის დაგვავიწყდეს, რა იყო უმთავრესი დაპირება - სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში, სამართლიანობის აღდგენას ემსახურება ეს საკონსტიტუციო ცვლილებებიც და სხვას არაფერს. უსამართლობაა, როდესაც პრეზიდენტს გააჩნია ასეთი ძალაუფლება და ეს ის პრეზიდენტია, რომელიც საკუთარი პოლიტიკური მომავლის გამო ნებისმიერ უხერხულ ნაბიჯს გადადგამს.